თბილისის ცენტრში მომხდარი მკვლელობა: რისთვის გაიმეტეს 25 წლის უფლებადამცველი

2018-10-12 16:51:02
822

„ჩართულობის და განვითარების ცენტრისა“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, 25 წლის უფლებადამცველის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული ორივე პირი ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია. ორგანიზაციებისვე ცნობით, მკვლელობის თვითმხილველების ამბობენ, რომ კონფლიქტის დროს საუბარი სამშობლოსა და ქართველობას ეხებოდა. ამის გათვალისწინებით, აღნიშნული ორგანიზაციების წევრები ფიქრობენ, რომ ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა, სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე განხორციელდა, რაც უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს გულისხმობს. რაც შეეხება უშუალოდ კონფლიქტს, „ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთ–ერთი მიზეზი შესაძლებელია, ის გარემოება გამხდარიყო, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს სახელმწიფო ენაზე არ ესაუბრებოდა.

„ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, საფაროვის ახლო მეგობარი აგიტ მირზოევი დარწმუნებულია, რომ ვიტალი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი გახდა:

„თავად ვაწარმოეთ თვითმხილველების გამოკითხვა და, მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, ნამდვილად არსებობს საფუძველი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს. აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-მუხლით ჩადენილი დანაშაული. კერძოდ, ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე. ჩვენ გვაქვს ორი მოთხოვნა. პირველი, ეს იყო ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული და მეორე, იყო სიძულვილით მოტივირებული, რაც ჩვენი კანონმდებლობით არის დამამძიმებელი გარემოება“.

ამასთან, როგორც ზემოთაღნიშნული ორგანიზაციების წევრები ამბობენ, დამოუკიდებელი ძიების პროცესში გამოიკვეთა შემაშფოთებელი გარემოებები. კერძოდ, უფლებადამცველების განცხადებით, მკვლელობის მოწმეებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ არაერთხელ შეატყობინეს საინფორმაციო ცენტრ 112-სა და კრიმინალურ პოლიციას დაკავებული ბრალდებულების მიერ ჩადენილ მსგავს ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ შეტყობინებები პოლიციამ რეაგირების გარეშე დატოვა.

“შემაშფოთებელია, რომ ბრალდებულების მიერ სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი აქტები აქამდე რეაგირების გარეშე რჩებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქსენოფობიური, ფაშისტური ჯგუფების აქტიურობა და სიძულვილის გაღვივება დღეისათვის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს,” – აცხადებს HRIDC.

შეგახსენებთ, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს  განზრახ მკვლელობას (დამამძიმებელი გარემოებების გარეშე), ხოლო მეორე დაკავებულს ბრალი ამავე კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

„ჩართულობის და განვითარების ცენტრი“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევენ, რომ საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს. არასამთავრობოები მოუწოდებენ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ყურადღება გაამახვილოს და უზრუნველყოს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აწარმოოს შესაბამისი კვალიფიკაციით – სსკ–ის 109 მუხლით, ვინაიდან, მათი შეფასებით, აშკარაა, რომ მკვლელობა ჩადენილია ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო. არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს მკვლელობის მოტივი, რაც ხელს შეუწყობს სრულყოფილი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას. თავის მხრივ საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში მუხლი გადაკვალიფიცირდება.

ცნობისთვის: 2018 წლის 30 სექტემბერს 25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი დიუმას ქუჩაზე მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართულობის და განვითარების ცენტრში” მუშაობდა.  მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

30 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა მოკლული საფაროვის დედის მარინა ალანაკიანის მიმართვა:

რამ მიიყვანა სიკვდილამდე ჩემი შვილი? სამართალდამცავი ორგანოების გულგრილობამ იმ სხვადასხვა ფაშისტური დაჯგუფებებისადმი, რომლებიც ქადაგებენ სიძულვილის იდეოლოგიას. თუკი ახლავე არ დავიწყებთ მათთან ბრძოლას, მსხვერპლი გაიზრდება და დადგება დრო, როცა მოგვიწევს ვაღიაროთ, რომ თავად ჩვენ არაფერი ვიღონეთ იმისათვის, რომ არ მოეკლათ ჩვენი შვილები იმ ქალაქის ქუჩებში, რომლებიც მათ ასე უყვარდათ. ახლა ძალიან მიჭირს წერა, მაგრამ გადავწყვიტე დავიწყო ბრძოლა და მგონია, რომ ყველა ოჯახი, ყველა დედა გამიგებს და გვერდში დამიდგება. ჩვენ შვილები გვყავს. ვინ იქნება შემდეგი?“ 

2018 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩადენა 95 სისხლის სამართლის საქმეში გამოიკვეთა, მათგან 80 სქესის/გენდერის ნიშნით; 11  – სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ნიშნით; 4 საქმეში გამოძიებამ ეთნიკური და რასობრივი შეუწყნარებლობის ნიშნები დააფიქსირა