ირაკლი ტაბლიაშვილი თავდაცვის ექს–მინისტრ დიმიტრი შაშკინს პასუხობს

2018-10-11 17:16:26
388

ჟურნალისტი, პოლიტიკური მიმომხილველი ირაკლი ტაბლიაშვილი საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრ დიმიტრი შაშკინის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და მათ „ბოდვად“ აფასებს:

„შაშკინის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ხელისუფლებამ [საქართველოს მოქმედი ხელისუფლება] სამხედრო ბაზაზე საარჩევნო უბნები გააუქმა და ყველაფერს აკეთებს, რომ სამხედროებს საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა/საშუალება არ ჰქონდეთ... მეტიც, შაშკინის თქმით, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ეუბნებიან, თუ მათ არჩევანის გაკეთება სურთ, უნდა გამოცხადდნენ იქ, სადაც არიან ჩაწერილნი, თუმცა, იმავე დღეს უნდა დაბრუნდნენ უკან - ნაწილში.

რეალურად კი სულ სხვა სურათია. რამდენადაც ჯარი პოლიტიკისაგან თავისუფალია, ანუ, დეპოლიტიზებულია, სამხედრო მოსამსახურეები არ უნდა განიცდიდდნენ ზეწოლას არავის მხრიდან მათ შორის – არც მმართველი ძალის მხრიდან. ზეწოლის ბერკეტი ან, გნებავთ, საშუალება იყო სწორედ ის, რომ სამხედრო ნაწილებში იყო გახსნილი საარჩევნო უბნები. აქედან გამომდინარე, სამხედროები, გაცილებით იოლად ასრულებდნენ უკანონო ბრძანებებს და არჩევანს არა მათი გულისძახილის, არამედ, სხვათა კარნახით აკეთებდნენ.

დღეს (სხვათა შორის, არასამთავრობოების ძალისხმევის შედეგად და პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით) ასე აღარაა - ჯარისკაცები არჩევნებში მონაწილეობენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს,რომ ნაწილიდან საარჩევნო უბანში სამხედრო მოსამსახურეები გადიან როტაციით (ისე, რომ ნაწილი არ ცარიელდება), შემდგომ კი (უმრავლეს შემთხვევაში სწორედ იმავე დღეს, რაც სწორია) ბრუნდებიან ამავე ნაწილში. თუ ვინმე, როგორც ამომრჩეველი, ცხოვრობს შორს (პირობითად, მარნეულში მოსამსახურე ცხოვრობს მესტიაში), ის, როგორც ამომრჩეველი, გადაწერილია ახლომდებარე (ამ შემთხვევაში, მარნეულის) საარჩევნო რომელიმე ოლქში.

გარდა ამისა შაშკინი ირწმუნება, რომ ავღანეთიდან ვადამდელი როტაცია დაიწყეს. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, შეიარაღებული ძალების კონტიგენტი იყოს გზაში და ვერ მოახერხოს ხმის მიცემა, როცა ავღანეთის კონტიგენტში ხმის მიცემის კენჭისყრა დადგება.

ექს–მინისტრის ეს განცხადებაც ბოდვაა. შეიარაღებული ძალების სამხედრო კონტიგენტის როტაცია არ უკავშირდება და არც შეიძლება, უკავშირდებოდეს (საერთაშორისო შეთანხმებების და ვალდებულებების გათვალისწინებით) არჩევნებს ან რომელიმე სხვა შიდა პროცესს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ავღანეთში გაემგზავრა სამხედროთა კიდევ ერთი კონტიგენტი, რომელიც სპეციალურ უბნებში დააფიქსირებს არჩევანს, ხოლო დაბრუნებულები, შესაბამისად, საქართველოში გახსნილ უბნებში გამოცხადდებიან, ცხადია, სურვილის მიხედვით.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მორიგი განცხადება იარაღის შესყიდვებს უკავშირდება. შაშკინის თქმით, თავდაცვის სამინისტრო ყიდულობს იარაღს, რომელიც არ სჭირდება და უარს ამბობს იმ იარაღზე, რომელსაც გვჩუქნიან.

ჩემი აზრით, ეს ყველაზე მძიმე და, ამავდროულად, აბსურდული განცხადებაა. საქართველოს თავაცვის სამინისტროს, ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) აზრით, სჭირდება მეტი იარაღი და მეტი ბიუჯეტი. ადრე, წლების წინ (მაგალითად მაშინ, როცა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" მქონდა საავტორო გადაცემა) არაერთხელ გამიკრიტიკებია კონკრეტული უწყება და ზოგადად მთავრობა, აღვნიშნავდი, რომ პერსონალური ხარჯი არის 80 %, ხოლო სხვა ხარჯი (მათ შორის შესყიდვებისა) არაუმეტეს 15 %-სა და ეს იყო ძალიან ცუდი. (ობიექტურობისათვის ვიტყვი, რომ ყველა მინისტრი უარყოფდა ამ შეფარდებას). ახლა, რამდენადაც ვიცი, პერსონალური ხარჯი 53 %– ია (და სტანდარტებს აკმაყოფილებს), შეიარაღების შესყიდვაზე იხარჯება მინიმუმ, 16% და მაქსიმუმ, 21% (რაც ასევე აკმაყოფილებს სტანდარტებს) და მშპ-ს 2% კი არის ბიუჯეტი (რაც NATO-ს სტანდარტია). ეს კარგია.

ამავე დროს, ისიც ფაქტია, რომ ჩვენ უკვე გვაქვს წვდომა იარაღის ბაზაზე და ამ პროცესში დიდი წვლილი შეიტანეს ბ-ნმა ალასანიამ და ქ-ნმა ხიდაშელმა, აგრეთვე, ბ-ნმა იზორიამ (ვერაფრით დავასახელებ ბ-ნ ჯანელიძეს)... და კიდევ ვიტყვი, რომ იარაღის ნებისმიერი შესყიდვა ან საჩუქრად მიღება  ჩვენს პარტნიორებთან თანხმდება და დაფუძნებულია ექსპერტიზაზე და საჭიროებებზე... შესაბამისად, ურტყამს რა თავდაცვის უწყებას, ბ-ნი შაშკინი, უნებურად ურტყამს მაგალითად ამერიკელებსაც“.