"რიტორიკულად თუ დეკლარირებულად ყველა აღიარებს, რომ ერგნეთისა და გალის შეხვედრები უნდა შენარჩუნდეს"

2018-10-11 11:18:57
152

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, "რიტორიკულად თუ დეკლარირებულად ყველა აღიარებს, რომ ერგნეთისა და გალის შეხვედრები უნდა შენარჩუნდეს".

„დღეს ორივე მექანიზმი ანუ ერგნეთისა და გალის მექანიზმები საფრთხის ქვეშ არის. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი ეს იყო, რომ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც წვლილი შეაქვს ადგილზე შედარებითი სტაბილურობის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა დავით დონდუამ "პირველ არხთან" საუბრისას.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მხრიდან სრული ერთსულოვნებაა.

„კონკრეტულ შედეგს ვერ გეტყვით, რადგან კონკრეტული შედეგი არ დამდგარა. ერთი, რაც იმედს გვაძლევს, ის არის, რომ რიტორიკულად თუ დეკლარირებულად ყველა აღიარებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმები და უნდა შენარჩუნდეს. ზოგიერთების ამ რიტორიკის უკან ჩვენ ვერ ვხედავთ ბოლომდე რეალურ მზაობას, რადგან მექანიზმებს იყენებს შანტაჟისთვის, პროვოკაციებისთვის, თემის პოლიტიზირებისთვის და ეს ხელს უშლის პროცესს. გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, ვერც კარგს და ვერც ცუდს. მე მაინც მაქვს იმედი, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ამ მექანიზმების მუშაობას ხელი აღარ შეეშლება“, – დასძინა დავით დონდუამ.

ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე კონკრეტული შეთანხმება არ მიღწეულა. შესაბამისად, როდის გაიმართება გალისა და ერგნეთის შეხვედრები ჯერ–ჯერობით უცნობია.