გალისა და ერგნეთის შეხვედრების ბედი ჯერ–ჯერობით უცნობია

2018-10-11 11:17:29
251

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე კონკრეტული შეთანხმება არ მიღწეულა. შესაბამისად, როდის გაიმართება გალისა და ერგნეთის შეხვედრები ჯერ–ჯერობით უცნობია.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების საკითხთან დაკავშირებით ძალიან რთულია კონკრეტული პასუხის გაცემა, თარიღთან და შეხვედრასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით შეთანხმება არ არის. ვფიქრობ და იმედი მაქვს, არსებობს სივრცე კომპრომისის მისაღწევად და გალისა და ერგნეთის შეხვედრების გასაგრძელებლად. ასე გეტყოდით, ერთმა მხარემ უნდა შეარბილოს საკუთარი რიტორიკა. არ მინდა, კონკრეტულად ლაპარაკი, მაგრამ როდესაც ისმის მუდმივად ლაპარაკი სანქცირებულ პირთა სიაზე, ამ სიაში ხვდებიან ოფიციალური პირები, ისმის დაღუპულთა გვარები ტატუნაშვილი-ოთხოზორია, ამ ყველაფერს ვითარება მაშინვე ჩიხში შეჰყავს. ეს საკითხი, როგორც ერთ-ერთი საკითხი ისე უნდა განვიხილოთ და არ არის საჭირო ყველაფერი ულტიმატუმის მსგავს საქციელს დაუკავშირდეს. ეს არ უნდა იყოს წინაპირობა. უნდა მოხდეს შეხვედრა და ერთ-ერთ საკითხად იყოს განხილული“, – განუცხადა „პირველ არხს“ გრიგორი კარასინმა.