პუტინი ახალი, უვადო თანამდებობისთვის - «ერის ლიდერობისთვის» ემზადება

2018-10-10 17:26:57
708

რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მისი რიგით მეოთხე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა, ახალ – არაარჩევით, სამუდამო თანამდებობაზე - «ერის ლიდერად» ვიხილოთ.

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს უცვლელ თავმჯდომარე ვალერი ზორკინ, რომელსაც ეს უწყება უკვე 17 წელია (თითქმის იმდენივე, რამდენიც პუტინს – ქვეყანა), აბარია, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების პროექტი უკვე მზად აქვს.

პუტინის «ერის ლიდერად» ხილვის პერსპექტივამ, რომელმაც ჯერ დახურულ სოციალურ ჯგუფებში გაიჟღერა, ხოლო ზორკინის მიერ განსაჯაროებულ პროექტში ირიბი სახით არის ჩადებული, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

პუტინის საკონსტიტუციო პერსპექტივები

 მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პუტინმა ეს თანამდებობა ყველა შემთხვევაში უნდა დატოვოს.

თუ ვივარაუდებთ, რომ მას რუსეთის მართვის სადავეებთან დარჩენა სურს, პუტინმა პრეზიდენტის სავარძელი ან “მემკვიდრეს” უნდა დაუთმოს, როგორც ერთხელ უკვე გააკეთა – განახორციელა რა 2008 წელს პოლიტიკური “როქი” იმხანად პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევთან, ან რაღაც სხვა – საგანგებოდ მისთვის შექმნილი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა უნდა მიიღოს.

რუსეთის მოქმედი კონსტიტუციის ისტორია და ახლის მიღების პირობები

რუსეთის ფედერაციის მოქმედი კონსტიტუცია 1993 წლის 12 დეკემბერს იქნა მიღებული.

ახალი კონსტიტუციის მისაღებად აუცილებელია რეფერენდუმი ან საკონსტიტუციო კრების მოწვევა, რომლის შესახებ კანონიც, 1993 წლიდან მოყოლებული, რუსეთში ვერა და ვერ მიიღეს.

კონსტიტუციაში ცვლილებების ნაწილი შეიძლება, სახელმწიფო სათათბიროს მიერაც იქნას შეტანილი, თუმცა ამისათვის რეგიონული პარლამენტების 2/3-ის თანხმობაა საჭირო.

ზორკინის პროექტის არსი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარესაკონსტიტუციო რეფორმის პროექტი ამ დღეებში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში წარმოადგინა.

ზორკინი განმარტავს, რომ რუსეთის მოსახლეობას "სამართლიანობისა და საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევის საკონსტიტუციო გზებს” სთავაზობს და შემდეგი არგუმენტაცია მოჰყავს:

"თუ საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსული მრავალრიცხოვანი საჩივრებით ვიმსჯელებთ, რუსულ საზოგადოებაში დაძაბულობის მთავარი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაუჭრელობაა, მათ შორის – მოქალაქეთა სოციალური უფლებების არასაკმარისი დაცულობა. მრავალრიცხოვანი სოციოლოგიური კვლევები მოწმობს, რომ სოციალური დაძაბულობა მწვავდება მოსახლეობის გადაღლით 30-წლიანი რეფორმირებითა და უპრეცედენტო, საერთაშორისო ნორმების დამრღვევი სასანქციო ზეწოლით აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მხრიდან".

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსახლეობას შემდეგ გამოსავალს სთავაზობს:

- “აუცილებელია სამართლებრივი თეორია, რომელიც ინდივიდუალური თავისუფლებისა და სოციალური სოლიდარობის იდეების სინთეზს უზრუნველჰყოფს” (ეს, მისი აზრით, “ყველაზე მეტად შეესაბამება რუსი ხალხის მენტალობას”);

- “სამართლიანობის აღქმისადმი ლიბერალურ-ინდივიდუალისტური მიდგომის კორექტირება” (“ეს თავად სამართლის ცნებას სოლიდარიზმის იდეებით გაამდიდრებს").

შემდეგ ზორკინი პოლიტიკური მოწყობის საკითხებზე გადადის და წერს, რომ "ლიბერალური წარმოდგენილობითი დემოკრატიის ამჟამინდელი მოდელი, რომელიც დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნების უმრავლესობისთვის, როგორც ევროპისა და ამერიკის წამყვანი პოლიტოლოგები აღიარებენ, აშკარად ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს".

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე “რუსეთის საკონსტიტუციო იდენტურობის” თემასაც ეხება, რომელიც, მისი შეფასებით, "ადამიანის უფლებების აღქმის საკითხებზე მოქალაქეთა საზოგადოებრივი თანხმობის შედეგს ასახავს" და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ "ეს თანხმობა სხვადასხვა სახელმწიფოებში სოციოკულტურული სპეციფიკით ხასიათდება".

საბოლოო ჯამში, ზორკინი გამოდის ინიციატივით, "რუსი ხალხისთვის დამახასიათებელი კოლექტივიზმი, რომელიც, შეიძლება, ითქვას, გამოიბრძმედა მკაცრ ბუნებრივ პირობებში, დაუსრულებელ თავდაცვით ომებში, მრავალი ერისა და ეროვნების საკუთარ მიწაზე ერთიანი ბედით გაერთიანების აუცილებლობაში, დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს საკონსტიტუციო პრინციპების საფუძველზე შეერწყას კონკურენტული პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებას".

ზორკინის «პირადი ხედვა», თუ კრემლის მიერ ნიადაგის მოსინჯვა?

ხმები იმის შესახებ, რომ კრემლი პუტინის უვადო მმართველობის უზრუნველსაყოფად საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს განიხილავდა, ჯერ კიდევ წლევანდელ (მარტი) საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაჩნდა. რამდენიმე ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ინფორმაცია რუსეთში საკონსტიტუციო რეფორმის მზადების შესახებ:

"რუსეთის კონსტიტუციის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტმა პუტინმა შესაძლოა, საკონსტიტუციო რეფორმის ინიცირება მოახდინოს, რომელსაც ფედერალური კრება ახალ წლამდე გააფორმებს. რეფორმა ხელისუფლების ახალი საკონსტიტუციო მოდელის ჩამოყალიბებისა და პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების გამოცხადების შესაძლებლობას შექმნის".

გავიდა მცირე ხანი – შფოთიანი რამდენიმე თვე და გამოჩნდა ზორკინის პროექტი.

მისი განსაჯაროებისას ავტორმა განმარტა, რომ ეს არის «ხელისუფლების პასუხი საშიშ მოწოდებებზე კარდინალური საკონსტიტუციო რეფორმისადმი, რომელიც თავის თავში მკვეთრი სოციალურ-პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხეს მოიცავს».

თუმცა დღეს ამ პროექტის ირგვლივ აგორებულ სკანდალს კრემლი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს “ზორკინის პირადი ხედვაა და არა ხელისუფლების”.

ექსპერტებს კრემლის ცრემლების არ სჯერათ

თუმცა ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ მსგავსი პროექტების “შემოგდებით” კრემლი საზოგადოების რეაქციას ეცნობა და “ნიადაგს სინჯავს”.

პუბლიცისტი ნიკოლაი პოდოსოკორსკი:

 

იმ ვერსიას, რომ 75 წლის ვალერი ზორკინი, რომელიც უკვე 17 წელია, საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობს, რეალურად არის განწყობილი არსებული პოლიტიკური რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის, მხოლოდ მიამიტი თუ დაიჯერებს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში ზორკინმა რუსეთში თავისუფლების გაფართოების წინააღმდეგ გაილაშქრა: “ჭარბი თავისუფლება საზოგადოების ნორალურ საფუძვლებს არყევსო”. უფრო ადრე, 2014 წელს მანბრძანა: “თავის დროზე გლეხებისთვის პირადი თავისუფლებების მინიჭება დიდი შეცდომა იყო და, საბოლოო ჯამში, რევოლუციას შეუწყო ხელიო”, მოგვიანებით კი რუსეთის მოქალაქეების სოციალური უფლებების შეზღუდვის ინიციატივა გააჟღერა: ეს “საერთო სიკეთის საკონსტიტუციო ფასეულობების დაცვისათვის არის აუცილებელიო". მერე ისიც დაამატა, “კონსტიტუციის მე-7 მუხლით მოცული “სოციალური სახელმწიფოს ცნება სხვა მუხლებში იმგვარადაა გაშლილი, რომ სულაც არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ყოველი მოქალაქის სასიცოცხლო მოთხოვნილებები დააკმაყოფილოსო". იმავე წლის მაისში ზორკინმა გააკრიტიკა უფლებადამცველებიც და განაცხადა, რომ “ადამიანის უფლებების დაცვა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს სახელმწიფო სუვერენიტეტსა და საზოგადოების რელიგიურ იდენტურობას”.

ერთი სიტყვით, ბოლო წლებში ზორკინმა ბევრი რამის თქმა მოასწრო და მისი მხრიდან რუსეთში ახალი რევოლუციის საფრთხეების შეხსენება შეიძლება, მხოლოდ ერთს ნიშნავდეს: ნებისმიერი ცვლილება კონსტიტუციაში უცილობლად დაარტყამს რუსეთის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების ნარჩენებს და მიმართული იქნება შერყეული რეჟიმის მომძლავრებასა და საპროტესტო განწყობების ჩახშობაზე”.

ისტორიკოსი ივან კურილა:

"როგორც ჩანს, ცვლილებები პუტინის უვადო მმართველობის უზრუნველსაყოფად მზადდება. ამასთანავე, სრულიად შესაძლებელია, დაანაკუწონ [კონსტიტუციის] ლიბერალური ნაწილი – უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. და, თავისთავად ცხადია, მიაყოლებენ საერთაშორისო შეთანხმებების პრიორიტეტულობასაც.

თუ წინა წლების გამოცდილებით ვიმსჯელებთ, ამ საკონსტიტუციო სპეცოერაციაში შეჩერებასა და კრიტიკისთვის ანგარიშის გაწევას არავინ დაიწყებს. თან ვითარებაც სხვაგვარია, - ახლა რეჟიმი სერიოზულად რისკავს და ვფიქრობ, თავადაც ვეღარ აკეთებს ჯეროვნად გათვლებს: გავა ვინმე ქუჩაში თუ არა? დაიწყება ჯანყი ელიტაში თუ არა?... შესაძლოა, არც არაფერი მოხდეს, თუმცა დღევანდელ ვითარებაში რთულია, ამაში დარწმუნებული იყო”.