ინგუშები არ ნებდებიან, პროტესტს დაღესტანშიც ელიან

2018-10-10 14:11:17
844

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ინგუშეთში მიმდინარე აქციების საფუძვლებზე, მის ხასიათსა და შესაძლებლობებზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კავკასიოლოგი აღნიშნავს, პროტესტი ახალი არაა, თუმცა ის ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის მიწების გაცვლის თაობაზე მოულოდნელად, მოქალაქეების აზრის გაუთვალისწინებლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ გააღვივა და ინფორმაცია სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით ოპერატიულად გავცელდა: 

 

 

 „1. ეს პროტესტი დღეს არ დაწყებულა. მას საფუძველი ჩაეყარა 2009 წელს, როდესაც ინგუშეთის მეთაურმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა ჩრდილო ოსეთის სასარგებლოდ საჯაროდ უარი თქვა პრიგოროდნის რაიონის დაბრუნებაზე. ამ პერიოდიდან იწყება ისეთი ორგანიზაციების აქტიურობა როგორიც არის "ოპორა ინგუშეტიი". ასევე, იმ დროიდან სტრუქტურულად ჩამოყალიბდა თეიპების (საგვარეულოების) საბჭო. უკმაყოფილება ევკუროვის მიმართ იზრდებოდა და მიწების გადაცემამ დააჩქარა პროცესი.

 
2. ინგუშურ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია რამზან კადიროვთან დადებული ხელშეკრულება მიწების გაცვლის თაობაზე, რომელსაც მათი აზრით, საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე, ფარულად და ფორსირებულად მოეწერა ხელი. მეტიც, ინგუშეთის პარლამენტის ზოგიერთმა დეპუტატმა საერთოდ უარყო ხმის მიცემაში მისი მონაწილეობა. ასევე, ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ევკუროვი ხელშეკრულებამდე აცხადებდა, რომ მოხდებოდა თანაბარი ტერიტორიების გაცვლა, სინამდვილეში კი ჩეჩნეთმა ინგუშეთისგან მიიღო 20 ათასი ჰექტარი, ხოლო ინგუშეთმა ჩეჩნეთისგან კი 1500 ჰექტარი.

3. ამ პროცესებში არსებობს სამი განზომილება. ა) მოსკოვისა და რეგიონების ურთიერთობა. ბ) რეგიონალური ლიდერების, კადიროვისა და ევკუროვის ურთიერთობა. გ) ადგილობრივი სოფლებისა და ქალაქების საზოგადოებების ურთიერთობა. მოსკოვი ბოლო წლებში ცდილობს ჩრდილო კავკასიაში გარე მმართველობა (ეწ внешнее правление) შემოიღოს, რაც ჩრდილო კავკასიაში ფედერალური ცენტრის ფუნქციების ზრდას ითვალისწინებს. მაგალითად, დაღესტანში რესპუბლიკის მეთაურად პირდაპირ რუსი ვასილიევი დანიშნეს. მსგავსი პროცესები იკვეთება სხვა რესპუბლიკებშიც. ჟირინოვსკის პირით ასევე მოხდა "კავკასიის ოლქის" შექმნისა და რესპუბლიკების გაუქმების იდეის ზონდაჟი. ამას დაუმატეთ კავკასიური ენებისთვის სკოლაში სავალდებულო სტატუსის მოხსნა. რაც შეეხება კადიროვს, ის არის ფედერალური მასშტაბის ფიგურა. გარდა საკუთრივ ჩეჩნეთისა, პუტინმა ფაქტობრივად ჩააბარა კადიროვს მთელ რუსეთში ორგანიზებული კრიმინალი და ნელ-ნელა კადიროვის ზონდერებით ხდება არაფრის მაქნისი კანონიერი ქურდების ჩანაცვლება. რაც შეეხება ევკუროვს, მართალია ის ხელახლა გადაირჩიეს, მაგრამ ის არ გადაურჩევია ხალხს და მას აქვს ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია. რაც შეეხება ინგუშ ხალხს, მან ძალიან მტკივნეულად აღიქვა აღნიშნული გადაწყვეტილება და არნახული თვითმობილიზაცია გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ინგუშურმა სამართალდამცავებმა რესპუბლიკაში არ შემოუშვეს როსგვარდიის ზონდერები და სპეცრაზმი.

4. მიტინგის მობილიზაციაში დიდი როლი შეასრულეს თეიპებმა და მათმა უხუცესებმა. ასევე, ძალიან აქტიურად მუშაობდა სოციალური მედია და ფეისბუქით, ვოცაპითა და ტელეგრამით ხდებოდა ინფორმაციის ოპერატიული გავრცელება და მომიტინგეთა მობილიზება. მიტინგებს ფინანსურად გვერდში უდგას ინგუშური ბიზნეს ელიტა და ძლიერი საგვარეულოები. მაგალითად ის ხალხი, ვინც საქმიანობს ოქროსა და ნავთობის ბიზნესში. აგრეთვე, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ერთ-ერთი ორგანიზატორი ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, ვინც გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა.

5. ეს მიტინგები არ არის ჩეჩნურ-ინგუშური დაპირისპირება. ის უფრო შეიძლება შევადაროთ ანტიკოლონიურ აქციებს, რადგანაც მომიტინგეთა მხრიდან კადიროვი აღიქმება არა როგორც ჩეჩენი ერის ლიდერი, არამედ როგორც კრემლის სადამსჯელო ბერკეტი. მომიტინგეთა განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ როდესაც მომიტინგეებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა რუსეთის ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში წარმომადგენელი ალექსანდრე მატოვნიკოვი, მას თან ახლდა კადიროვის ზონდერი და ჯალათი, მაგომედ დაუდოვი, მეტსახელად "ლორდი". ჯერჯერობით მოსკოვი აქტიურად არ ერევა მოვლენებში.

6. ინგუშეთის მიტინგებს წინ უძღოდა სხვა სახალხო მობილიზაციის ფაქტები. პირველი იყო რუსი სამხედრო დამნაშავე გენერალ ბუდანოვის მკვლელის, ჩეჩენი იუსუფ ტემირხანოვის დაკრძალვა, რომელსაც სხვადასხვა მონაცემებით 100 ათასი ადამიანი მთელი კავკასიიდან დაესწრო. მეორე იყო შეტაკება ჩერქეზებსა და ბალყარელებს შორის შეტაკება სოფელ კენდელენში. მესამე კი ინგუშეთის მოვლენები. სამივე მოვლენისას დიდი როლი ითამაშა სოციალურმა მედიამ. ასევე, მოსალოდნელია პროტესტი დაღესტანში, სადაც ფსბ-ს მიერ მოკლული ორი ახალგაზრდა მწყემსის (ტერორისტებად მიიჩნიეს) მამა, მურთაზალი ჰასანსუსეინოვი ჯერ–ჯერობით 1–კაციან პიკეტებს აწყობს პროკურატურასთან, მაგრამ არის მოლოდინი, რომ მის ამ აქტიურობასაც მოჰყვეს საპროტესტო ტალღა“,– წერს კვახაძე.