რამ «დაავიწყებინა» ცხინვალს ოთინაშვილისთვის წაყენებული მეორე ბრალდება

2018-10-10 13:09:28
612

10-დღიანი ტყვეობის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ 9 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე, 37 წლის მაია ოთინაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლა. მასთან ერთად ციხიდან გამოუშვეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – 50 წლის აკაკი დოთიაშვილი. ოკუპანტების მიერ გატაცებული ორივე მოქალაქე იმავე დღეს ერგნეთში ქართულ მხარეს გადმოსცეს და ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ.

«როდესაც ძალით წამიყვანეს, თვალები ამიკრეს. თავადაც ნიღბები ეკეთათ. ჯერ ბაზაზე მიმიყვანეს, მერე - ცხინვალში. დაკითხვა ხანმოკლე იყო. მოჰქონდათ რაღაც ქაღალდები, რუსულად დაწერილი და ხელს მაწერინებდნენ. რუსული კარგად არ მესმის და არც ვიცოდი, რას ვაწერდი ხელს. სასამართლოში იმათ დაუჯერეს, ვინც გამიტაცა, მომისაჯეს ერთი თვე. დღეს ისევ გადამიყვანეს სასამართლოში და უკვე ერთი წელი მომისაჯეს პირობითი, 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით. ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში იგივე «დანაშაული» არ უნდა გავიმეორო, თორემ ერთი წლით ჩამსვამენ. არადა, მე ხომ ჩემს ტერიტორიაზე ვიყავი, როცა გამიტაცეს, ისინი კი ამბობენ, «დანაშაული ჩაიდინეო» - უამბო გათავისუფლებულმა ოთინაშვილმა ჟურნალისტებს.

თუმცა 29 სექტემბერს ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთში, ე.წ. გამყოფი ზოლიდან 50 მეტრში მდებარე კერძო საკარმიდამო ნაკვეთიდან გატაცებულ ქართველ ქალბატონს მხოლოდ “საზღვრის უკანონო კვეთას” როდი ედავებოდნენ: იყო მეორე – უფრო მძიმე ბრალდებაც, კერძოდ - “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში საქართველოს მოქალაქეების დახმარება ანგარების მიზნით".

მართალია, ოსურ მედიას ახალგორის დე ფაქტო რაიონული სასამართლოს მოსამართლის ბოლო გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებში ამ მეორე ბრალდების შესახებ სიტყვაც აღარ უხსენებია, მაგრამ ცხინვალელი ჩინოსნები, ახლა უკვე პირად საუბრებში, ძალოვანების მოხსენებებზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ მაია ოთინაშვილი ამ საქმიანობით ბოლო ორი წლის განმავლობაში რეალურად იყო დაკავებული: გარკვეული თანხის სანაცვლოდ მსურველ მოქალაქეებს ხურვალეთში, მისი მშობლების საკარმიდამო ნაკვეთის ღობეში არსებული ხვრელიდან რეგულარურად აპარებდა. ამასთან, როგორც ცხინვალში ამბობენ, ეს დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რადგან ოკუპანტები ოთინაშვილს უთვალთვალებდნენ.

ყველა შემთხვევაში, ოსი ძალოვანებისა და რუსი ოკუპანტების ქმედებები მინიმუმ, არათანმიმდევრულად გამოიყურება: თავდაპირველად ახალგორის რაიონულმა სასამართლომ ოთინაშვილს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რაც წესით, იმას უნდა გულისხმობდეს, რომ ჩატარდებოდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და საქმეს რაიმე სამართლებრივი გაგრძელება ექნებოდა… თუმცა შემდეგ რაღაც შეიცვალა: ოთინაშვილი ჯერ ადგილობრივ ჟურნალისტებს უჩვენეს, ხოლო შემდეგ უფრო მძიმე ბრალდება საერთოდ “გააქრეს” და მალევე პირობით გაათავისუფლეს. ანუ, ამ მოკლე – 10-დღიან პერიოდში გამოძიებაც დასრულებულა და სასამართლოსაც ამოუწურავს თავისი როლი…

რა პროცესები განვითარდა ამ საქმის ირგვლივ ცხინვალში რეალურად, ალბათ, მომავალში გავარკვევთ, თუმცა ოსური სასამართლოს მიერ ოთინაშვილისთვის პირობითი მსჯავრის შეფარდების ფაქტის ახსნა არც დღესაა რთული: პირობითი სასჯელი, ერთის მხრივ, ქალბატონის გათავისუფლების საშუალებას იძლეოდა, ხოლო მეორეს მხრივ, ქმნიდა სურათს, რომ ცხინვალმა “არ დათმო”: “ოთინაშვილი დამნაშავეა, ჩვენი ძალოვანები – მართლები და, შესაბამისად, პრეტენზიებს ნურავინ წაგვიყენებსო”.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ 1) საქართველოს მოქალაქე ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაა გატაცებული, ამდენად, ოკუპანტების ქმედებას გამართლება არც ერთ შემთხვევაში არ აქვს; 2) დე ფაქტო ხელისუფლებამ ოთინაშვილისთვის წაყენებული მეორე – უფრო მძიმე ბრალდება «დაივიწყა» და ქართველი ქალბატონის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ქართული და ოსური მხარეები მეორე პუნქტს განსხვავებულ ახსნას უძებნიან.

საქართველოს ორი გათავისუფლებული მოქალაქის სამშვიდობოს გადმოსვლის შემდეგ მთელი ქართული მედია წერდა, რომ მათ დახსნაში გადამწყვეტი როლი ქართველმა და ოსმა სპორტსმენებმა – ფეხბურთელებმა და მოჭიდავეებმა შეასრულეს, - სწორედ იმ მოჭიდავეებმა, რომელთაც იგივე მედია ცოტა ხნის წინ თედეევის გამოსახულებიანი მაისურებით ფოტოს გადაღების გამო ლანძღავდა.

«დიახ, ოსი მოჭიდავე მეგობრები დაგვეხმარნენ. ადრეც მითქვამს, რომ მეგობრობას დიდი ძალა აქვს და ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია. როცა მეგობარს ურეკავ, იქ მოლაპარაკებები საჭირო აღარ არის, ჩვენ ხომ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის, - მოჭიდავეები ვართ და სულ სხვა მეგობრობა ვიცით. არავის ეწყინოს” - განუცხადა ქართული მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელმა გეგა გეგეშიძემ.

ამ საქმეში ქართველი და ოსი სპორტსმენების როლი მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმაც დაადასტურა.

აი, ოსი ჩინოსნები კი პირად საუბრებში ამბობენ, რომ აქ მხოლოდ შუამავლებში არ იყო საქმე: ეს იყო ცხინვალის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მიღებული ჟენევის დისკუსიების წინ, რათა ამ ინციდენტისგან 45-ე რაუნდის დღის წესრიგი არ შექმნილიყო.

ცხინვალში იმასაც ირწმუნებიან, რომ მოსკოვის მხრიდან ამ საქმესთან დაკავშირებით ზეწოლა არ ყოფილა. აი, რუსი პოლიტოლოგები კი ვარაუდობენ, რომ გარკვეული სიგნალები იქიდანაც იქნებოდა: “არჩილ ტატუნაშვილის ისტორიამ შოკში ჩააგდო ყველა, ვინც იმხანად ოსურ მიმართულებაზე მუშაობდა და მსგავსი საშინელების განმეორება აღარავის სურსო”.

სავარაუდოდ, ანალოგიური პოზიცია დაიკავა ოთინაშვილის საქმეში პრეზიდენტმა ბიბილოვმაც, რომელსაც არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევამ ზიანის მეტი, არაფერი მოუტანა. ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ ამჯერად მას კომენტარი არ გაუკეთებია, ტატუნაშვილის ისტორიისგან განსხვავებით, როცა მისი მხრიდან ოსი ძალოვანების საჯაროდ დაცვის მცდელობამ ჯამში მთელი სარეპუტაციო დარტყმა თავის თავზე მიაღებინა. […] რომ აღარაფერი ვთქვათ ოსურ უშიშროების კომიტეტზე, რომლის მიმართ ნდობაც ტატუნაშვილის ტრაგედიამ საბოლოოდ მოსპო როგორც თავად რესპუბლიკაში, ისე მისგან ჩრდილოეთით და სამხრეთით. რაც შეეხება რიგითი ადგილობრივი მაცხოვრებლების პოზიციას, მსგავსი ისტორიები მათთვის ცალსახად არასასიამოვნოა – თუნდაც წმინდა ადამიანური თვალსაზრისით. ამგვარად, რომ შევაჯამოთ, მაია ოთინაშვილის ისტორია ცხინვალისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იყო, განურჩევლად იმისა, საფუძვლიანი იყო თუ არა მისთვის წაყენებული მეორე ბრალდება: როგორც უკვე აღვნიშნეთ, უშიშროების კომიტეტს აღარავინ ენდობა და, საბოლოო ჯამში, ადამიანების წარმოსახვაში რჩებოდა მხოლოდ უმწეო ქალი, რომელსაც შინ – მცირეწლოვან შვილებთან მოხვედრა სურდა. ამდენად, ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ოთინაშვილს ამაში ხელს შეუშლიდა, ყველას მიერ უკიდურესად ნეგატიურ ჭრილში იქნებოდა აღქმული” - წერს ამასთან დაკავშირებით ოკუპირებულ რეგიონში მოღვაწე მიმომხილველი მურატ გუკემუხოვი.

დასასრულს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცხინვალის სწრაფვამ, ეს საქმე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდის დღის წესრიგის მთავარ საკითხად არ ქცეულიყო, არ გაამართლა: 9-10 ოქტომბერს საერთაშორისო დისკუსიებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მოქალაქეების გატაცებების საკითხი იქნება.

 რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებათა ამ ფორმატს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა, წელს 10 წელი შეუსრულდა, თუმცა მის ფარგლებში გარღვევების ვერმიღწევას სადღეისოდ ყველა მონაწილე მხარე უჩივის, მათ შორის – ახალი უცხოელი თანათავმჯდომარეებიც, რომლებმაც პირობა დადეს, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად «ახალი, ორიგინალური გზების მოძიებას» შეეცდებიან.