არის თუ არა სალომეს წინასაარჩევნო "კოზირი" ნამდვილად სალომესი?

2018-10-09 15:58:08
1534

სადღეისოდ როგორც ქართველი, ისე უცხოელი, მათ შორის ოსი მკვლევარების მიერ ცალსახად არის დადასტურებული, რომ რუსეთი 2008 წლის ომს დიდი ხნით ადრე გეგმავდა და რომ 7 აგვისტოს საქართველოზე სამხედრო თავდასხმა რეალურად, კრემლის მრავალწლიანი გეგმებისა და მოსამზადებელი ღონისძიებების კულმინაცია იყოშესაბამისად, 2006 წელს საქართველოს ტერიტორიიდან თავისი სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და მოგვიანებით, 2007 წლის ნოემბერში ამ ხელშეკრულების პირობების წინმსწრები, თუმცა  არასრული იმპლემენტაციის დასრულების დროს კრემლმა მშვენივრად უწყოდარომ სულ რამდენიმე თვეში საქართველოში ბევრად უფრო დიდ სამხედრო ძალას შემოიყვანდა.

ამასთანავე, საქართველოდან ჯარების გაყვანის ვალდებულება რუსეთმა ბევრად დრე - 1999 წელს, ეუთო-ს სტამბოლის მინისტერიალზე აიღო და მას მერე ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა მთელი ქართული საგარეო სისტემა უცხოელი მოკავშირეების აქტიური დახმარებით.  

მიუხედავად ზემოთთქმულისა, დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლები მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ (2004 წლის მარტი-2005 წლის ოქტომბერი) სალომე ზურაბიშვილის დაუფარავი წინასაარჩევნო აგიტაციისას (რაც ცალკე განსახილველი თემაა სამართლებრივი თვალსაზრისით) დაუღალავად იმეორებენ, რომ «ეს არის ქალბატონი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზები გაიყვანა». სწორედ ეს მიიჩნევა, არსობრივად, მისი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ "კოზირად". 

"აქცენტმა" გადაწყვიტა, საკითხის ისტორიისთვის, ფაქტებისთვის გადაევლო თვალი და დაედგინა, რა წვლილი მიუძღვის რუსული ბაზების გაყვანაში სალომე ზურაბიშვილს და, შესაბამისად, რამდენად საფუძვლიანია «ქართული ოცნების» წარმომადგენლების ზემოთ ხსენებული განცხადებაამ მიზნით პროცესის უშუალო მონაწილეებს, ასევე საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე ექსპერტებს მივმართეთ.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია:


"საქართველოდან ჯარების გაყვანის ვალდებულება რუსეთმა 1999 წელს ეუთო-ს სტამბოლის მინისტერიალზე აიღო და მას მერე ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა მთელი ქართული საგარეო სისტემა უცხოელი მოკავშირეების დახმარებით. ეს არ იყო მხოლოდ საქართველოსთვის საინტერესო საკითხი, ეს იყო ევროპაში უსაფრთხოების თამაშის სწორი წესების დამკვიდრების თემა და რუსეთზე ზეწოლას ახორციელებდა მთელი ევროპული უსაფრთხოების სისტემა. სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იყო ამ პროცესის კულმინაციის მონაწილე, თუმცა მისი ექსკლუზიური როლი არ იკვეთება. ეს ბევრი ადამიანის მუშაობის შედეგია.

ამასთან, სამწუხაროდ, კომუნიკეს შედეგი დადგა გვიან და არასრულად. რუსეთს იგივე სტამბულის კომუნიკე არა მარტო ვაზიანის და ბათუმის, არამედ გუდაუთის ბაზის გაყვანასაც ავალდებულებდა, თუმცა ჯარი გაყვანილი არ იქნა აფხაზეთიდან, რაც, სამწუხაროდ, გახდა 2008 წელს ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის ერთ-ერთი ფაქტორიც".

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; პიტსბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წვეული ლექტორი ვასილ რუხაძე:


"მხოლოდ საქმეში სრულიად ჩაუხედავმა პიროვნებამ ან სიცრუის მიზანმიმართულად გამავრცელებელმა შეიძლება, თქვას, რომ საქართველოდან ჯარები სალომე ზურაბიშვილმა გააყვანინა. ჯარების გაყვანა მთლიანად არც მაშინდელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების პირადი დამსახურება ყოფილა. ამ პროცესებს ცოტა უფრო ღრმა მიზეზები ჰქონდა.

ვინც ამ მოვლენებს ცოტათი მაინც იცნობს, კარგად იცის, რაც მოხდა სინამდვილეში. დასავლეთის, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე რუსეთის ჯარები მაშინ საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდნენ".

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე:


„რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხზე მოლაპარაკებებში და თანმდევ პროცესებში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა და არ შეიძლება,  ერთმა ადამიანმა მიიწეროს ეს. თუ მაინც ერთი, ყველაზე დიდი წვლილის შემტანი პიროვნების დასახელებაა საჭირო, ეს ფინალურ ეტაპზე ჩართული სალომე ზურაბიშვილი კი არა, ირაკლი მენაღარიშვილია. ის იყო ბაზების გაყვანის პროცესის საფუძვლის ჩამყრელი, ბაზების გაყვანის მოლაპარკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი და სწორედ მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს გავიდა ამ ბაზებისა და რუსული სამხედრო ტექნიკის ნახევარი“.

მთავარი სამუშაო სამომლაპარაკებლო გუნდის ხელმძღვანელი (1999 – 2003 წ.წ.) ნიკოლოზ ვაშაკიძე:


„მთელს ამ პროცესში გადამწყვეტი იყო 1999 წელი, როდესაც საქართველოს ტერიტორიიდან 2 სამხედრო ბაზის – ვაზიანისა და გუდაუთის გაყვანა გადაწყდა და დანარჩენ ორ ბაზასთან დაკავშირებით ითქვა, რომ ისინიც „გასვლას უნდა დაექვემდებარონ"... რუსეთის 4 ბაზის საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა ხანგრძლივი, რთული, მრავალგანზომილებიანი და სხვადასხვა ილეთებითა და ტაქტიკური სვლებით სავსე პროცესი იყო. მთავარი ისაა, რომ სტრატეგიული მიზანი ყოველთვის უცვლელი გვქონდა - მათი სრული გასვლა საქართველოდან, და ამას მივაღწიეთ“.

[ეუთოს სტამბოლის 1999 წლის სამიტზე მიღწეული შეთანხმება https://www.osce.org/mc/39569?download=true]

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (1995–2003 წლები) ირაკლი მენაღარიშვილი :


„საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ შეთანხმება ქართულ და რუსულ მხარეებს შორის 1999 წლის ნოემბერში, ეუთოს სტამბოლის ცნობილ სამიტზე შედგა. მანამდე  – 1996–1999 წლებში ძალიან სერიოზული, მრავალეტაპიანი სამუშაო ტარდებოდა. მაშინ ქალბატონი სალომე საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა.

აღნიშნული შეთანხმებით ორი – გუდაუთისა და ვაზიანის ბაზების გაყვანის თარიღი ზუსტად განისაზღვრა. გარდა ამისა, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ რუსეთი გაიყვანდა იმ ჭარბ ტექნიკას, რომელიც „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ლიმიტს აღემატებოდა. მაშინ ძალიან დიდი რაოდენობით ტექნიკა იყო. ამ შეთანხმების კიდევ ერთი ელემენტი კი ის გახლდათ, რომ დარჩენილი ორი – ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების გაყვანის ვადებზე შეთანხმება დამატებითი მოლაპარაკებების გზით უნდა შემდგარიყო. განისაზღვრა შეთანხმების მიღწევის თარიღიც – 2000 წლის ბოლომდე. ეს დოკუმენტი ეუთო–ს გვერდზეა გამოქვეყნებული.

ამის შემდეგ დოკუმენტის რეალიზაციის პროცესი დაიწყო. საქართველოდან გაყვანილ იქნა ტექნიკა, რომელიც დადგენილ ლიმიტს აჭარბებდა. ასევე შეთანხმებულ ვადებში იქნა გაყვანილი ვაზიანის ბაზა, გუდაუთის ბაზა კი ეუთოს ინსპექტორების კონტროლს ქვეშ გავიდა, თუმცა იქ გარკვეული ტექნიკა დარჩა. კერძოდ,  აფხაზეთში არსებული რუსული კონტინგენტი ორი ნაწილისგან შედგებოდა: გუდაუთაში განლაგებული სამხედრო კონტინგენტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა და ე.წ. მშვიდობისმყოფელები დსთ–ის დროშით გალსა და ოჩამჩირეში. რუსეთი ამბობდა, რომ ზოგიერი სამხედრო საშუალება, რომელიც მათ გუდაუთაში ბაზის გაყვანის შემდეგ შეინახეს, სამშვიდობოების ტექნიკა იყო. „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება“ ჩვენთან "თეთრი ლაქების" არსებობას არ ითვალისწინებდა. მართალია, ჩვენ მოვითხოვეთ საერთაშორისო მონიტორების დაშვება, რომლებიც გააკონტროლებდნენ მათ გადაადგილებას, შესაბამისად, დავადასტურებდით რუსეთის მიერ აღნიშნული პუნქტის შესრულებასაც, თუმცა რუსეთი წინააღმდეგ წავიდა, 2007 წელს კი საერთოდ შეწყვიტა „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებაში“ მონაწილეობა. ამდენად, ეს საკითხი ბოლომდე კამათის საგნად დარჩა.

ასევე გადაუწყვეტელი დარჩა ბოლო საკითხი – რა ვადებში უნდა გასულიყო დარჩენილი ორი ბაზა. რუსებმა სერიოზულად აითრიეს ფეხი. რამდენიმე საკითხზე მოვილაპარაკეთ, მაგრამ ისინი საქმეს ყველა შესაძლო გზით აჭიანურებდნენ. შედეგად, ჩვენმა ხელისუფლებამ 2003–ში ისე დაასრულა საქმიანობა, რომ ეს შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა".

2003 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ დარჩენილი ბაზების გაყვანის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა. 2004 წლის მარტში მინისტრად სალომე ზურაბიშვილი დაინიშნა. მოლაპარაკების პროცესი  დაახლოებით ერთ წელიწადს გაგრძელდა და ვადა შეთანხმდა: დარჩენილი ორი ბაზის გაყვანა 2008 წელს უნდა დასრულებულიყო. 

"გასაგებია, რომ პროცესს ისევ საგარეო საქმეთა სამინისტრო აკონტროლებდა და იმხანად ამ უწყებას ქალბატონი სალომე ხელმძღვანელობდა. ამდენად, კამათი იმაზე, რომ მან ამ პროცესში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, არასერიოზულია: თავის დროზე მე პირადად ვხელმძღვანელობდი ამ პროცესს და ვიცი, რამდენად სერიოზული, რთული და შრომატევადი სამუშაოა ეს. თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ზოგადად დიპლომატების გარდა, იქ მუშაობდა თავდაცვის სამინისტრო და უამრავი სხვა ხალხი... განცხადების მიღებით ხომ არ დასრულებულა საქმე, შემდეგ ყოველდღიური მუშაობა სჭირდებოდა იმას, შეთანხმების თუნდაც პირველი ნახევარი თავის დროზე რომ შეესრულებინათ რუსებს...“- ამბობს ირაკლი მენაღარიშვილი.

ერთ-ერთი უწყება, რომელმაც ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანა, საქართველოს პარლამენტია, რომელსაც იმხანად ნინო ბურჯანაძე ედგა სათავეში. 2005 წლის 10 მარტს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ  მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციური არსებობა  უკანონოდ გამოცხადდა .

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (2004–2007 წ.წ.) ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ  მაშინ პარლამენტმა "ღირსეული ტექსტი" მიიღო, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ის რატომღაც პირადად მის წინააღმდეგ მიმართულად აღიქვა:


"ჩავთვალეთ, რომ ეს პირიქით, დაეხმარებოდა ქალბატონ სალომეს მოლაპარაკებებზე, თუმცა ერთ–ერთი მთავარი პრეტენზია, რომელიც მან შემდგომ პერიოდში ჩემთან მიმართებაში წამოაყენა, იყო სწორედ ამ დადგენილებისა და რეზოლუციის მიღება. მან რატომღაც ჩათვალა, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ ბრძოლა და მისთვის ხელის შეშლა... დედამიწაზე არც ერთი საგარეო საქმეთა მინისტრი არ ვიცი, რომელიც ბაზის გაყვანას, ან შემოყვანას იბრალებდეს, იმიტომ, რომ ეს არა საგარეო საქმეთა მინისტრის, არამედ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების კომპეტენციაა. თორემ ზოგადად, მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრს, რა თქმა უნდა, გარკვეული როლი აქვს“.

საბოლოოდ, რუსეთმა სამხედრო ბაზების გაყვანა 2006 წელს დაიწყო და 2007 წელს, ანუ შეთანხმებით გათვალისწინებულ დროზე ადრე დაასრულა. და ეს რუსული პოლიტიკისთვის უპრეცედენტო შემთხვევა იყო. რატომ მოიქცა მოსკოვი ასე? - ექსპერტების დიდი ნაწილი ამას მხოლოდ ერთ ახსნას უძებნის: საქართველოდან სამხედრო ბაზების 2007–ში გაყვანა და 2008 წლის აგვისტოს ომი ერთმანეთს უკავშირდება.  

„მაშინ უცნაურად გვეჩვენებოდა, მაგრამ ახლა დაახლოებით ვხვდებით, რასაც ნიშნავდა ეს. რუსებმა დარჩენილი ორი ბაზის 2008 წლამდე გაყვანას მოაწერეს ხელი, რეალურად კი 2007-ში გაიყვანეს, ანუ თითქმის ერთი წლით ადრე, თუმცა 2008-ში, როგორც შემდეგ ვნახეთ, დააბრუნეს. ვფიქრობ, რომ ეს ორი მომენტი – სამხედრო ბაზების 2007–ში გაყვანა და 2008 წლის აგვისტოს ომი - ერთმანეთს უკავშირდება. არიან ექსპერტები, რომლებიც სიტუაციის ანალიზის შედეგად ამბობენ, რომ რუსეთი 2007–ში ემზადებოდა აგრესიისათვის და 2007–ში ბაზები ფრონტის ხაზს ამიტომ გაარიდა: ეს ბაზები ხომ არა მხოლოდ ტექნიკა და ჯარი იყო, არამედ ამ სამხედროების, განსაკუთრებით ოფიცრების ოჯახის წევრებიც და ა.შ. იმის მტკიცება, რომ ეს ნამდვილად ასეა, არავის შეუძლია, რადგან ეს მხოლოდ იმან იცის, ვინც ომი დაგეგმა, ანუ მოსკოვმა, მაგრამ ლოგიკა ნამდვილად არსებობს და სხვა არანაირი ახსნა არ არსებობს. მითუფრო, რომ ისტორიას არ ახსოვს, რუსეთს რომელიმე შეთანხმებით ნაკისრი რომელიმე ვალდებულება ვადაზე ადრე შეესრულებინოს“ - ამბობს ამასთან დაკავშირებით ირაკლი მენაღარიშვილი.  

რუსული სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის თაობაზე წარმოებულ პროცესში აქტიურად ჩართულ პირთა არასრული სია: ირაკლი მენაღარიშვილი, ნიკოლოზ ვაშაკიძე, რევაზ ადამია, გიგა ბურდული, ლევან მიქელაძე, მამუკა კუდავა, გელა ბეჟუაშვილი, მიხეილ უკლება, მერაბ ანთაძე, დავით თევზაძე, თედო ჯაფარიძე, ზურაბ აბაშიძე, კონსტანტინე გაბაშვილი, გრიგოლ ქათამაძე, ჯონი ფირცხალაიშვილი, გურამ ნიკოლაიშვილი, დავით ბაქრაძე, დავით დონდუა, კახა იმნაძე, დავით ზალკალიანი, ზურაბ ლომაშვი­ლი, ბათუ ქუთელია, მალხაზ მიქელაძე, ვასილ სიხარულიძე, ბუკა პეტრიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, გიორგი მუჩაიძე, ირაკლი ალასანია, კახა იმნაძე, ალექსანდრე მაისურაძე, ნიკა რურუა, გიორგი მანჯგალაძე, გიორგი ზაქარაშვილი, პაატა გაფრინდაშვილი, თეა ქარჩავა, შოთა ღვინერია, დავით ნარდაია, ზურაბ ალექსიძე, დავით ნაირაშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი, ირაკლი ბატკუაშვილი, ზურაბ კვაჭაძე, ირაკლი ძნელაძე, ალექსანდრე კიკნაძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი