„ჩვენ გვაქირავებენ, გვყიდიან, გაგვაჩუქებენ“: „დაეშის“ ყოფილი მძევალი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა (ვიდეო, +18)

2018-10-05 17:38:21
1470

წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია კონგოელ ექიმ დენის მუკვეგეს და ადამიანთა უფლებების​ დამცველ იეზიდ ახალგაზრდა ქალს - ნადია მურად ბასი ტაჰას გადაეცათ. ​

მუკვეგეს, რომელიც ნობელის პრემიაზე რამდენჯერმე იყო ნომინირებული, კონგოში რამდენიმე საავადმყოფო აქვს გახსნილი, სადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს მკურნალობს.

ნადია მურადი კი ადამიანთა უფლებებს ერაყის მასშტაბით იცავს. ის თავად იყო ძალადობის მსხვერპლი, როდესაც 2014 წელს ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაიტაცა.

2016 წელს ნადია მურადს, რომელიც იმხანად ერთ–ერთ ევროპულ ქვეყანაში მოწმეთა დაცვის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა, „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტებმა მიაკვლიეს. მაშინ 21 წლის ქალბატონმა სიმამაცე გამოიჩინა და გადაწყვიტა, მსოფლიოსთვის თავისი უმძიმესი ისტორია გაემხილა.

ყურადღება: მასალა არადამიანური მოპყრობისა და სისასტიკის ამსახველი სცენების აღწერას შეიცავს (+18)  

ნადია მურადი: "ჩვეს სოფელს კოჩო ჰქვია, იქ 2700–მდე ადამიანი ცხოვრობდა. ეს სოფელი ერაყის ქალაქ სიჯარიდან 30 კილომეტრში მდებარეობს და ყველაზე შორეული იეზიდური სოფელია, – მის იქით უკვე მუსლიმური სოფლები იწყება. იეზიდებს სინჯარშიც და ჩემს სოფელშიც მარტივი ცხოვრება გვქონდა. ვცხოვრობდით სახელმწიფოსგან ავტონომიურად. ვეწეოდით სოფლის მეურნეობას, გვყავდა პირუტყვი. ვზრდიდით ხორბალს, ქერს. მამა 2003 წელს გარდამეცვალა. დავრჩით მე, დედაჩემი, ჩემი 8 ძმა და 2 და.

კოჩოში ერთი სკოლა გვქონდა და ყველამ ის დავამთავრეთ. ძალიან ახლო ურთიერთობები მქონდა თანაკლასელებთან. ბევრს ვსაუბრობდით ჩვენს მომავალზე, ვოცნებობდით. ძალიან მიყვარდა ისტორია და მინდოდა, პედაგოგი გავმხდარიყავი. დავამთავრე 6–წლიანი დაწყებითი სკოლა, შემდეგ 3 წელი ვისწავლე საშუალოში, შემდეგ - კიდევ 5 უფროს კლასებში. მრჩებოდა ბოლო – მეექვსე წელი და მისი დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში ვაპირებდი ჩაბარებას, თუმცა დაიწყო ომი და „დაეშმა“ ჩვენი სოფელი დაიპყრო.  


ცნობა: იეზიდები ქურთული ეთნოკონფესიური ჯფუფია, რომელიც ქურმანჯიულ ენაზე საუბრობს. იეზიდების რელიგია იეზიდიზმია, რომელიც ახლოა ზოროასტრიზმთან, თუმცა შეიცავს როგორც ქრისტიანობის, ისე ისლამისა და იუდაიზმის ელემენტებს. ეს მონოთეისტური რელიგიაა.

იეზიდები უმთავრესად ერაყის ჩრდილოეთში, თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში, სირიასა და ევროპის ქვეყნებში ცხოვრობენ. სხვადასხვა მონაცემებით, ამ დროისთვის პლანეტაზე 1 – 1,5 მლნ იეზიდი სახლობს. იეზიდების კომპაქტური განსახლების ძირითადი ტერიტორია ერაყული საგუბერნიო მოსულის აინ–სიფნის, სინჯარისა და დოხუკის რაიონებია. ომამდელი შეფასებებით, ერაყში იეზიდების რიცხოვნობა დაახლოებით 700 000 ადამიანს შეადგენდა.

 

ჩემს სოფელში ყველა მცხოვრები იეზიდი იყო. რელიგია ჩვენი ცხოვრების ფუძეა. ჩვენი რელიგია უძველესია. ჩვენს სოფელში გოგო ვერ გაჰყვება ცოლად ვერავის, იეზიდის გარდა, ვერც ქრისტიანს, ვერც მუსლიმს. თუმცა ჩვენ, ქრისტიანების და მუსლიმების მსგავსად, ღმერთის გვწამს. ჩვენც გვაქვს მსგავსი დღესასწაულები – საახალწლო, 3–დღიანი მარხვა დეკემბერში, გვაქვს საკუთარი ლოცვები და ტაძრები. ქალაქ ლალეშში ჩვენი მთავარი ტაძარია, თუმცა სინჯარშიც გვაქვს წმინდა ადგილები და პერიოდულად დავდიოდით მოსალოცად. ვფიქრობ, დაეშმა ისინი გაანადგურა. ჩემს ოჯახში სასულიერო პირები არ გვყავდა, თუმცა ლალეშში არის წმინდა ადამიანების უმაღლესი რელიგიური საბჭო და სწორედ ის მართავს ჩვენს საზოგადოებას ყველა რლიგიური წესის დაცვით.

„დაეშის“ შესახებ პირველად ივნისში გავიგე, როდესაც მოსული დაიკავეს. ტელევიზია ამის შესახებ რაღაცას გადმოსცემდა. მე გაკვრით მოვკარი ყური, თუმცა არ გვიფიქრია, რომ ეს ჩვენც შეგვეხებოდა და ყურადღება არ მიგვიქცევია. გარკვეული დროის შემდეგ მახსოვს, ჩვენმა მამაკაცებმა დაიწყეს იმის განხილვა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, ჩვენც რომ დაგვსხმოდნენ თავს. თუმცა არავის უფიქრია სახლების დატოვება და გაქცევა. სინჯარში იყვნენ ქურთი ჩინოსნები, ძალოვანები და ისინი გვარწმუნებდნენ, რომ „დაეში“ ჩვენ არ შეგვეხებოდა. ერაყის ხელისუფლებაც და ქურთისტანის მთავრობაც ამბობდნენ, „არ წახვიდეთ, თავს არავინ დაგესხმებათ, ჩვენ საიმედოდ გიცავთო“. ჩვენ გვჯეროდა მათი და მათი დაცვის იმედად დავრჩით. არადა, ისინი გვიმალავდნენ, რომ იმ დროისთვის „დაეში“ უკვე ანადგურებდა იეზიდებს სხვა რაიონებში. ამასთანავე, იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც იმ დროისთვის გაგვაჩნდა, როდესაც „დაეში“ მოსულსა და ხამდანიას იკავებდა, ადგილობრივ შიიტებსა და ქრისტიანებს 2 დღეს აძლევდნენ ქალაქების დასატოვებლად და ცოცხლებს უშვებდნენ. ანალოგიურად მოიქცნენ, ჩვენი ინფორმაციით, თალ–აფარშიც, შესაბამისად, გვეგონა, რომ ჩვენზე თავდასხმის შემთხვევაშიც ასე მოიქცეოდნენ. სახლის კარსაც კი არ ვრაზავდით ღამ-ღამობით.

2014 წლის 3 აგვისტოს „დაეშმა“ ქალაქი სინჯარი აიღო. ისინი ჯერ ქალაქის ირგვლივ განლაგებულ იეზიდურ სოფლებში შევიდნენ. დილიდანვე ზოგიერთი იეზიდი მთებში გაიქცა. ბოევიკებმა დაიწყეს სროლა. იმ დღეს 3 000 ადამიანი დაიღუპა – მამაკაცები, ქალები, ბავშვები. ეს იმ ოჯახებისგან ვიცი, რომლებიც ქურთისტანის ქალაქებში გაიქცნენ. ყველა გვისახელებდა საკუთარი ოჯახიდან სულ მცირე, თითო მოკლულს. რომ შევაჯამეთ, 3 000–მდე გამოვიდა. სინჯარის გათავისუფლების შემდეგ ქალაქსა და მის შემოგარენში 16 კოლექტიური სამარხი იპოვეს. ბოევიკებმა ადამიანებს მათი ქალაქებისა და სოფლების დატოვება აუკრძალეს. იმავე დღეს მათ უამრავი ქალი და გოგონა წაიყვანეს.

ჩვენმა ოჯახმა 3 აგვისტოს სოფლის დატოვება ვერ მოახერხა. როდესაც რაიონი დაიკავეს, უახლოესი სოფლიდან პირდაპირ ჩვენთან მოვიდნენ, რადგან ჩვენი სოფელი ძალიან ახლოსაა მუსლიმურ ბააჟთან და გლეჟთან. შემოვიდნენ, დაიკავეს ჩვენი სოფელი და გასვლა ყველას აგვიკრძალეს. გვემუქრებოდნენ იარაღით, ჩააყენეს ბლოკ–საგუშაგოები.  ჩამოუარეს სახლებს, გაჩხრიკეს და თუკი ვინმეს იარაღი გააჩნდა, წაართვეს. სოფელი 3–დან 15 აგვისტომდე ვერც ერთმა მაცხოვრებელმა ვერ დავტოვეთ.  

14 აგვისტოს, - ხუთშაბათი დღე იყო, – სოფელში მათი ემირი ჩამოვიდა. აბუ ხამზა ალ–ხათუნი ერქვა. ყოველ იეზიდურ სოფელს თავისი მუხთარი ჰყავს – უხუცესი. ემირი ჩვენს უხუცესთან მივიდა და უთხრა, „3 დღე გაქვთ – ან ისლამს მიიღებთ, ან ყველას ამოგწყვეტთო“. თუმცა რეალურად  3 დღეს არავინ დაგვლოდებია: მეორე დღესვე, 15 აგვისტოს ეს ემირი კვლავ ჩამოვიდა და ამჯერად უკვე 2 000–მდე ბოევიკი ჩამოჰყვა. დილის დაახლოებით 11:00 საათზე გამოგვიცხადეს, რომ სოფლის ყველა მცხოვრები სკოლის შენობასთან შევკრებილიყავით. 1700–ვე კაცი სკოლის შენობაში შეგვყარეს და გვითხრეს, „ყველა ქალი და ბავშვი  – მეორე სართულზე, მამაკაცები კი პირველზე დარჩითო“. მეორე სართულის ფანჯრიდან ვხედავდით, რომ მამაკაცებს ბეჭდები, ფული, მობილურები, საფულეები – ყველაფერი ჩამოართვეს. შემდეგ ჩვენთან ამოვიდნენ, მეორეზე და იგივე გააკეთეს.

არც ერთ ბოევიკს არ ჰქონია ულვაში, თუმცა ყველა წვერიანი იყო, ზოგს გრძელი თმა ჰქონდა, ზოგს  – მოკლე და ყველას გრძელი სამოსი ეცვა.

მათმა ემირმა დაიყვირა: „ვისაც ისლამის მიღება სურს, გამოდით, დანარჩენები სკოლაში დარჩითო“. სკოლიდან არავინ გავსულვართ. ამის შემდეგ ყველა მამაკაცი – დაახლოებით 700 ადამიანი „პიკაპებში“ ჩასვეს და სოფლის მიმართულებით გადააადგილეს, თუმცა შორს არა, დაახლოებით 200 მეტრით. ფანჯრებიდან კარგად ვხედავდით, როგორ ჩაცხრილეს ყველა, მათ შორის - ჩემი 6 ძმა, 3 ბიძაშვილი მამის მხრიდან და 2 – დედის. იყვნენ სხვა ნათესავებიც.

როდესაც მამაკაცებთან საქმე დაასრულეს, ჩვენთან ამოვიდნენ და პირველ სართულზე ჩასვლა გვიბრძანეს.  კიდევ ერთხელ გვკითხეს, ხომ არ გადავწყვიტეთ რომელიმემ ისლამის მიღება, თუმცა ჩვენ კვლავ დუმილით ვუპასუხეთ. მაშინ ჩვენც იმავე „პიკაპებში“ ჩაგვსვეს და სინჯარისკენ წაგვიყვანეს. თუმცა მაშინ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, სად მივყავდით და რისთვის.

ყველანი, ბავშვებიც, ქალებიც და მოხუცებიც სინჯარის გვერდით მდებარე სოფელ სოლახში ჩამოგვსვეს და იქაური სკოლის შენობაში შეგვყარეს. იმ დროისთვის საღამოს დაახლოებით 20:00 საათი იქნებოდა. შენობაში მხოლოდ ჩვენი სოფლის მაცხოვრებლები ვიმყოფებოდით. როგორც ჩანს, სხვა სოფლებისას მანამდე გაუსწორდნენ. ყველას ჩამოგვართვეს თავსაბურავები, რომლითაც სახეებს ვიფარავდით, დაგვყვეს 4 ჯგუფად: გათხოვილები, ასაკოვნები, ბავშვები და ახალგაზრდა ქალები.

ჩვენს დაყოფაში სხვადასხვა ასაკის მამაკაცები მონაწილეობდნენ – ახალგაზრდებიც, მოხუცებიც და საშუალო ხნისანიც. მოხუც ქალებს და 40 წელს გადაცილებულებს, ასევე ფეხმძიმეებს ცალკე აყენებდნენ. ჩვენ, ახალგაზრდები, 9–დან 25 წლამდე ვინც ვიყავით, სულ 150–ნი აღმოვჩნდით. გაგვიყვანეს სკოლის სკვერში. 80 მოხუცი ქალი  სკოლის შენობიდან სხვა მიმართულებით გაიყვანეს და ჩაცხრილეს, მათ შორის იყო დედაჩემიც.

ღამის 11 საათისთვის ავტობუსები გამოჩნდნენ. მათ მოსვლამდე 4 ბოევიკი ყურანს გვიკითხავდა. 150 ქალი 2 ავტობუსში გადაგვანაწილეს და გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს. გვაცილებდა 10 მსუბუქი ავტომანქანა. შუქს ავტობუსებში არ გვინთებდნენ, რათა ზემოდან თვითმფრინავებს არ შეენიშნათ და არ დავებომბეთ. მხოლოდ წინა ავტომობილი გადაადგილდებოდა მაშუქებით.

მივყავდით სოლახიდან მოსულის მიმართულებით. თითოეულ ავტობუსში ერთი ბოევიკი დაგვიყენეს მცველად. ჩვენსას აბუ ბატატი ერქვა. ყველას ჩამოგვიარა, სახეზე მობილური მოგვანათა და ხან სად გვავლებდა ხელს, ხან  – სად. როდესაც ჩემთან მოვიდა და მკერდზე წამავლო ხელი, ვიყვირე და მთელი ავტობუსი ამყვა. მაშინ მძღოლმა გააჩერა. გაჩერდა მთელი კოლონა. ავტობუსში მანქანებიდან გადმოსული ბოევიკები ამოცვივდნენ და იკითხეს, რა ხდებაო. ავუხსენით, რომ აბუ ბატატი გვაწუხებდა და არ გვეშვებოდა. მაშინ ერთ–ერთმა იარაღი მოგვიშვირა და გვიპასუხა, „მაგისთვის არ წამოგიყვანეთ?! გეკრძალებათ საუბარი, განძრევა და ყურებაც კი, სანამ მოსულში არ ჩავალთო “.

ჩაგვიყვანეს მოსულში, „დაეშის“ მთავარ შტაბთან. ეს უზარმაზარი 2–სართულიანი სახლი იყო სარდაფით. მახსოვს, ღამის 02:30 საათი იყო, როდესაც შენობაში შეგვიყვანეს. იქ უკვე იყვნენ ბავშვები და ქალები, იეზიდები, რომლებიც 3 აგვისტოს ჰყავდათ დატყვევებული. ერთ–ერთ ქალს მივუჯექი და ვკითხე, რა გველოდა. 2 შვილი ჰყავდა. მითხრა, რომ შენობაში 3 აგვისტოს დატყვევებული 400 იეზიდი ქალი ჰყავდათ, ყოვედღიურად სადილის შემდეგ ან საღამოს აკითხავდნენ და რამდენიმე გაჰყავდათ.

ამ შენობაში დილამდე დაგვტოვეს. 10:00 საათზე გამოგვიცხადეს, რომ 2 ჯგუფად დაგვყოფდნენ: პირველს მოსულში დაგვტოვებდნენ, ხოლო მეორეს სირიაში გაგზავნიდნენ. აირჩიეს 63 გოგო დასატოვებლად და მეც მათ შორის აღმოვჩნდი. დანარჩენები, მათ შორის ჩემი ორი და სირიაში გაგზავნეს.

გადაგვიყვანეს სხვა შენობაში, რომელიც ასევე 2–სართულიანი იყო. პირველ სართულზე ბოევიკები იყვნენ, ჩვენ კი მეორე სართულზე აგვიშვეს. მთელი ჩვენი სანათესავოდან ჩემთან ერთად 3 ძმისშვილი დარჩა - 15,16 და 17 წლის გოგოები. 2 მათგანი ჩემი ერთი ძმის შვილი იყო, ხოლო ერთი – მეორესი. იქ 2 დღის განმავლობაში ვრჩებოდით, 18 აგვისტომდე. ფანჯრებზე შავი ნაჭრები იყო ჩამოფარებული, რათა არ გვცოდნოდა, დღე იყო თუ ღამე. მხოლოდ როცა საკვები მოჰქონდათ, მაშინ ვეკითხებოდით დროს.

18 აგვისტოს, საღამოს მეორე სართულზე 100–მდე ბოევიკი ამოვიდა. დადგნენ უზარმაზარი დარბაზის ცენტრში და დაიწყეს გოგონების შერჩევა. შიშისგან ბევრს გული წაუვიდა, ზოგიერთებს გული ერეოდათ, ვიღაც ყვიროდა. მე და ჩემი ძმისშვილები იატაკზე დავსხედით და ერთმანეთს გადავეხვიეთ. არ ვიცოდით, რა გვექნა და ჩვენც ვყვიროდით. დარბაზში უზარმაზარი მამაკაცი შემოვიდა, კარადისხელა იყო, თითქოს 5 კაცი გააერთიანეს ერთში. მთლიანად შავებში იყო ჩაცმული. არ ვიცი, რატომ, მაგრამ პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა. ჩვენს წინ დადგა და გვიბრძანა, ავმდგარიყავით. შიშისგან ვერ გავინძერით. მაშინ ფეხი მომარტყა და მითხრა, შენ ადექიო.

პირველ სართულზე ჩამიყვანა. იქ რეგისტრაცია წარმოებდა, რომელი გოგო ვის გაჰყავდა. ვინც უკვე გაყვანილი იყო, სიიდან შლიდნენ. იატაკს ჩავაშტერდი, სანამ სიაში ჩემს გვარს ეძებდნენ. უცებ ვიღაც მოგვიახლოვდა და ჩემს თვალსაწიერში მისი ფეხსაცმელი მოხვდა. თვალები ზემოთ არც ამიწევია, თუმცა ვგრძნობდი, რომ იმხელა არ იყო, რამხელაც ის გოლიათი. დავეცი მის ფერხთით და ვევედრებოდი, "სადაც გინდა, იქ წამიყვანე, ოღონდ იმ კაცს ნუ გამატან"–მეთქი. დამიჯერა და იმ გოლიათს არაბულად უთხრა, რომ მას მივყავდი.

ამ ადამიანს ჰაჯი სალმანი ერქვა, საველე მეთაური იყო მოსულიდან. თავის შტაბში წამიყვანა, სადაც 6 მცველი და მძღოლი ჰყავდა. ერთ–ერთ მათგანს დაევალა, ჩემთვის ყურანი ესწავლებინა.

ჰაჯი სალმანმა ოთახში ამიყვანა, გვერდზე ჩამომიჯდა და მთხოვა, ისლამი მიმეღო. მე ვუპასუხე, რომ თუ მასთან დაწოლას არ მაიძულებდა, მივიღებდი.  მითხრა, რომ მის მიერ შერჩეული ქალი ვიყავი და ამ როლის შესრულება ნებისმიერ შემთხვევაში მომიწევდა. მაშინ უარით ვუპასუხე. განმიცხადა, რომ ჩვენ, იეზიდები ურწმუნოები ვიყავით და მართალი რწმენა უნდა მიგვეღო. მე ჩემი ძმებისა და ნათესავების ამბავი ვიკითხე, - რატომ დახოცეს ისინი, მან კი მიპასუხა, „ისინიც ურწმუნოები იყვნენ და მოვკალი, თქვენ კი „დაეშის“ მუსლიმებს გადაგცემთ და მაშინ მართალ რწმენას მიიღებთ. ჩვენ კაფირებისგან გაგათავისუფლეთ, რათა ისლამი მიგეღოთო“.

იმ ღამეს ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. მეორე დღეს სადღაც მიდიოდა. დამიბარა, რომ საღამოს დაბრუნდებოდა და ჩემთან მოვიდოდა. მეორე დღეს, საღამოს 18:00–ისთვის ჩემთან მისი მძღოლი შემოვიდა, მომიტანა კაბა, კოსმეტიკა, მითხრა, რომ უნდა დამებანა და "ჰაჯი სალმანისთვის მოვმზადებულიყავი" [რედ. - შემდეგ აღწერს გაუპატიურების სცენას და აღნიშნავს, რომ ამ დღემდე ქალიშვილი იყო]. ჰოლში, რომელშიც ეს ოთახი გადიოდა, სხვა ბოევიკები იდგნენ. მე ვყვიროდი, შველას ვითხოვდი, თუმცა ეს ყველასთვის სულერთი იყო.

შემდეგ დღეს შავებში გამომაწყვეს და მოსულის სასამართლოში – „დაეშის“ სასამართლოში წამიყვანეს. იქ ათასობით ჩემნაირი გოგო დამხვდა თავსაბურავში და თითოეულის გვერდზე თითო ბოევიკი იდგა. მიგვიყვანეს მოსამართლესთან, რომელსაც ჰუსეინი ერქვა. იგი ჩვენს თავებზე ყურანს კითხულობდა, ჩვენ კი გვაიძულებდნენ, გვეთქვა სიტყვები, რომლითაც ადამიანი ისლამს იღებს. შემდეგ თითოეულს ფოტო გადაგვიღეს და კედელზე მიამაგრეს, ქვემოთ კი ნომრები დააწერეს. ეს იმ მამაკაცების ნომრები იყო, რომელთაც თითოეულ ჩვენგანთან ეძინა. ამის არსი შემდეგში მდგომარეობდა: თუ სასამართლოში მისულ რომელიმე ბოევიკს ფოტოებზე რომელიმე გოგო მოეწონებოდა, მას შეეძლო, შესაბამისი ნომრის მფლობელთან დაერეკა და მოწონებული გოგო მისგან ექირავებინა. ქირას იხდიდნენ როგორც ფულით, ისე სხვადასხვა ნივთებით - მოლაპარაკებისდა მიხედვით. შეეძლოთ, გავექირავებინეთ, გავეყიდეთ ან გავეჩუქებინეთ.  

როდესაც სასამართლოდან დავბრუნდით, მან გამაფრთხილა: „გაქცევა არც იფიქრო, თორემ ისეთს გიზამთ, ძალიან ინანებო“.

მასთან ერთი კვირა გავატარე. ამ დროის განმავლობაში ბევრი ადამიანი სტუმრობდა... მე ყველაფერს ვიტანდი. ვხვდებოდი, რომ დიდხანს ასე ვეღარ გავძლებდი და ნებისმიერ ფასად უნდა გავქცეულიყავი. შენობის შიგნით ერთი სართულიდან მეორეზე გადაადგილების ნება დამრთეს და გადავწყვიტე, ეს გამომეყენებინა. საღამოს 20:00 საათზე მეორედან პირველ სართულზე ჩავედი. იქ დაბალი აივანი იყო, საიდანაც კიბე ბაღში ჩადიოდა. კიბეზე დავეშვი, თუმცა ბაღის პირას ერთ–ერთმა მცველმა დამიჭირა, ჰაჯი სალმანთან ამიყვანა და ამ უკანასკნელმა ცემა დამიწყო, რის შემდეგაც გახდა მიბრძანა: „ხომ გაფრთხილებდიო?!“... ჰაჯი სალმანი გავიდა და მის ნაცვლად 6 მისი მცველი შემოუშვა... მას შემდეგ, რაც სამმა გამაუპატიურა, გონება დავკარგე, შემდეგ რა ხდებოდა, არ ვიცი. მხოლოდ მეორე დილით, 08:00 საათზე  მოვედი გონს, ოთახში არავინ იყო.

ამ მდგომარეობაში ვრჩებოდი 3 დღის განმავლობაში. ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. არავინ შემოსულა, მხოლოდ მცველები მიტოვებდნენ კართან საკვებს. მეოთხე დღეს შევძელი, შხაპი მიმეღო. შემდეგ დღეს შემოვიდნენ და მიბრძანეს, შავი ტანისამოსი ჩამეცვა. როგორც გაირკვა, ქალაქ ხამდანიადან 2 „დაეშელი“ იყო მოსული და მიყიდეს.

მათ ხამდანიაში წამიყვანეს, შემიყვანეს დიდ ოთახში, სადაც იატაკზე ქალის იეზიდური ტანისამოსი ეყარა. მითხრეს, რომ ამ ოთახში 11 იეზიდი ქალი ჰყავდათ გაუპატიურებული... იქ 2 კვირა დავრჩი, თითო კვირა – თითოეულთან. 2 კვირაში მათთან კიდევ ორი მამაკაცი მივიდა და 4 ქალი მოიყოლა, ასეთივე შავ სამოსში. არ ვიცი, საიდან იყვნენ, რადგან ერთმანეთში საუბარი აგვიკრძალეს. მე წამიყოლეს, ეს გოგოები კი იქ დატოვეს – გაგვცვალეს. შემდგომ გავარკვიე, რომ ეს ორი მამაკაცი ბლოკ–საგუშაგოზე მუშაობდა და თან გამიყოლეს. იქ 10 დღე დავრჩი. იქაც მაუპატიურებდნენ. შემდეგ მოსულიდან „დაეშის“ მძღოლმა ჩამოიარა და თან გამიყოლა.

მასთან 2 ღამე და 3 დღე დავრჩი. მესამე ღამეს მითხრა: „ეხლა წავალ შენთვის ლამაზი ტანსაცმლის მოსატანად, შენ კი დაიბანე, მოემზადე, დღეს განსაკუთრებით კარგად უნდა გამოიყურებოდე – ხალხი მოვა შენს სანახავად და თუ მოეწონე, გიყიდიანო“. სახლში მარტო მე და ის კაცი ვიყავით. როდესაც ტანსაცმლის მოსატანად გავიდა, მარტო დავრჩი. ვიფიქრე, რომ მსგავსი შანსი შეიძლებოდა, აღარც მომცემოდა. სახლიდან გავედი, გავიქეცი, ძველ სახლებს ჩავურბინე და ერთ–ერთის კარზე დავაკაკუნე. გარეთ ბნელოდა. როგორც კი გამიღეს, შევვარდი – ისიც კი არ ვიცოდი, ბოევიკები იყვნენ ამ სახლში, თუ რიგითი მოქალაქეები, ქალები თუ მამაკაცები, – ოღონდ დავმალულიყავი. 

ჯერ კიდევ ზაფხული იდგა, ძალიან ცხელოდა, სახლში შუქი არ იყო, ოთახში ქალი და ბავშვები დავინახე. ვუამბე, რომ იეზიდი ვიყავი, მოვუყევი მთელი ჩემი ისტორია და შევევედრე, გაქცევაში დამხმარებოდნენ. ამ ქალის ქმარმა მითხრა: „ღამით აქ დარჩი და ხვალ დილით ვნახოთო“.

როგორც უკვე ვთქვი, ჩემი 6 ძმა მოკლეს, მაგრამ კიდევ 3 ქურთისტანში მუშაობს, მათგან ერთი – ლტოლვილების ბანაკში. ვიცოდი მისი სატელეფონო ნომერი. რომ გათენდა, ცოლ–ქმარს მობილური ტელეფონი ვთხოვე, რათა ძმასთან დამერეკა. ვუთხარი, რომ სანაცვლოდ ყველაფერს მივცემდი. ძმას დავურეკე და ვთხოვე, ამ ოჯახისთვის ფული გადმოერიცხა, რათა დამხმარებოდნენ. ძალიან კარგი ხალხი იყო, უბრალოდ ძალიან უჭირდათ. ძმამ ფული გადმორიცხა. ამ მუსლიმი ქალის პირადობის მოწმობა მომცეს, შავი ტანისამოსი და ძმასთან ტაქსით გამიშვეს. ის დამეხმარა, რომ ფარანჯა მქონდა, მხოლოდ თვალები მიჩანდა, რომლის გახდა გზად არავის მოუთხოვია - მხოლოდ დოკუმენტს ამოწმებდნენ. სამი ბლოკ–საგუშაგო გავიარეთ და თითოეულზე ვნახე გამოკრული ჩემი ფოტო ნომრის მითითებითა და წარწერით, რომლის თანახმად, გაქცეული იეზიდი ვიყავი და შტაბში უნდა დავებრუნებინე. მეოთხე ბლოკ–საგუშაგოზე – კირკუკში ჩემი ძმა დამხვდა და თან წამიყვანა.

გახსოვთ, ზემოთ გოლიათზე რომ მიგიყევით? იმ კაცმა ერთ–ერთი ჩემი ძმისშვილი წაიყვანა, მასთან 7 თვე დაჰყო. ისიც ბევრჯერ გაყიდეს, გადაცვალეს, მაგრამ შემდეგ ჩემსავით გაქცევა მოახერხა, ოღონდ დიდი ფულის სანაცვლოდ. ახლა გერმანიაშია. გერმანულმა სახელმწიფომ დაიხსნა. დანარჩენი 2 ძმისშვილის ბედი კი ამ დრომდე არ ვიცი. ჩემი ორი დაც, რომელიც სირიაში გაამგზავრეს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩემს ბედს იზიარებდა, ხოლო შემდეგ ერთ–ერთმა ჩემმა ნათესავმა დიდი ფულის ფასად დაიხსნა. ერთი და ახლა გერმანიაშია, ხოლო მეორე - ქურთისტანში, ბანაკში.

იმ მამაკაცებს შორის, რომელთა ხელშიც ვხვდებოდით, არც ერთი კარგი ადამიანი არ შემხვდა. ყველა მათგანს უხაროდა, რომ ამას ჩვენ – იეზიდებს გვიკეთებდნენ. მათ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ ქრისტიანების მიმართაც, შიიტების მიმართაც – ყველა უმცირესობის მიმართ, თუმცა იეზიდებს განსაკუთრებულად ვერ იტანდნენ. ჩვენი სოფლიდან მათ ვერავინ გადაურჩა - ვერც კაცი, ვერც ქალი, ვერც მოხუცი, ვერც ბავშვი.

დაახლოებით 3 400 ადამიანი  – ბავშვები, მოხუცები და ახალგაზრდა ქალები – დაკარგულად ითვლებიან. უკვე 16 თვეა, მათ შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ზოგი ამბობს, რომ მოკლეს, ზოგი – რომ თავი მოიკლეს. მათ არც ეძებენ, სიტყვას არ ამბობენ მათ შესახებ. ეხლა მთელი მსოფლიო ხედავს, რას წარმოადგენს „დაეში“, რას სჩადის იგი, თუმცა ახლაც, ამ წუთებშიც ქალებსა და გოგონებს აუპატიურებენ, კლავენ. კაცობრიობის სინდისმა ვერ გაიღვიძა და მათი განმათავისუფლებელი არსად ჩანს".