იმედი ბრუნდება: საქართველოს NATO–ში მისაღებად გზების გამონახვას ჰპირდებიან

2018-10-03 18:30:36
771

ბოლო პერიოდში როგორც თბილისში, ისეუცხოეთში გაკეთებული რიგი განცხადებების გამო საქართველოს მოსახლეობა ლამის შეგუებული იყო იმ აზრს, რომ უახლოეს წლებში ქვეყანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონოდა. ერთ-ერთი ბოლო მსგავსი განცხადება თბილისში ამასწინანდელი ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკეთა და ეს ერთის მხრივ, მოუგვარებელ კონფლიქტებს და მეორეს მხრივ, რუსეთის ნეგატიურ დამოკიდებულებას დაუკავშირა. მსგავსი განცხადებები, ავტორების ნებსით თუ უნებლიედ, წყალს ასხამს იმ პროპაგანდისტული ჯგუფების დღის წესრიგზე, რომლებიც საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, ევროპული და ევროატლანტიკური იმედების გაქრობასა და იმ სრულიად უსაფუძვლო აზრის დანერგვას ცდილობენ, თითქოს NATO-ში შესასვლელად ქვეყანას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმა მოუწევს. ამ ყველაფრის ფონზე ამ დღეებში დასავლეთიდან იმედის ქარმა დაჰბერა: ერთმანეთის მიყოლებით გაკეთდა რამდენიმე განცხადება, რომელიც საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მიმართ დასავლელი პარტნიორების კვლავინდებურად მაღარლ ინტერესზე, მათ მიერ10 წლის წინანდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, რუსული საფრთხის სათანადოდ გაცნობიერებაზე და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მისაღებად გზების ძიებაზე მიუთითებს.

პირველი ასეთი განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა:

 

„საქართველოს არ მოუწევს არჩევანის გაკეთება ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ს წევრობას შორის. ნატო-ს ყველა ლიდერი შეთანხმდა იმ პოზიციაზე, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ჩვენ ასევე ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირეთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ეს კი მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებსაც. საქართველოს არ მოუწევს, არჩევანი გააკეთოს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ს წევრობას შორის. საქართველო ალიანსის წევრი გახდება, როდესაც ნატო-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ჩვენ საქართველოს ამაში დავეხმარებით, დავეხმარებით რეფორმების იმპლემენტაციაში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ამასობაში კი მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მეტი ნატო გვაქვს საქართველოში და მეტი საქართველო - ნატო-ში. მაშინ, როდესაც ჩვენ საქართველოს გაწევრიანებაზე ვმუშაობთ, ჩვენ ჩვენს პარტნიორობას ვაძლიერებთ“.

 

ამას მოჰყვა გავლენიანი ამერიკელი სამხედროს, ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, გადადგომის შემდეგ გერმანიაში მცხოვრებ გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის განცხადება, რომლის თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აუცილებლად გაფართოვდება და მასში საქართველოს მისაღებად გზები უსათუოდ გამოიძებნება:

„საქართველო უკვე ეხლა უნდა იყოს NATO-ს წევრობის გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მისი ტერიტორიების 20% დღემდე აქვს ოკუპირებული. ე.წ სარკოზის შეთანხმების ხელმოწერისას რუსეთი ამბობდა, რომ საკუთარ ჯარს გაიყვანდა, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 10 წლის შემდეგაც ის ამ ტერიტორიაზე რჩება. თავის დროზე ჩვენ მივიღეთ ალიანსში დასავლეთ გერმანია, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში იმხანად მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი იდგა. ვფიქრობ, ჩვენ მოვძებნით ხერხს, რათა ალიანსში საქართველოც გავაწევრიანოთ. საქართველოში უკვე არსებობს პორტი ევრაზიასა და ევროპას შორის, ხოლო ანაკლიის ახალი პორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ საქართველო გახდება ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშრებელი რგოლი ევრაზიასა და ევროპას შორის. მე ვთვლი, რომ ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ამაღლებს უსაფრთხოებას, რადგან ყველას აქვს საერთო ინტერესი ამ პორტის მიმართ, ყველა დაინტერესებულია იმაში, რომ საქართველო იყოს საპორტო ქვეყანა და რჩებოდეს სტაბილურად და ღიად. ეს აამაღლებს საქართველოს უსაფრთხოებას და შექმნის მნიშვნელოვან საპირწონეს შავი ზღვის რეგიონში“ – განაცხადა გენერალმა ჰოჯესმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

რაც შეეხება მოსკოვის მუქარას და არგუმენტს იმის შესახებ, რომ „ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მის საზღვრებს თანდათან უახლოვდება, რუსეთის ირგვლივ ბლოკადის წრე იკვრება და ის ვალდებულია, ამასთან დაკავშირებით რაიმე მოიმოქმედოს“, ჰოჯესი ამას „სრულ სისულელეს“ უწოდებს და პრეზიდენტ პუტინის მიერ რუსეთის მოსახლეობის ყურადღების შიდა პრობლემებიდან გარე მტრის ხელოვნურად შექმნილ ხატზე გადატანის მცდელობად აფასებს:  

„რუსეთის მოსახლეობა ამჟამად მაინცდამაინც კმაყოფილი არ არის: პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთის საშუალო სტატისტიკური მოქალაქის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, დემოგრაფიული მდგომარეობა ძალიან ცუდია – მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 66 წელს შეადგენს, პრეზიდენტმა პუტინმა კი სულ ახლახანს საპენსიო ასაკი 65 წლამდე გაზარდა; ქვეყნის ეკონომიკა ეფუძნება იარაღით ვაჭრობასა და ენერგომატარებლების ექსპორტს, რასაც მაინცდამაინც დივერსიფიცირებულ ეკონომიკას ვერ ვუწოდებთ. ამიტომაც ხალხი უკმაყოფილოა და ამ ვითარებაში პუტინს სჭირდება, მოსახლეობის ყურადღება რამეზე გადაიტანოს იმ მოვლენებიდან, რომლებიც ქვეყნის შიგნით ვითარდება. ამის საუკეთესო გზა კი ხელოვნურად გამოგონებული გარე საფრთხის გარშემო ხალხის გაერთიანებაა. არადა, რუსეთის უზარმაზარი საზღვრის ყველაზე უსაფრთხო მონაკვეთი იწყება ფინეთიდან, ნორვეგიიდანაც კი და გრძელდება შავ ზღვამდე: ამ მონაკვეთს NATO-დან თავს არავინ არასოდეს დაესხმება. ჩვენ ევროპაში ერთადერთი ჯავშანსატანკო ბრიგადა გვყავს – საუბარია 88 ტანკზე, რომელიც ყველა ერთად შეიძლება, ერთ საფეხბურთო მოედანზე დატიო, - ცხადია, ეს არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს. დაახლოებით 5 წლის წინ ყველა ჩვენი ტანკი სახლში გავგზავნეთ, მოვაშორეთ ჩვენი საავიაციო ბრიგადაც, რომელიც ევროპაში იყო ბაზირებული. ჩვენ ძალიან სწრაფად განვიარაღდებოდით, ჰოლანდიელებმაც შეწყვიტეს ტანკების წარმოება, გერმანელებმა კი თავისი არტილერია 70, 80, 90%–ით შეამცირეს. ყველგან ყველა განიარაღდებოდა იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელი იყო და სწორედ მაშინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, შემდეგ - უკრაინას.... ამიტომაც [რუსეთის არგუმენტი] რეალობის სრული დამახინჯებაა, თითქოს მათ ვინმე ემუქრებათ. უბრალოდ კრემლის კარზე არავინ აკაკუნებს და ეუბნება, „იქნებ შემოგვიშვათ, თქვენთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გვსურსო. ამ კუთხით ყველა ევროკავშირსა და ნატო-ს უცქერს და რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რომელიმე მეზობლის ერთ ან მეორე ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, თავად რუსეთის მოსახლეობამ დაიწყოს ფიქრი, "იქნებ მართლაც ეს სჯობსო?!“.

ბენ ჰოჯესის შეფასებით, „NATO-მ დაადასტურა თავისი რეპუტაცია, როგორც ყველაზე წარმატებეული ალიანსისა ისტორიაში, სტრუქტურისა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, არის კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია და არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც ქვეყნები ამ ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან".

რაც შეეხება 10 წლის წინ - 2008 წლის ომის წინაპერიოდში რუსული საფრთხის არასათანადოდ გაცნობიერებას, ჰოჯესი, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, ყვება, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხის მიმართ დამოკიდებულება იქ შეცვლილია და „გერმანია 10 წლის წინანდელ შეცდომებს რეალურად ნანობს“.

მისივე თქმით, "გერმანიის ხელისუფლებამ რუსული საფრთხე ნამდვილად გააცნობიერა და ამჟამად ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები ტარდება, მათ შორის – სამხედრო მომზადებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით".

რუსული საფრთხის გაცნობიერების კუთხით ანალოგიური მდგომარეობაა, ჰოჯესის ინფორმაციით, სხვა დასავლურ სახელმწიფოებშიც:

 "როდესაც ჩვენ პასუხს არ ვცემთ, როდესაც ვფიქრობთ, რომ რუსები პასუხისმგებლობის მქონენი არიან, ისინი ამის ექსპლუატირებას ეწევიან. ფაქტია, რომ ჩვენ სათანადო სერიოზულობით არ ვუპასუხეთ [რუსებს 2008 წლის ომზე]. პასუხი გაცემული იყო, თუმცა არასაკმარისი საიმისოდ, რომ მათ [რუსებს] ეს ეგრძნოთ. ეს არ გაკეთდა და ახლა შევეჯახეთ იმას, რასაც შევეჯახეთ. ჩვენ აღვიქვამდით რუსებს პასუხისმგებლობის მქონედ, კერძოდ, ე.წ სარკოზის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, რუსი ჯარისკაცი აღარ უნდა იყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ დღესაც უნდა შევახსენებდეთ დასავლეთის ქვეყნებს, რომ რუსეთს ამ დრომდე არ შეუსრულებია ის, რისი შესრულების ვალდებულებაც ჯერ კიდევ მაშინ აიღო. რატომ გვიკვირს, რომ ისინი არც სხვა შეთანხმებებს ასრულებენ?! იმიტომ, რომ მათი არშესრულება რუსებისთვის დაუსჯელი რჩება. ვფიქრობ, დასავლეთი იღვიძებს. უნდა ვთქვა, რომ დასავლეთი ძალიან კარგად მოიქცა, როდესაც სანქციები შემოიღო. ფაქტია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს განაგრძობს – ეს მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს განაგრძობს – ეს მნიშვნელოვანია".

ამასთან გენერალ ჰოჯესის აზრით, საქართველოსთვის ან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება – ეს არა სტრატეგია, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა:

"ჩვენ არ ვთვლით, რომ აი, ჩვენ იარაღი მივაწოდეთ და ეს ჩვენი სტრატეგიაა. ალიანსისთვის და საკუთრივ აშშ–ისთვის სტრატეგია ისაა, რომ აღვიქვამდეთ შავი ზღვის რეგიონს რეგიონად, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვან თეატრად ევროპაში. დარწმუნებული ვარ, რუსები აღიქვამენ შავი ზღვის რეგიონს, როგორც ევროპის კონტინენტის ყველაზე მნიშნელოვან ნაწილს, რადგან ეს მათთვის სირიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გამშვები პლატფორმაა, ერთგვარი აივანი, საიდანაც მათ შეუძლიათ, მთელს ევრაზიას უყურონ. ამიტომაც იბრძვიან ისინი იქ, ხარჯავენ ფულს, ამიტომაც მოახდინეს ყირიმის ანექსია, ამიტომაც აგრძელებენ ზეწოლას საქართველოზე და ამ რეგიონში სხვა ჩვენს მეგობრებზე. რუსეთი ყოველთვის შეეცდებასაკუთარი ბერკეტების გამოყენებას, რათა რეგიონის ქვეყნების დასავლეთზე გადაორიენტირებას ხელი შეუშალოს. საქართველო იმგვარად არის განლაგებული, რომ უდიდესი ეკონომიკური გავლენა შეუძლია, იქონიოს დღეს. სადღეისოდ სულ უფრო მეტ ქვეყანას სურს, დარწმუნებული იყოს, რომ საქართველო სტაბილური და უსაფრთხოდ მყოფი სახელმწიფოა და შეუძლია, დერეფნად იქცეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის" – დასძინა ჰოჯესმა.