სახიფათო თამაშები ეთნიკურ "ცეცხლთან": ზურაბიშვილის წინასაარჩევნო მეთოდები  

2018-10-03 16:47:40
1408

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება: ლამის ყოველი ახალი განცხადებით ქალბატონი სალომე საზოგადოების (სულ მცირე) ნაწილის შეშფოთებას (თუ არა აღშფოთებას) იწვევს. საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ამ საეჭვო სარგებლიანობის ტრადიციას მან არც გუშინ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტის დროს, ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრისას უღალატა.

ამ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რაშიც (სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს) ალოგიკური არაფერი იყო. თუმცა ამ თემაზე საუბრისას  მას, როგორც ჩანს, წინასაარჩევნო ჟინმა იმდენად სძლია, რომ რიგი საკმაოდ საშიში მოსაზრებების გამოთქმის მართებულობა ვეღარ განსაზღვრა (იმედია) და ალბათ, დღეს არ უნდა უკვირდეს, რომ კვლავ მოუწევს კრიტიკის ქარ-ცეცხლში გავლა.

კერძოდ, ქალბატონმა სალომემ აცნობა ადგილობრივ ეთნიკურ სომხებს, რომ "საქართველოს პრეზიდენტმა თურქებს მისცა საქართველოს მოქალაქეობა, ადგილობრივ სომხებს  – არა":   


„მე ვიქნები საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. საფრანგეთში ვარ დაბადებული და ვიცი, რას ნიშნავს მოქალაქეობის საკითხი. ეს იყო ის რეგიონი, სადაც სუფევდა ტოლერანტობა. ამის გამოა, რომ ქართულად გელაპარაკებით. საჭიროა, რომ ამ ტოლერატობასთან ერთად სახელმძღვანელო ენა ნამდვილი სახელმწიფო ენა გახდეს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს თქვენი ინტეგრაციისთვის, ამ კუთხით, როგორც პრეზიდენტი, თქვენი დამცველი ვიქნები, რომ თქვენთვის ყველა გზა ღია იყოს. ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, თუმცა თქვენ არ მოგცათ, ახლა მისი წარმომადგენელი არის ჩემი ოპონენტი. ვიდრე მე მაჟორიტარი დეპუტატი გავხდებოდი, დავიწყე ორმაგი მოქალაქეობის პროექტზე მუშაობა, ამიტომ ახლა ეს საქართველოში აკრძალული აღარ არის. დღეიდან შეგიძლიათ, შეიტანოთ მოქალაქეობის აღდგენაზე განცხადება, თუმცა უნდა საუბრობდეთ ელემენტალური ქართულით და ისტორია უნდა იცოდეთ ელემენტალურად“.

ოპოზიციამ და საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული განცხადება ქსენოფობიურად შეაფასეს.

ხელისუფლების ოპონენტებმა ეს საკითხი პარლამენტის თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძის წინაშეც დააყენეს. თუმცა მან არსობრივ პასუხს თავი აარია და ოპოზიციონერ დეპუტატებს ზურაბიშვილის მიმართ „ბინძური კამპანიის დასრულებისკენ"  მოუწოდა.

კობახიძის ნაცვლად, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის ხსენებული განცხადების მიზეზის განმარტება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა სცადა:

"ფაქტია ის, რაც საზოგადოებას ახსოვს: მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ყოფნის ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მოქალაქეობა იქნა თვითონ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დარიგებული, ოღონდ რა დამსახურებებით - ეს არავინ იცის. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მანამდე არ იყო საქართველოს მოქალაქე, სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გახდა საქართველოს მოქალაქე და ამაზე არავის არ უთქვამს  ახსნა, თუ რატომ მოხდა ასეთი მასიური დარიგება საქართველოს მოქალაქეობის. ალბათ, სწორედ ეს იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა და მეტი არაფერიო“.

რა საფრთხეს ხედავენ ზურაბიშვილის განცხადებაში

დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამ საკითხზე საუბრისას "არა მხოლოდ ეთნიკური შუღლის შესაძლო გაღვივებაზე, არამედ რეგიონში რუსული სპეცსამსახურების აქტიურ მუშაობაზე" მიუთითებს:

„უკვე მრავალი წელია, რაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აქტიურად მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურები, მუშაობს რუსული პროპაგანდა იმისთვის, რომ გააღვივონ ანტითურქული და ანტიდასავლური განწყობები. როდესაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ჩადის ამ რეგიონში და საუბრობს პირდაპირ რუსეთის პროპაგანდის ენით, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესზე  – საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაზე“.


აღმოსავლეთმცოდნე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, „სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომემ ქვეყნისთვის მავნებლური, ქსენოფობიური განცხადება გააკეთა, რომელიც შეიცავს ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობას და, შესაბამისად, უკიდურესად სახიფათოა“:

„მსგავს განცხადებას რიგითი მოქალაქეც კი არ უნდა აკეთებდეს, არათუ ქალბატონი სალომე - მმართველი პარტიის მიერ მხადრაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი: როდესაც შენი მოქალაქეების ნაწილს ეუბნები, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს ანიჭებენ უპირატესობას, ამით მას იმას ეუბნები, რომ იგი მეორეხარისხოვან მოქალაქედაა მიჩნეული ეთნიკური ნიშნის გამო და ჩაგრავენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ხდება ისეთ სენსიტიურ რეგიონში, როგორიც ჯავახეთია. სენსიტიური იმიტომაა, რომ აქ ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები. მათ უყვართ ეს ქვეყანა და სახელმწიფოსგან ყურადღება სჭირდებათ. ისინი დიდი ხანია, ითხოვენ, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს სახელმწიფო ენის, ანუ ქართულის სწავლებას რეგიონში. კურსები ფორმალურად კი არის, მაგრამ რეალურად, ხარვეზებია მასში, რასაც გამოსწორება სჭირდება. საგანგაშოა, რომ ამ და სხვა რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი ახალქალაქში სახიფათო თემებზე მსჯელობს“.

ბატიაშვილის აზრით, მსგავსი განცხადების მიზეზი შესაძლოა, ორი იყოს და ორიცე - სახიფათო:

„იგი ან ვერ აცნობიერებს საკუთარი განცხადებების სკანდალურობას, რადგან არ იცნობს აქაურ რეალობას, ან ამას აკეთებს შეგნებულად. ორივე სახიფათოა".

ამასთან, ბატიაშვილი არ იზიარებს ზურაბიშილის ნეგატიურ დამოკიდებულებას თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით:  

„ის ფაქტი, რომ პრეზიენტმა მოქალაქეობა მიანიჭა თურქეთში მცხოვრებ ქართველებს, მხოლოდ პოზიტიურია. სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომემ ისინი "თურქებად" მოიხსენია, რამაც მათში ბუნებრივი აღშფოთება გამოიწვია. თუ თავად საფრანგეთში დაიბადა და ქართველია, თურქეთში დაბადებული ქართველი რატომ არაა ქართველი?! ანუ, სხვა ყველაფერთან ერთად, იგი საფუძველშივე ეწინააღმდეგება საკუთარ განცხადებებსაც... თუ, მისი ლოგიკით, საფრანგეთში დაბადებულები უფრო მაღალი დონისანი არიან?! ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქალბატონ სალომეს არ ჰყავს შესაბამისი მრჩევლები, ან თუ ჰყავს, არ უსმენს მათ. ასე თუ გააგრძელა და გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, სამწუხაროდ, სერიოზული პრობლემები გველის წინ“.

სომეხი ეროვნების მოქალაქეების წილი საქართველოს მოსახლეობაში

2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის თანახმად, სომხები რაოდენობრივად საქართველოში წარმოდგენილ ეროვნებებს შორის 4,5%–ით მესამე ადგილს იკავებენ. პირველ ადგილზე არიან ქართველები, შემდეგ – აზერბაიჯანელები. საყოველთაო აღწერით. 

უშუალოდ სამცხე–ჯავახეთის რეგიონში 155 009 ადამიანი ცხოვრობს, მათი მნიშვნეოვანი ნაწილი ეროვნებით სომეხია.

სადავო მოქალაქეობა

2013 წელს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქის სტატუსის მისანიჭებლად სამ თვეში სამი ბრძანება გამოსცა: 10 სექტემბერს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა თურქეთის რესპუბლიკის 935 მოქალაქეს, 13 ოქტომბრის ბრძანებულებით – 1088 პირს, ხოლო 5 ნოემბრის ბრძანებულებით – 735-ს. საქართველოს მოქალაქის სტატუსი თურქეთის სულ 2 758-მა მოქალაქემ მიიღო.

 

 “პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყენებინა ექსკლუზიური უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით. ამ პირთა შორის უმეტესობა ჩვენი მოქალაქეები არიან, ისინი, ვინც ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამო იძულებით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა”, – განაცხადეს მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 

სომხეთი და თურქეთი

რუსული პროპაგანდა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით სენსიტიურ თემებზე მუშაობს, მათ შორის – სამცხე–ჯავახეთში. მაგალითად, ცდილობს ეთნიკური სომეხი მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში რეგიონში თურქული სამხედრო ძალა ჩადგება, რაც მოსახლეობაში შიშს სთესავს. საიდან მოდის ეს განწყობა?


„ჯავახეთში მცხოვრებთა დიდი ნაწილი თავის დროზე გადმოსახლებულია ოსმალეთიდან. პირველი ომის დროს იქ დატრიალდა ტრაგიკული მოვლენები, რასაც სომხეთი და ევროპის მრავალი ქვეყანა ოსმალეთის მიერ სომხების წინააღმდეგ ჩადენილ "გენოციდად" მიიჩნევს. ამ ფაქტის გამოა, რომ სომხეთსა და თურქეთს დღემდე არ აქვთ ერთმანეთთან დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობა. ასევე დაკეტილია საზღვარი ამ ორ ქვეყანას შორის. ამის გარდა თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტში მხარს უჭერს მოძმე აზერბაიჯანს და ა.შ. ეს ყველაფერი სენსიტიურს ხდის სიტუაციას“,– განმარტავს ბატიაშვილი.

 

თურქეთი და საქართველო

თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მის უშუალო სამეზობლოში ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო არიან.

„ამასთან ის წლების განმავლობაში საქართველოსთვის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორიცაა. გარდა იმისა, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე მუშაობს თურქეთში, ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან უამრავი სატრანსპორტო თუ ენერგეტიკული პროექტიც აკავშირებს. საქართველოსთვის თურქეთი ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდიცაა. ჩვენს სახმელეთო მეზობლებში მხოლოდ თურქეთს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამდენად, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თურქეთთან არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება“,– განმარტავს აღმოსავლეთმცოდნე.

„აქცენტი“ კომენტარისთვის საქართველოში თურქეთის საელჩოსაც დაუკავშირდა და პასუხის მიღებისთანავე მას შემოგთავაზებთ.