«მანქანას არ გადავღებავ!» (ვიდეო)

2018-09-27 21:00:53
1565

 

სავალდებულო ლიცენზირების შემდეგ ტაქსის მძღოლებს ამჯერად ავტომანქანების გადაღებვა მოუწევთ. ამ გადაწყვეტილების შესახებ თვითდასაქმებულებსა და ტაქსის სერვისით მოსარგებლეებს ორიოდ დღის წინ დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ აუწყა.

კერძოდ, მძღოლები ვალდებულები არიან, 2019 წლის 1 ოქტომბრამდე ავტომანქანები თეთრად გადაღებონ, - წინააღმდეგ შემხვევაში 200–ლარიან ჯარიმას დაექვემდებარებიან.

რა პრინციპით შეირჩა თეთრი ფერი, არავის განუმარტავს. მანქანის გადაღებვა მძღოლს საკუთარი რესურსით მოუწევს, მერიისგან კი უსასყიდლოდ პარკირებისთვის ადგილსა და მანათობელ ნიშანს მიიღებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსების რეგისტრაციის ახალი ეტაპი დაიწყება და ამ დროისთვის ყველა “ტაქსი” უკვე თეთრი ფერის უნდა იყოს, არ ჰქონდეს მარჯვენა საჭე და 4-ზე ნაკლები კარი.

ტაქსის მძღოლებმა უნდა იცოდნენ:

მანქანის გადაღებვა არცთუ იაფი სიამოვნებაა. მსგავსი სამღებრო სამუშაოების ფასი მღებავი კომპანიის, მანქანის ზომის, ასევე ავტომობილის საწყისი და სასურველი ფერების მიხედვით განსხვავდება და 500-დან 2800 ლარამდე მერყევობს. თუმცა თუ მანქანის მფლობელი მცირე ზომის სახელოსნოს მიმართავს და საღებავსაც თავად შეიძენს, მიიღებს მცირე საშეღავათო ფასდაკლებას. 

ამასთან, ირკვევა, რომ ყველა "ტაქსისტი" არ იქნება ვალდებული, მანქანა შეღებოს: მერიაში მუშავდება პროექტი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის ოქტომბრიდან ტაქსის A და B კატეგორიები უნდა განისაზღვროს:

„ვისაც ეყოლება თეთრი "ტაქსი" და ექნება სურვილი, აიღოს A კატეგორია, მიიღებს ნებართვას და ისარგებლებს იმ უფლებებით, რომლითაც "ტაქსის" ნებისმიერი სხვა მძღოლი სარგებლობს – ექნება ტაქსის ნიშანი. მოგეხენებათ, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც "ტაქსი" დამატებითი შემოსავლის წყაროა, არ ჰყავს თეთრი მანქანა და არც გეგმავს მის გადაღებვას. ასეთი ადამიანები ხშირად „ქოლ–ცენტრების“ მეშვეობით მუშაობენ – იღებენ შეკვეთებს და მგზავრები გადაჰყავთ. ასეთ მძღოლებს შეუძლიათ, აიღონ B კატეგორიის ნებართვა. მათ არ მოეთხოებათ, ჰყავდეთ თეთრი ფერის ავტომობილი; შეუძლიათ, განაგრძონ „ქოლ–ცენტრებთან“ თანამშრომლობა, მაგრამ არ ექნებათ უფლება, განათავსონ ტაქსის ნიშანი და მგზავრი ქუჩიდან აიყვანონ“,– განუმარტეს "აქცენტს" დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო სამსახურში. 

იგივე რეგულაციები ვრცელდება ტაქსის იმ მძღოლებზე, რომლებსაც დედაქალაქის ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან, მაგალითად რუსთავიდან, მცხეთიდან გადაჰყავთ და გადმოჰყავთ მგზავრები.  

„ზოგიერთები ამბობენ, „გადაღებვა 1500 ლარი ჯდებაო“. შესაძლოა, 2500 ლარიც დაჯდეს, თუ მანქანას დაშლი და ყველა მხრიდან შეღებავ. მოთხოვნაა, რომ მანქანა თეთრი იყოს მხოლოდ გარედან. ამ შემთხვევაში შეღებვა ბევრად იაფი ღირს. შეიძლება სტიკერის გამოყენებაც“,– განმარტავენ სატრანსპორტო სამსახურში.  

რაც შეეხება პარკირებას, გარდა ტაქსებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილისა, მძღოლს უფლება ექნება, ავტომანქანა გააჩეროს ფასიანზეც და მოუწევს ამ დროისთვის პარკინგისთვის დადგენილი ყოველწლიური გადასახადი – 50 ლარი იხადოს,მოძრაობისას კი იხელმძღვანელებს მოძრაობის წესებით – გააჩერებს და შეაჩერებს ნებადართულ ადგილზე.  

„ყველა დიდ ქალაქში პარკირების პრობლემაა და ჩვენ ტაქსებისთვის ამ კომფორტს ვქმნით“,– ამბობენ დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო სამსახურში. 

თუმცა, როგორც ირკვევა, მანქანის გადაღებვით საქმე არ სრულდება: ვინაიდან ფერი სატრანსპორტო საშუალების პასპორტშია მითითებული, გადაღებვის შემთხვევაში პასპორტის შეცვლა ხდება აუცილებელი, რაც ფასიანი სერვისია და 35 ლარი ღირს. 

არ ვაპირებ მანქანის გადაღებვას!“

«აქცენტმა» გადაწყვიტა, მერიის გადაწყვეტილების მიმართ ტაქსის თბილისელი  მძღოლების აზრი გაერკვია და მცირე გამოკითხვა ჩაატარა.

დიმიტრი უკვე 30 წელზე მეტია, ოჯახს ამ საქმიანობით არჩენს. დედაქალაქის მერიის ახალი რეგულაციები არ მოსწონს, არც უფასო პარკინგით სარგებლობას გეგმავს და არც მანქანის გადაღებვას, თუმცა ლიცენზია აღებული აქვს.

 

თავად ლიცენზია ძვირი არაა, მეც ავიღე, მაგრამ მანქანას არ გადავღებავ – ამის არც საშუალება მაქვს და არც სურვილი“,– ამბობს დიმიტრი.

ფიქრობს, რომ ცვლილებები მომსახურებას გააძვირებს, ტაქსების რაოდენობა კი შემცირდება.

დიმიტრის თავად ფერთან დაკავშირებით «პრობლემა არ აქვს», მაგრამ მერიას პირველი რიგის პრობლემებით დაკავებას ურჩევს: 

„ვფიქრობ, გადაწყვეტილება ნაჩქარევია. როგორც ჩანს, სურთ, ევროპულ ქვეყნებს დაემსგავსონ, მაგრამ სხვა ყველაფერში ვართ კი უკვე ამ დონის ქვეყანა?! ჯერ  მოაწესრიგონ სამარშრუტო ტაქსების საკითხი, მიკროავტობუსების და მერე მოგვხედონ ჩვენ. მოაწესრიგონ გზები, გზაჯვარედინები... მაგალითად, საგზაო ნიშნებს და შუქნიშნებს ხის ტოტები ეფარება; „ზებრა გადასასვლელების“ განახლება არ ხდება - ვეღარც ხვდები, როდესაც კვეთ და ეს რას ჰგავს?!“.

ახალი გადაწყვეტილებით გულნატკენია დიმიტრის კოლეგა გელაც. ახალი მოთხოვნის შესრულებას არც ის გეგმავს:


„ეს გაჭირვებულისთვის წიხლის დაჭერას ჰგავს. მე პენსიონერი კაცი ვარ. 78 წლის კაცი ამ საქმეს რატომ უნდა ვემსახურებოდე?! ლიცენზია ორი დღის წინ ავიღე და გუშინ ახალი ამბავი გაგვაგებინეს შეღებვაზე. არ ვაპირებ მანქანის შეღებვას! განა რას ვშოულობთ? - დღეში 15–20 ლარი თუ გავაკეთე, გახარებული ვარ. საღამოს მივდივარ სახლში, პატარა შვილიშვილი მხვდება და მეკითხება, „პაპა, რა მომიტანეო?“, - მიდი, აბა, ცარიელი! მანქანას არ გადავღებავ. ეს გულში ლახვრის ჩაცემაა. თუ თეთრი მანქანა გინდა, თავად გადამიღებე - 600–700 ლარი ღირს! ჩემს შვილებს სესხები აქვთ აღებული, ბინა ბანკში მაქვს ჩადებული, პენსიონერი კაცი ვწვალობ, ვიბრძვი გადარჩენისთვის და მთავრობა რაში გვეხმარება? - არაფერში, პირიქით!“.