ირაციონალური შიში: იკურნება თუ არა ჰომოფობია?

2018-09-24 18:43:50
1012

მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია, უარი თქვეს მოსაზრებაზე, რომ  ადამიანის სექსუალური ორიენტაცია შეიძლება, შეიცვალოს: არსებობს კონსენსუსი, რომლის თანახმად, არ შეიძლება იმის მკურნალობა, რაც დაავადებას არ წარმოადგენს. ამის შესახებ "BBC" ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

აშშ–ში ჰომოსექსუალიზმი დაავადებად 1973 წლიდან აღარ ითვლება. 1990 წელს კი ანალოგიურ დასკვნამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მივიდა.

აი, ჰომოფობია კი, პირიქით, სულ უფრო ხშირად ექცევა მეცნიერების ყურადღების ცენტრში, რომლებიც მისი წარმომავლობის დადგენას ცდილობენ.


„ირაციონალური შიშები“

 

ამერიკელი ფსიქოლოგი ჯორჯ ვაინბერგი, რომელმაც ეს ტერმინი გასული საუკუნის 60-იან წლებში შემოიღო, ასეთ განმარტებას იძლევა: „ჰომოფობია – ეს არის ჰომოსექსუალთან მჭიდრო კონტაქტში ყოფნის შიში“.

1972 წელს გამოცემულ წიგნში „საზოგადოება და ჯანმრთელი ჰომოსექსუალი“ ვაინბერგი წერს: „მე ვერასოდეს ვაღიარებ პაციენტს ჯანმრთელად, თუ ის ჰომოსექსუალობის წინაარმდეგ საკუთარი ცრუ რწმენის დაძლევას ვერ ახერხებს“. 


რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიისა და სამედიცინო სექსოლოგიის პროფესორი ემანუელ ჯანინი თვლის, რომ ჰომოფობია მხოლოდ აისბერგის წვერია, ეს მოვლენა პიროვნულ თავისებურებებს უკავშირდება და თუკი მას ძალადობა სდევს თან, ის შეიძლება, სულიერ დაავადებად იქნას აღიარებული.

2015 წელს „The Journal of Sexual Medicine“-ში გამოქვეყნებულმა მისმა პუბლიკაციამ, რომელშიც ჯანინი ჰომოფობიისა და ფსიქოტიზმის (პიროვნული თვისება, რომელიც მტრული დამოკიდებულებისა და რისხვის მიმართ მიდრეკილებით გამოიხატება) კავშირზე აკეთებს აქცენტს,  მეცნიერებში ცხარე დავები გამოიწვია. 

კონსერვატიულად განწყობილმა კრიტიკოსებმა ჯანინის მოსაზრებებს „ბოდვა ლგბტ–ის სასარგებლოდ“ უწოდეს. თუმცა თავად სექსოლოგი BBC–სთან ინტერვიუში საკუთარ მოსაზრებას იცავდა და განმარტავდა, რომ ჰომოფობიური მიდრეკილების მქონე პიროვნებებს იმთავითვე სუსტად თვლიდა:

„[სუსტი] – ეს არა სამეცნიერო, არამედ ჩემი პირადი ტერმინია, რომელსაც ვიყენებ, რათა უკეთ გამიგონ“, – განმარტავდა პროფესორი.


 

ჰომოფობიის სკალა

 

თავის სტატიაში ჯანინი მის მიერ შემუშავებულ ე. წ. ჰომოფობიის სკალას გვთავაზობდა, რომელსაც მეცნიერი იტალიელი სტუდენტების 551–კაციან ჯგუფში ჰომოფობიის დონის განსასაზღვრად იყენებდა. მიღებული შედეგები მან სხვა ფსიქოლოგიური პარამეტრების მონაცემებს შეადარა.

საბოლოოდ, ამ ყველაფრის საფუძველზე ჯანინიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ  ჰომოფობიისადმი მიდრეკილება კორელაციაშია ისეთ პიროვნულ თავისებურებებთან, როგორიცაა ფსიქოტიზმი და დაცვის უმწიფარი მექანიზმები, ხოლო ჯანსაღი ატმოსფეროს მქონე ოჯახებში გაზრდილი ადამიანები ჰომოფობიისადმი ნაკლებ მიდრეკილებას იჩენენ.

"აქ საქმე ფსიქიკის პრობლემებს ეხება, რომლებიც განკურნებადია", – დარწმუნებულია ჯანინი:

„დავუშვათ, არ მოგწონთ ჰომოსექსუალების ქცევა. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად დაიწყებთ ნებისმიერი შემხვედრისთვის იმის მტკიცებას, რომ თავად ჰომოსექსუალი არ ხართ, რომ ჰომოსექსუალებს ვერ იტანთ და არ ეთანხმებით იმას, რომ ჰომოსექსუალები სკოლებში ასწავლიდნენ?! ჩვენ ასწლეულობით ვდავობდით იმაზე, არის თუ არა ჰომოსექსუალობა დაავადება და აი, ეხლა პირველად ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ რეალური დაავადება, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ, ჰომოფობიაა“.


 

კულტური ფაქტორი

 

თუმცა ცხადია, ოფიციალური და კულტურული ფაქტორები პიროვნების ჩამოყალიბებაზე მძლავრ ზეგავლენას ახდენს.

მოგვიანებით გამოქვეყნებულ ახალ სტატიაში ჯანინიმ და სხვა თანაავტორებმა იმის კვლევის შედეგები წარმოაჩინეს, როგორ კორელირებენ ჰომოფობიის დონესთან კულტურის გარკვეული ტიპები, რომელთაც ჰიპერმასკულინობის, ქალთმოძულეობისა და მორალიზატორობის თვალშისაცემი ფაქტორები ახასიათებთ.

2017 წელს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში მათ 3 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 1048 სტუდენტის შეხედულებების 3 რელიგიასთან (იტალია – უმთავრესად კათოლიკური ქვეყანა, ალბანეთი – უმთავრესად მუსლიმეური და უკრაინა – უმთავრესად მართმადიდებლური) კორელაციის კვლევის შედეგები წარმოადგინეს.

„საინტერესოა, რომ თავისთავად რელიგია ჰომოფობიის დონესთან არ კორელირებდა. ამა თუ იმ კულტურაში ჰომოფობიის დონეზე ზეგავლენას უფრო მეტად სამივე რელიგიაში არსებული ფუნდამენტალისტური შეხედულებები ახდენდა“, – აცხადებს ჯანინი.

 

დოგმის ძალა

 

ზომიერად მორწმუნენი ამბობენ, რომ თავად რწმენა არ წარმოადგენს საბაბს ან შირმას ჰომოფობიისთვის.

„ჩვენ არატოლერანტულები ვართ ცოდვის და არა ცოდვილების მიმართ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ვერ შეიცვლის საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას ჰომოსექსუალობისადმი, რადგან ეს დოგმა არა ეკლესიისგან, არამედ ღმერთისგან მომდინარეობს. ვთვლით, რომ ადამიანები, რომლებსაც ერთსქესიანი კავშირები აქვთ, საკუთარი ცოდვილობის მსხვერპლნი არიან და ამ ხარისხში სულიერ დახმარებას იმსახურებენ“, – ამბობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყიფშიძე.

თუმცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მსგავს რბილ პოზიციას ყველა მოღვაწე როდი ავლენს.


„მე მესმის რუსი ხალხის აღშფოთების. წმინდა წერილი გვასწავლის, ქვებით ჩავქოლოთ არატრადიციული ორიენტაციის ყველა ეს ახალგაზრდა“, – განაცხადა 2012 წელს სასულიერო პირმა სერგეი რიბკომ მოსკოვის ერთ–ერთ გეი-კლუბზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას.

თუმცა ვახტანგ ყიფშიძე საპასუხოდ აცხადებს: „ახალ აღთქმაში არაფერი წერია იმაზე, რაც ამა თუ იმ სახის ცოდვილის ქვებით ჩაქოლვაზე მოუთითებს. ეკლესია სქესობრივი ურთიერთობების კრიმინალიზაციას არ ახდენს და მხარს არ უჭერს ერთსქესიანი ურთიერთობების კრიმინალიზაციას. თუმცა ბევრ მორწმუნეს წმინდა წერილი არ ესმის და ცდილობს, იგი ძალადობისადმი საკუთარი მიდრეკილების შირმად გამოიყენოს“.

 

ენის ძალა

 

„უდავოა, რომ ზოგიერთი გამონათქვამი, რომელსაც სასულიერო პირები ხშირად ქადაგებისას იყენებენ, ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას აღვივებს“, – ამბობს ირლანდიელი პოლიტიკოსი და აქტივისტი ტიერნან ბრეიდი, რომელიც ხშირად გამოდის კათოლიკეებს შორის სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად.


ბრეიდი გამოცემა „Equal Future”-ს ხელმძღვანელობს, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში დუბლინში რომის პაპ ფრანცისკის ვიზიტის დროს დაფუძნდა.

„ჰომოფობია ადამიანის თანდაყოლილი თვისება არ არის, ჩვენ მას სიცოცხლის განმავლობაში გარესამყაროს ზემოქმედების შედეგად ვიძენთ“, – ამბობს ბრეიდი.

ლგბტ თემის მიმართ დამოკიდებულება ჩვენს დროში ბევრ ქვეყანაში იცვლება, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ჩინეთისა და ინდოეთის ჩათვლით, თუმცა ძნელია, იმედი იქონიო, რომ ეს ცვლილებები მყისიერად გააუქმებს მტრული დამოკიდებულებისა და მცდარი სტერეოტიპების ასწლეულების შედეგებს.  

ეკლესია ადამიანთა ცხოვრების მხოლოდ ერთი ნაწილია და ჰომოფობია ჩვენში საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთი სფეროებიდანაც აღწევს, როგორიც არის სპორტი, პოლიტიკა, კულტურა.  

"კონსერვატიულ ქვეყნებში კულტურამ შესაძლოა, ყველაზე მკაცრი რელიგიური აკრძალვების სიმკაცრე გააძლიეროს. ქვეყნები, სადაც ჰომოფობიური განწყობების ზრდას ვადევნებთ თვალს – ეს ის სახელმწიფოებია, სადაც ლგბტ თემის წამომადგენლები შეუმჩნევლები არიან, რადგან ასეთ ქვეყნებში უფრო ადვილია შიშისა და უნდობლობის ატმოსფეროს შექმნა“, – ამბობს ბრეიდი.

 

სტერეოტიპების ძალა

 

ტენესის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, „The Journal of Counseling Psychology”–ის რედაქტორი პატრიკ გრჟანკა აღნიშნავს, რომ ჰომოფობია სტერეოტიპებსაც უკავშირდება.

2016 წელს მან აშშ–ში 645 სტუდენტი გამოიკვლია, რათა მათში ჰომოფობიის დონე დაედგინა. გამოვლინდა 4 განსხვავებული სტერეოტიპი:

1. ადამიანები, რომლებიც სექსუალურ უმცირესობას მიეკუთვნებიან, ასეთეbად დაიბადნენ;

2. ერთი სექსუალური ჯგუფის ყველა წევრი ერთმანეთს ჰგავს;

3. ერთი ადამიანი შეიძლება, მხოლოდ ერთ სექსუალურ ჯგუფს ეკუთვნოდეს;

4. ერთი სექსუალური ჯგუფის რომელიმე წევრს თუ გაიცნობ, გაიცნობ მთელს ჯგუფს.

გასაკვირი არ არის, რომ ამერიკელ სტუდენტებს შორის პირველი მოსაზრების გამზიარებელთა მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა. მას ყველა სექსუალური ჯგუფის წარმომადგენელი რესპონდენტები იზიარებდნენ. დანარჩენი 3 მოსაზრების გაზიარება კი გამოარჩევდა რესპონდენტებს სექსუალური უმცირესობებისადმი ყველაზე მძაფრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულებით.


გრჟანკამ ამ მოვლენას ადამიანის ცნობიერებაში „იმპლიციტური არჩევანი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის ინდივიდებს გარკვეული სტერეოტიპების გაზიარებას უადვილებთ.

მეცნიერის აზრით, ადამიანთა შორის ურთიერთობებში მსგავსი სტერეოტიპების დაძლევის საუკეთესო გზა განათლებაა და მას შეუძლია, საბოლოო ჯამში, ჰომოფობიის დონე შეამციროს.

„ჩვენ უნდა ვატარებდეთ რაც შეიძლება, მეტ და ფართო საინფორმაციო კამპანიებს, რათა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ  ყველა გეი ერთმანეთს როდი ჰგავს, სექსუალური ორიენტაცია კი არ არის ის, რისი შეცვლაც შეიძლება. არ არსებობს არაფერი, რაც სექსუალური უმცირესობების წინაშე ირაციონალურ შიშებს ჰბადებს. კაცობრიობის ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც ჰომოსექსუალური ქცევა არათუ არ იდევნებოდა, არამედ კანონითაც იყო დაცული და ამას მიესალმებოდნენ“, – ამბობს გრჟანკა.


არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ განათლებას სადავო თემების მიმართ საზოგადოების წარმოდგენაზე მძლავრი გავლენის მოხდენა შეუძლია. 1993 წელს ამერიკელების 2/3–ზე მეტი ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ ილაშქრებდა, ხოლო ლეგალიზებას 1/3-ზე ნაკლები უჭერდა მხარს, – იუწყება კვლევითი სააგენტო „Gallup“. 20 წლის შემდეგ კი მისი კვლევის შედეგები საწინააღმდეგოა: 2/3 მხარდამჭერია, 1/3 – წინააღმდეგი.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ლგბტ თემის ზრდასრულ წევრთა 10%–ზე მეტი ერთსექსიან ქორწინებაში იმყოფება, ამ თემის ღია, საჯარო განხილვები კი ჰომოფობიის დაძლევას უწყობს ხელს.

დღემდე უცნობია, შესაძლებელია თუ არა ჰომოფობიის მკურნალობა, როგორც ფსიქიკური გადახრისა, თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ მისი არსის შეცნობას მიუახლოვდნენ.