სტოლტენბერგი: "საქართველო გახდება ნატო–ს წევრი"

2018-09-16 01:32:24
1293

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატო-ში გასაწევრიანებლად საქართველოს დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს, – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ფონდ „მემკვიდრეობის“ სემინარზე გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, საქართველოსთვის ნატო მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ნატო-სთვის არის საქართველო მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ მხარეებს შორის პარტნიორობის გაღრმავება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

„არანაირად არ ვცნობთ რუსეთის ჯარების ყოფნას მის ტერიტორიაზე. ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს წევრ ქვეყნების ლიდერებმა გაიმეორეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ვეხმარებით საქართველოს რეფორმების გატარებაში, აქვს ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერაც. გავხსენით წვრთნისა და შეფასების ცენტრი და ვეხმარებით თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების რეფორმირებაში. საქართველო აღწევს პროგრესს, რაც მისასალმებელია. გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას და დავეხმარებით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, გაწევრიანების ჩათვლით. ჩვენ მადლიერი ვართ, რასაც საქართველო აკეთებს ნატო-თვის... ასე რომ, საქართველო მნიშვნელოვანია ნატო-თვის, ნატო-ც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის უფრო მეტად გაძლიერებას. საქართველო გახდება ნატოს წევრი“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.