სად მივყავართ „კოკა–კოლას“ ნაკვალევს

2018-09-14 17:14:35
971

სოციალური ქსელის მომხმარებლების რისხვის ობიექტად ამჯერად “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დირექტორი ვახტანგ ლაღიძ იქცა. აქტიურ მოქალაქეთა ნაწილის აღშფოთება მის მიერ განხორციელებულმა პოლიტიკურმა შეწირულობამ გამოიწვია: ლაღიძემ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა.


 

50 000 - "ღირსეულ", თუმცა "უუფლებო" კანდიდატს "არასწორად თქმული, არასწორად გაგებული ან ინტერპრეტირებული" განცხადებებით 


როგორც თავად ლაღიძე განმარტავს, „ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია“.

"აქცენტი" დაინტერესდა, იზიარებს თუ არა ბიზნესმენი სალომე ზურაბიშვილის პოზიციას რუსეთ–საქართველოს ომთან დაკავშირებით.

"ჭეშმარიტი და ნათელია ის, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. სალომეს განცხადებებზე განმარტება გაკეთდა - მის მიერაც და სხვა პოლიტიკოსებისგანაც. ვფიქრობ, არასწორად იქნა გაგებული მისი განცხადებები, ან მოხდა მათი ინტერპრეტირება, ან რაღაც ბოლომდე არ ითქვა სწორად" – განაცხადა ლაღიძემ. http://accent.com.ge/ge/news/details/59481

"კოკა–კოლას" დამფუძნებელი თემურ ჭყონია ირწმუნება, რომ ფულის შეწირვას პრეზიდენტობის არც ერთი კანდიდატისთვის არ გეგმავს. 

როგორც ჭყონიამ bmg-სთან საუბარში განმარტა, დღეს ამ თანამდებობაზე ნებისმიერ პირს "იმდენად მცირე უფლება-მოვალეობები გააჩნია, რომ ის, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, მისთვის ნაკლებად საინტერესოა".

კითხვას, მაშ რატომ შესწირა "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დირექტორმა ვახტანგ ლაღიძემ ფული სალომე ზურაბიშვილს, ჭყონიამ შემდეგი პასუხი გასცა: 

„მან ფული როგორც ფიზიკურმა პირმა, ისე შესწირა. ვახტანგს ნათესავები ჰყავს საფრანგეთში და იქიდან იცნობს სალომეს. ხოლო როგორც ასეთი, კომპანია "კოკა-კოლას" იმის უფლება, რომ პოლიტიკურ ფიგურას ფული შესწიროს, არ აქვს, - ამას ჩვენი კონტრაქტიც გვიკრძალავს“. 

 

40 ათასი ლარი - საკუთარ თავს

 

აუდიტის სამსახურმა 2018 წლის არჩევნებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატთა დაფინანსების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც 22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს ასახავს.

როგორც შესაბამისი დეკლარაციიდან ირკვევა, თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა 108 032 ლარის ოდენობის შემოწირულობები მიიღო.

ამ თანხაში შედის 40 ათასი ლარი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარ თავს შესწირა და ვახტანგ ლაღიძის 50 ათასლარიანი შეწირულობა.

 

პროტესტი


"კოკა-კოლასა" და ლაღიძის წყლის ფეისბუქ-გვერდებზე მოქალაქეთა ჯგუფმა ფლეშმობი მოაწყო: კომენტარებსა და შეფასებებში იდენტური შინაარსის ტექსტები - "რუსეთის გეგმის დამფინანსებელი! #რუსეთიოკუპანტია #არაოკუპაციას #Russiaisoccupant #Russiaisoccupier" იწერება.

 

 

 

"კოკაკოლაკრემლში 


ქართული "კოკა–კოლა" ჟურნალისტებმა 2013 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, პუტინისა და პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასის მოლაპარაკებების დროს აღმოაჩინეს. ქართული "კოკა-კოლა" პრესის ოთახში სხვა სასმელებთან ერთად იდო.

კითხვაზე, საიდან გაჩნდა კრემლში ეს პროდუქტი, პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გაოცება გამოხატა და განაცხადა, რომ "ბოთლი "როსპოტრებნადზორში" ექსპერტიზაზე გაიგზავნებოდა".   


"ქართული "კოკა-კოლა" პუტინის რეზიდენციის პრეს-ცენტრისთვის სპეციალურად იყიდეს სახელმწიფო შეკვეთით და ამიტომ არანაირი პრეტენზია მის ხარისხთან დაკავშირებით არ შეიძლება, არსებობდეს"– განმარტა მოგვიანებით დაცვის ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა სერგეი დევიატოვმა.

მაშინ ამ ინფორმაციის კომენტირებისას "კოკა-კოლას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ "კოკა–კოლა" საქართველოდან პუტინის რეზიდენციაში "შემთხვევით არ მოხვედრილა, რადგან მას რუსეთის პრეზიდენტისთვის საგანგებოდ შეისყიდიან": 

„პუტინი მხოლოდ ქართულ „კოკა-კოლას“ სვამს. რამდენ ბოთლს ყიდულობენ, არ მახსოვს, დაახლოებით 2 ათას შეფუთვას წელიწადში“, – განაცხადა ჭყონიამ, თუმცა მოგვიანებით საკუთარ განცხადებას ხუმრობა უწოდა. 

უნდა აღინიშნოს, რომ იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ მოქმედებდა ემბარგო, რომელიც რუსეთმა საქართველოს 2006 წელს დაუწესა და მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მის მოსახსნელად.  

რატომ იქცნენ ზურაბიშვილი და მისი შემწირველები პროტესტის სამიზნედ

საზოგადოების ნაწილის აღშფოთება სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ განაპირობა, რომლის თანახმადაც, „2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა“  http://accent.com.ge/ge/news/details/59293, უფრო ადრე კი მან 2008 წლის აგვისტოში ცეცხლის გახსნაში საქართველოს დასდო ბრალი.

საპრეზიდენტო კანდიდატი გვარწმუნებდა, რომ მის განცხადებებს საქართველოს წინააღმდეგ ვერავინ გამოიყენებდა, თუმცა ისინი მეორე დღესვე სიამოვნებით აიტაცა რუსულმა მედიამ.

„ცხინვალი ჩირაღდანივით გიზგიზებდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა“,– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის მთავარმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა“,– ამბობს "როსია 1"–ის ჟურნალისტი. 

 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება აგვისტოს ომზე იძლევა  საფუძველს, პროცესი, რომელიც ჰააგაში მიმდინარეობს, საქართველომ სრული ფიასკოთი დაასრულოს.

როგორც დოლიძე ამბობს, პოლიტიკოსის განცხადებები საქართველოს პოზიციას "ურტყამს", რადგან ქვეყანა წლებია, ჰააგაში ომის რუსეთის მიერ დაწყებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის დამტკიცებას  ცდილობს: 

 „10 წელზე მეტია, უამრავი ადამიანი იღწვის საერთაშორისო დონეზე, ჰააგაში, სტრასბურგში, რომ დადგინდეს რუსეთის აგრესია, დადგინდეს, როგორ დაზარალდა საქართველოს მოსახლეობა რუსეთის აგრესიიდან. თუ ეს განცხადებები, რომელსაც დღეს სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, როგორც კანდიდატი, განმეორდა უკვე პრეზიდენტის რანგში, ეს იქნება პირდაპირი დარტყმა ყველა იმ ადამიანის ღვაწლზე და იმის დადგენაზე, რომ ეს ომი დაიწყო რუსეთმა და რომ სწორედ რუსეთმა დააზარალა ჩვენი მოსახლეობის ინტერესები. ასეთი განცხადებები, გაკეთებული პრეზიდენტის ტრიბუნიდან,  იძლევა თითქმის სრულ გარანტიას, რომ ეს პროცესები, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ჰააგაში და სტრასბურგში, დასრულდება ფიასკოთი“.

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში რამდენიმე კამპანია დაიგეგმა http://accent.com.ge/ge/news/details/59480, მათ შორის - online-პეტიცია , რომელსაც ამ დროისთვის 8 000–ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ხელმომწერები მოითხოვენ, ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. თუმცა თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა მათ ასე უპასუხა: “[ამ აქციას] არ აქვს მნიშვნელობა, მე 73 ათასი ხელმოწერა მაქვს [ადამიანების], რომლებიც მიჭერენს მხარსო”.