სიკვდილის გზები აფხაზეთში: გამოსავალი არ არსებობს?

2018-09-13 18:08:02
1019

12 სექტემბერს აფხაზეთში გლოვის დღე იყო: ოკუპირებულ რეგიონში ემშვიდობებოდნენ ტრაგიკულად დაღუპულ დე ფაქტო პრემიერ გენადი გაგულიას, რომელიც ავტოავარიას ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო ინციდენტი 8 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 22:40 სთ-ზე ფსოუ-სოხუმის მაგისტრალზე, გუდაუთის პოლიციის საგუშაგოს სიახლოვეს მოხდა. შაბათი დღე იყო. გაგულიას სამსახურებრივი ავტომობილი იმ აფხაზური დელეგაციის კორტეჟის შემადგენლობაში გადაადგილდებოდა, რომელიც სირიის არაბულ რესპუბლიკაშთითქმის ერთკვირიანი ვიზიტის შემდეგ სამშობლოში ბრუნდებოდა სოჭის გავლით. დე ფაქტო პრემიერს გუდაუთაში მდებარე სახლამდე სულ ათიოდე კილომეტრი რჩებოდა გასავლელი…

ამ მომენტიდან, თუ დე ფაქტო შსს-ს დავუჯერებთ, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: სოფელ ბლაბურხვას (აფხაზური სახელწოდება) სიახლოვეს კორტეჟის გადაადგილებისას შემხვედრი მოძრაობის ზოლზე მოულოდნელად გადმოინაცვლა ვაზ-21009 მარკის ავტომანქანამ, რომელიც მაღალი სიჩქარით გაგრის მიმართულებით მოძრაობდა. მისმა მძღოლმა აგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გზა არ დაუთმო ხმოვანი და სანათი სიგნალებით მოძრავ კორტეჟს. მოხდა შეჯახება, რის შედეგადაც დე ფაქტო პრემიერის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამოტრიალდა და მარჯვენა გვერდზე გაჩერდა. გენადი გაგულია დაიღუპა, მანქანაში მასთან ერთად მყოფი დაცვის წევები და მძღოლი კი მსუბუქად დაშავდნენ.

როგორც შემდგომში გაირკვა, ავტომობილს, რომელიც გაგულიას მანქანას შეეჯახა, ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში 22 წლის მძღოლი - სოფელ ზვანდრიფშის მკვიდრი ხაჯარათ თარსმანი მართავდა, თანაც მართვის მოწმობისა და სხვა საბუთების გარეშე. თარსმანი დაკავებულია. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით არის აღძრული: მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელმაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

სიკვდილის გზები, დაღუპული "პრემიერი" და ღრმა დეპრესია

ეს ავარია ერთგვარი “ბოლო წვეთი” აღმოჩნდა ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის, რომელიც კატასტროფულად ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევებისა და სიკვდილიანობის გამო უკვე დიდი ხანია, აფხაზეთის გზებს “სიკვილის გზებს” უწოდებს. ავტოავარიაში მაღალი თანამდებობის პირთა დაღუპვა ყოველთვის არაორდინალური მოვლენაა, მაგრამ გენადი გაგულიას შემთხვევამ, რიგი სხვა თანმდევი გარებოებების გათვალისწინებით, ბევრ ადგილობრივში ღრმა დეპრესია გამოიწვია.

სურვილი რომ იყოს, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მაგრამ სადაა მსურველი?!

 

გამოკითხულთა უმრავლესობას არ სჯერა, რომ გზებზე არსებული ვითარება ოდესმე გამოსწორდება:

 ალბათ, შეიძლება, გამოსწორდეს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ძალიან რთულია.

 - ჩვენ, როგორც ჩანს, ვერაფერს ვსწავლობთ, ახალგაზრდობას შიში არ აქვს. ამდენი დაღუპული გვყავს, ამდენი ტრაგედია და ეს უბედურება მაინც გრძელდება!

 - სურვილი რომ იყოს, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მაგრამ სადაა მსურველი?!

 - ჩვენთან ყველაფერში წესრიგია დასამყარებელი, კანონი უნდა კანონობდეს – სხვა შემთხვევაში არაფერი გამოვა.

- არაფერში არაა წესრიგი, ტოტალური თავნებობა კი ყოველთვის უბედურებით მთავრდება.

- სანამ კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ არის, წესრიგი არ იქნება!

ყოველწლიურად ოკუპირებულ რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 300–მდე ადამიანი იღუპება, მათგან დაახლოებით 60 –შემთხვევის ადგილზე. თუმცა მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეებისა და გამოტანილი განაჩენების სტატისტიკა განსხვავებულად გამოიყურება.

«Abaza.TV”–ს კორესპონდენტებმა სხვადასხვა დე ფაქტო სახელმწიფო უწყებების მონაცემები შეადარეს და ექსპერტებს გაესაუბრნენ იმის დასადგენად, თუ რაში მდგომარეობს ამ მხრივ აფხაზეში შექმნილი ურთულესი ვიარების მიზეზები, ვინ არის დამნაშავე და რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად.



 

«ნებისმიერი, ვინც სადღეისოდ აფხაზეთში მანქანის ტარებას გადაწყვეტს, მზად უნდა იყოს სიკვდილისთვის"

«ნებისმიერი, ვინც სადღეისოდ აფხაზეთში მანქანის ტარებას გადაწყვეტს, მზად უნდა იყოს სიკვდილისთვის. რაოდენ საშინლადაც არ უნდა ჟღერდეს, ასეთია დღეს ჩვენი რეალობა! როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე გავრცელებული მიზეზები საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა და ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მართვაა, კიდევ უფრო ხშირად - სამივე ფაქტორის ერთობლიობა. ამასთან, რა გახდა ამა თუ იმ ავარიის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში დაუდგენელი რჩება, თუნდაც მომხდარს თვითმხილველები ჰყავდეს» - ყვება აფხაზი ჟურნალისტი.

"გამოძიებას არ ენდობიან და ამაშია საქმე, თუ უბრალოდ იმაში, რომ ყველა ყველას იცნობს... ამ ვითარებაში მუშაობა ძალიან გვიჭირს"

 

ხომ იცით, ჩვენთან როგორ ხდება? - მოხდა ავარია, მაგალითად, სავაჭრო ჯიხურების წინ, ყველამ ყველაფერი დაიხანა, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ არაფერს ამბობს; იყვიან, დამუხრუჭების ხმა გავიგეთ, შეჯახების ხმა, მაგრამ მეტი არაფერი გვინახავს და გაგვიგიაო. არ ვიცი, გამოძიებას არ ენდობიან და ამაშია საქმე, თუ უბრალოდ იმაში, რომ ყველა ყველას ნათესავია, ყველა ყველას იცნობს... სიმართლე გითხრათ, ამ ვითარებაში მუშაობა ძალიან გვიჭირს“,– აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით სასამართლო ექსპერტი ბესლან ახუბა.

უუფლებო ექსპერტების ფარატინა დასკვნა 

როდესაც ესა თუ ის სერიოზული ავტოსაგზაო ინციდენტი ხდება, მომხდარის გარემოებებს ადგილზე მილიციის თანამშრომლები ადგენენ და ინიშნავენ, თუმცა ეს ყოველთვის სათანადო დონეზე როდი კეთდება: თუ არ არის გათვლილი სამუხრუჭე დისტანცია, არ არის დაფიქსირებული ავტომობილების ადგილმდებარეობა და მათი დაზიანებები, ექსპერტს ძალიან გაუჭირდება იმის დადგენა, უ ვინ იყო მომხდარში დამნაშავე და მაშინ ამ უკანასკნელს შანსი აქვს, სასჯელს თავი აარიდოს. მაგრამ თუნდაც ექსპერტიზა სათანადო დონეზე ჩატარდეს, მისი დასკვნა ყოველთვის როდი უწყობს ხელს სამართალდამცველებს დამნაშავის დასჯაში:

მე რომ საბუთებს მოვამზადებ, ვალდებული ვარ, ისინი გამოძიებას გადავცე. ის წყვეტს, გადაიგზავნოს თუ არა საქმე სასამართლოში. რა არის ჩვენს მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა? - ეს საქმეში ერთ–ერთი მტკიცებულებაა. სასამართლოს შეუძლია, ის, თუ მოინდომებს, მიიღოს, თუ არ მოინდომებს – არა. კანონით, იმისათვის, რომ სასამართლომ ჩვენი საექსპერტო დასკვნა არ მიიღოს, მან ამ გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოამზადობს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამითაც კი არ იწუხებენ თავს“,– ამბობს ბესლან ახუბა.

„სათანადო გამოძიება რომ ტარდებოდეს, ბევრად მეტი დამნაშავე იქნებოდა გამვლენილი და დასჯილი"

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016–2017 წლებსა და 2018 წლის 6 თვის განმავლობაში სასამართლოს მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 120 საქმე იქნა განხილული. მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში გამოტანილია 29 განაჩენი, მათგან 19 შემთხვევაში ავტოავარიის მონაწილეებმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს, 10–ში არიან დაღუპულები. როგორც დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს პრეს–სამსახურში აცხადებენ, ამ ავტოსაგზაო შემთხვევებში დამნაშავე პირები პასუხიგებაში არიან მიცემულები და სასჯელად სხვადასხვავადიანი პატიმრობა მიესაჯათ.

თუმცა აფხაზი ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ „გამოძიება რომ სათანადო დონეზე ტარდებოდეს, ბევრად მეტი დამნაშავე იქნებოდა გამვლენილი და დასჯილი.

"მხოლოდ სასჯელის გარდაუვალობას და ყველა უწყების დამოკიდებლობას შეუძლია, მდგომარეობა შეცვალოს"

ამ მოსაზრებას იზიარებს ბესლან ახუბაც. მისი აზრით, მხოლოდ სასჯელის გარდაუვალობის უზრუნველყოფასა და ყველა პროფილური დე ფაქტო უწყების დამოკიდებლობის მაღალ ხარისხს შეუძლია, ამ მხრივ მდგომარეობა შეცვალოს:

დამნაშავე ხარ? – ისჯები და წერტილი! - განურჩევლად იმისა, ვინ ხარ. ჩვენთან რა ხდება?– დაიჭერენ ვინმე საცოდავს და სჯიან მთელი პროგრამით, განსაკუთრებით - თუ ეროვნებით აფხაზი არაა. დიდი მამიკოს შვილი ხარ? - წადი, არ იდარდო, თავისუფალი ხარ! ასეთია ჩვენი რეალობა და ჩვენ რა შეგვიძლია?! ვზივარ აქ სრულიად უუფლებო და დაუცველი! სხვათა შორის, თქვენს აქ მოსვლამდე ჩემთან ერთი ჯგუფი იყო შემოსული მუქარებით. რა უნდა აუხსნა, როდესაც სრულიად დაუცველი ხარ?! და რა გგონიათ, ყველა სტრუქტურაში ასე არ ხდება? რა, სასამართლოში ან პროკურატურაში ვერ შევარდები, რომ მოგინდეს?! ყველა დაუცველია და კანონი არ მუშაობს – სწრედ ესაა მთავარი პრობლემა!“.

თუმცა როგორც აფხაზი ჟურნალისტები ამბობენ, ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის სტაისტიკა შედეგია არა მხოლოდ პროფილური სახელმწიფო უწყებებისა და ჩინოსნების ზერელე მუშაობის, არამედ რიგითი მოქალაქეების უპასუხიმგებლო დამოკიდებულების.

«საბოლოო ჯამში, ვიღებთ ქაოსს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში» - დასძენენ სიუჟეტის ავტორები.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება