20 ქალი ლაინერებზე დასაქმებისთვის პროფესიულ გადამზადებას გაივლის

2018-09-13 15:43:29
580

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 20 ქალი, რომელიც საკრუიზო ლაინერებზე დასაქმებისთვის პროფესიულ გადამზადებას გაივლის.

შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმი 13 სექტემბერს, ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე გაფორმდება.

მემორანდუმის ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქალებს შორის საზღვაო პროფესიების პოპულარიზაციისა და ამ ინდუსტრიაში მათი დასაქმების გაზრდისთვის სხვადასხვა ინიციატივა განხორციელდება. კერძოდ, ჩამოყალიბდება 4 მეზღვაური ქალის სახელობის ფონდი, რომელიც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზღვაო ფაკულტეტის 4 სტუდენტი გოგოს სწავლას დააფინანსებს.

პარალელურად, საზღვაო ინდუსტრიაში კარიერის შესაძლებლობების უკეთ გაცნობის მიზნით, მე-10 და მე-11 კლასელი გოგოებისთვის საჯარო ლექციები ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს მათი საზღვაო პროფესიებით დაინტერესებას. ამას გარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია შესაბამის სამთავრობო უწყებებსა და კომპანიებს საზღვაო ინდუსტრიაში გენდერული საკითხების ინტეგრირებაშიც დაეხმარება.

მსოფლიოს მასშტაბით საზღვაო ინდუსტრიაში კაცები დომინირებენ. ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, ქალები ამ დარგში სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ, თუმცა საერთაშორისო ინტერესი აღნიშნულ სფეროში ქალთა როლის მიმართ იმატებს.

ინიციატივა პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.