რატომ ავირჩევთ სალომეს

2018-09-12 12:22:22
2132

მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის წარდგენა – ყველაზე თვალსაჩინო, პრაქტიკულად ქრესტომათიული უარყოფაა ყველა განვითარებადი ქვეყნის მოსახლეობების უსაყვარლესი პოსტულატისა - “უკეთესი მაინც არავინ გვყავს».

ნეტავ ვინმეს დაეთვალა, რამდენი ზიანი მიადგა მსოფლიო მასშტაბით სახელმწიფოებს ამ, ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარი გამოთქმით... დიქტატორები, სისხლისმსმელები, უსაქმურები, რეჟიმები, რომელთაც ნორმალურ ქვეყნებში ორ ბატსაც კი არ მიანდობენ, არათუ სახელმწიფოს, - ყველანი მარტივად იხანგრძლივებენ მმართველობას მოსახლეობის წუწუნის ფონზე – «ესენი, რა თქმა უნდა, არამზადები არიან, მაგრამ სხვები ხომ უბრალოდ არ გვყავსო!».

ეს თავის იდეალური მართლებაა უპასუხისმგებლობა ამომრჩევლისთვის მთელს მსოფლიოში, ყველაზე საუკეთესო და ქმედითი მათთვის, ვინც რეგულარულად აბრუნებს ხელისუფლებაში პოლიტიკოსებს, რომელთაც ადექვატურობა დაკარგეს. მართლაც: გამოდის, რომ ჩვენ კი არ ვართ ასეთი დებილები, რომ ყოველ ჯერზე ვირჩევთ იდიოტების ჯგროს, უბრალოდ სიტუაციაა ასეთი, თავისთავად.

«რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში არამზადები არიან, მაგრამ არც ოპოზიციაში მოიძებნება ღირსეული ხალხი», – ერთხმად ღმუიან პუტინისტები, რომელთა აზრით, ნავალნი რუსეთს დაანგრევს; ჩავესელები, რომელთა რწმენით, მადურო უდავოდ არამზადაა, მაგრამ ყველა დანარჩენი კიდევ უარესია და, რაღა თქმა უნდა, ჩვენი მშობლიური “მეოცნებეები», რომლებიც საკუთარი დროის 99, 99%-ს ხელისუფლების ლანძღვაში ატარებენ, მაგრამ დარჩენილ 0,1%-ს მისთვის ხმის მიცემას უთმობენ.

«იძულებულები ვართ, ხმა მათ მივცეთ, - უკეთესები ხომ მაინც არ გვყავსო», – ოხრავენ ისინი ამ დროს.

მაშ ასე. საქართველო ემზადება, მსოფლიოს კიდევ ერთი გაკვეთილი უჩვენოს – პრეზიდენტად აირჩიოს კანდიდატი, რომელთან მიმართებაშიც არ დგას საჭიროება, იფიქრო, ვინ არის მასზე უკეთესი, – კითხვა სხვანაირად ისმის: «გვყავს კი ვინმე მასზე უარესი?».

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა – ეს თვალსაჩინო დასტურია იმისა, რომ არავინ აძლევს ხმას “ქართულ ოცნებას” მხოლოდ იმის გამო, რომ სხვები უარესები არიან. არა, არ არიან უარესები, - საკმარისია, ცოტა უფრო ფართოდ გაახილო თვალები და მიხვდები: საქართველოში არსებობენ ქვეყნის მართვის ბევრად უკეთესი უნარის მქონე პარტიები, პრეზიდენტობის უფრო მეტი ზიანის მომტანი კანდიდატები კი მართლაც მოსაძებნია...

ის, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად აირჩევენ – მას კი აუცილებლად აირჩევენ, თვალსაჩინო მტკიცებულება იქნება იმისა, რომ ყველა ავტორიტეტული პოლიტიკური კვლევა მოსახლეობის განწყობების შესახებ თავისუფლად შეიძლება, უნიტაზში ჩაირეცხოს. არავინ ეძებს უკეთესს იმიტომ, რომ ტვინის ნაოჭების დაძაბვა არ სურს, - ასე უფრო კომფორტულია და, რაც მთავარია, უფრო იოლი, საკუთარი თავის წინაშე იმართლო თავი.

პრეზიდენტად იმ პერსონაჟის არჩევა, რომელიც საკუთარ ქვეყანას აგრესორად მიიჩნევს, არაფერზე მიანიშნებს მოსაზრებათა იმ წყებიდან, რომელიც პირველად მოგივა თავში. ეს არც იმის ნიშანი იქნება, რომ საკუთარ ქვეყანას აგრესორად უმრავლესობა მიიჩნევს; არც იმის, რომ ყველას ძალიან მოსწონს ზურაბიშვილის ბრალდებები წინა ხელისუფლების მიმართ, რომ მან თავად ჩამოყარა ომამდე ნახევარი წლით ადრე ბომბები საქართველოს მთიან ნაწილში; თქვენ წარმოიდგინეთ, არც იმის, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში იმდენად მაღალი ავტორიტეტი აქვს, რომ მის მიერ წარდგენილი ნებისმიერი კანდიდატი არჩევნებს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოიგებს – ჩვენი მამა-მარჩენალის ვარსკვლავი დიდი ხანია, ჩაესვენა - მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იგი თავისი მილიარდების მოსახლეობისთვის ჩამორიგებას არ აპირებდა. ხალხს ის უკვე დიდი ხანია, ფეხებზე ჰკიდია.

არა, ბატონო. რეალურად, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ არსებობს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხმას არა სალომეს ან თუნდაც ბიძინას, არამედ საკუთარ თავს აძლევს, თავის ახლობლებსა და ნათესავებს. ეს კატეგორია მთელს მსოფლიოში, ყველა განვითარებად ქვეყანაში ხელისუფლების დანართს წარმოადგენს და მას “ადმინისტრაციული რესურსი” ეწოდება.

საქართველოში სახელმწიფოსგან ხელფასს 280 000 ადამიანი იღებს, მათ შორის – არა მარტო ჩინოსნები და ბიუროკრატები, არამედ, მაგალითად, მასწავლებლები, მეხანძრეები, პოლიციელები და ა.შ.

მოქალაქეების ეს უზარმაზარი მასა, რომელიც სისხლხორციელადაა დაინტერესებული არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაში, ხმას აძლევს ნებისმიერ ხელისუფლებას – შევარდნაძიდან “მეოცნებეებამდე”. და ეს გასაგებიცაა: მათ ხომ ყველას კრედიტი აქვთ, იპოთეკა, ბავშვები ჰყავთ სკოლებში, მშობლები, ბებიები, ბაბუები... “ვინ იცის, რა მოხდება, ხელისუფლება რომ შეიცვალოს? მოვა ვინმე ახალი და დაიწყებს საკადრო გადაადგილებებს, ჩვენ კი ეს არ გვაწყობსო”...

ამასთან, ყოველი პარტია, რომელსაც გამარჯვებაზე აქვს პრეტენზია, ყოველთვის ირწმუნება, რომ «პროფესიონალები სახელმწიფო უწყებებში თავის ადგილებს შეინარჩუნებენ», მაგრამ შემდეგ რატომღაც ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე, რომ წარმოდგენები პროფესიონალიზმზე, როგორც ჩანს, განსხვავებულია. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება და სახელმწიფო სამსახურშიც შეიძლება, წააწყდე მათ, ვინც გულის სიღრმეში ოპოზიციას უთანაგრძნობს, მაგრამ ახლა სისტემაზე ვსაუბრობთ და არა გამონაკლისებზე.

განვაგრძოთ არითმეტიკა. ამ 280 000-ს, ისევე, როგორც ყველა დანარჩენს, ჰყავს ოჯახები, რომლებიც შემთხვევების უმეტესობაში სრულად არიან დამოკიდებულები მათ ხელფასზე. და აი, როცა არჩევნების დღე დგება, მათ არ სჭირდებათ ხვეწნა, დაძალება, კოორდინატორების დახმარებით მობილიზება.

ისინი არჩევნებზე პირველები გარბიან – რათა ხმის მიცემა მოასწრონ. არა ბიძინასთვის, რომელიც ყველას ფეხებზე ჰკიდია. არა ამაზრზენი მმართველი ელიტისთვის, რომელიც მუდამ კმაყოფილი არარაობებისგან შედგება ერთადერთი თვისებით – პაპისადმი ერთგულებით. ისინი გარბიან, რათა საკუთარ თავს, თავის ნათესავებსა და ახლობლებს, თავის მოკრძალებულ ხელფასებსა და სოციალურ პაკეტებს მისცენ ხმა…

3,7-მილიონიან ქვეყანაში არჩევნებზე, როგორც წესი, ამორჩეველთა მხოლოდ 50-55% დადის. ამ სიტუაციაში ასობით ათასი ერთგული მხარდამჭერი, რომელიც მზადაა, ვისაც საჭიროა, იმას მისცეს ხმა, – აი “ოცნების” წარმატების რეალური მიზეზი და არა ივანიშვილის ავტორიტეტი, რომელიც უკვე დიდი ხანია, აღარ არსებობს!

დაამატეთ ადმინისტრაციულ რესურსს იდეური ბიძინისტების (ასეთებიც გვხვდებიან) მცირე რაოდენობა, პლიუს ზოგიერთი “ამჩემფეხებისტი”, რომელიც ორ ტომარა ფქვილად მისცემს ხმას. და აი, მიზეზიც იმისა, რომ საქართველო სრულ სამარცხვინოობას იღებს – პრეზიდენტს, რომელიც საკუთარ ქვეყანას სამხედრო აგრესორად მიიჩნევს!

სხვათა შორის, იმთავითვე დარწმუნებული ვიყავი, რომ “ოცნება” მას ამ მიზეზით არ “დაბრაკავდა” – “მეოცნებეები” ხომ თავადაც ასე თვლიან. იდეალური ფორმულირებაა: «პუტინი მრავალი წლის განმავლობაში ამზადებდა ომს, მაგრამ სააკაშვილმა ვერ შეძლო, ის არ დაეშვა»... ანუ, თევზიც შესანსლო და თავადაც იცით, რაც.

ამასთან - რა თქმა უნდა, არც ერთი საქმიანი წინადადება იმის შესახებ, როგორ შეიძლება, თავიდან აიცილო ომი, რომელსაც 145-მილიონიანი ბირთვული დერჟავა 3,7 მილიონიანი ქვეყნის წინააღმდეგ ამზადებს! უი, ჰო, «საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით»... რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. წადით, ჰკითხეთ უკრაინელებს, როგორ შეინარჩუნეს ყირიმი საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით!...

ეს ყველაფერი უმნიშვნელოა. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ხვალ ომის პროვოცირებაში არა სააკაშვილი, არამედ, ვთქვათ, ჩინეთი დაადანაშაულოს. ეს არაფერს შეცვლის მის ელექტორალურ შესაძლებლობებში: მას ხმას ნებისმიერ შემთხვევაში მისცემენ.

ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბრმა, ყრუ და ბლუ შეიძლება, გახდეს ადამიანი, რომელიც მსოფლიოს საკუთარი ხელფასის პრიზმაში ხედავს…

თენგიზ აბლოთია

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს რედაქციისას

https://www.ekhokavkaza.com/a/29484282.html