ოფიციალური თბილისი მოსკოვს პროვოკაციაში ადანაშაულებს

2018-08-21 12:08:36
904

ოფიციალური თბილისი რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ჩრდილოეთ კორეასთან კონტაქტების დამყარების ხელშეწყობაზე საუბრობს და აღნიშნულს „რუსეთის პროვოკაციულ პოლიტიკად“ აფასებს. ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და კორეის სახალხო დამოკრატიული რესპუბლიკის ანალოგიურ უწყებას შორის თანამშრომლობის შესახებ ე.წ. შეთანხმების გაფორმებას.

„საქართველოს საგარეო უწყების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს არაღიარების პოლიტიკის თანმიმდევრული გატარება წარმოადგენს. საგარეო უწყება დაუყოვნებლივ რეაგირებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მიერ საზღვარგარეთ უკანონო კონტაქტების დამყარების მცდელობაზე და ახორციელებს საქმიანობას აღიარების რისკების პრევენციის მიზნით.

ამჯერად მოსკოვი ცდილობს, ხელი შეუწყოს საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტებს ფხენიანში. აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის პროვოკაციული პოლიტიკის ნაწილს, რომელიც ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობას.

საგარეო უწყება დიპლომატიური არხების მეშვეობით მუდმივ კომუნიკაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან, რათა მოხდეს მსგავსი უკანონო კონტაქტების მცდელობების თავიდან აცილება“, – განუცხადეს „აქცენტს“ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატამ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ანალოგიურ უწყებასთან თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმა: http://accent.com.ge/ge/news/details/58338 .