როგორ გამოაღვიძა 08/08/08-მ საბჭოთა მითოლოგემა “მოძმე ერის” შესახებ

2018-08-17 08:40:53
2040

2008 წლის აგვისტოს 5-დღიანმა ომმა და საქართველოში რუსეთის ქმედებებმა გამოაღვიძეს ერთი საბჭოთა მითოლოგემა, რომელიც მანამდე მძინარე რეჟიმში იყო და იგი ახალი შინაარსით შეავსეს. ეს არის მითოლოგემა “მოძმე ერის” შესახებ. დღეს, უკრაინის მოვლენების შემდეგ სიტყვათა შეთანხმებები “მოძმე ერი”, “მოძმე ხალხის დახმარება” სულაც არ იწვევს ასოციაციებს ძმობასთან და დახმარებასთან, პირიქით, ყველას აგრესიას ახსენებს” - ამ სიტყვებით იწყება “ამერიკის ხმის” სიუჟეტი 08/08/08 ომის შესახებ.

როგორ და როდის შეიცვალეს ამ გამოთქმებმა მნიშვნელობა? - რეალურად, არა მაშინ, როცა უკრაინის აღმოსავლეთში ომი დაიწყო, და არც მაშინ, როცა ყირიმი იქნა ანექსირებული. ეს მექანიზმი საქართველოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა აამოქმედეს.

რუსმა სამხედროებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს მოძმე ოსი ერი განადგურებისგანო” - უყვებოდნენ მაშინ მაყურებელს წამყვანი რუსული ტელეარხები…

რუსეთი ქართველებს ყოველთვის მოძმე ერად მიიჩნევდა” - ირწმუნებოდა იმხანად პრემიერ-მინისტრი პუტინი საქართველოში რუსული სამხედრო კამპანიის მსვლელობისას.

მოგვიანებით იგი კიდევ არაერთხელ დაუბრუნდა ამ ფორმულირებას და ირწმუნებოდა, რომ “თბილისთან მეგობრობის აღდგენა სურდა”, რაზეც ოფიციალური თბილისი პასუხობდა, “პუტინს ქართველი ხალხის მიმართ სიყვარულის რაღაც უცნაური გამოვლინებები აქვსო”.

კიდევ უფრო უცნაურად ეჩვენებათ ეს გამოვლინებები დღეს უკრაინაში, სადაც ომი უკვე არა მე-5 დღეა, არამედ მე-5 წელია, გრძელდება.

მაინც როგორ მუშაობს ეს მითოლოგემა?

იგი ემყარება საბაზისო მეტაფორას “ხალხი – ეს ოჯახია”. გახსოვთ საბჭოთა “მოძმე ერების კავშირი”, “მოძმე ერები”, “მოძმე ხალხების ურყევი ერთობა”? - ეს ყველაფერი მაშინ საბჭოთა კავშირის მოქალაქეების ცნობიერებაში ამყარებდა წარმოდგენას ყველა საბჭოთა ხალხის მონათესავეობის, იმგვარი კავშირის შესახებ, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეასუსტებდა, ვინაიდან ეს “ერთიანი ოჯახის მიტოვებისა” და “ღალატის” ტოლფასი იქნებოდა… ამიტომაც იყო, რომ უკრაინის მოძრაობა ევროკავშირის მიმართულებით ესოდენ მტკივნეულად იქნა აღქმული: “ხალხების ურყევი ოჯახის” ერთ-ერთმა წევრმა მისი დატოვება სცადა.…

მოგვიანებით სიტყვათა შეთანხმება “მოძმე ერი” ჩნდებოდა პუტინის თითქმის ყოველ განცხადებაში უკრაინის თაობაზე. ამასთან, მოვლენათა განვითარების კვალდაკვალ ეს ფორმულირება სულ უფრო ხშირადი სმოდა. “ძმობის” კონცეფციიდან გადახვევა ამ კონტექსტში ფასდებოდა, როგორც “უარის თქმა საკუთარ ფესვებზე”, “წარსულთან კავშირის გაწყვეტა”... მეტიც, პუტინი მეტაფორის “ორი ერი – ორი ძმა” გაძლიერების მიზნით ირწმუნებოდა, რომ ეს საერთოდაც “ერთი ერია”!

მეტაფორამ “მოძმე ხალხის” შესახებ თითქოს გარდასახვის ელექსირი დალია და რაღაც სრულიად საპირისპიროდ გადაიქცა. მაგრამ თუ საქართველო-რუსეთის ომის დროს ეს გარდაქმნა ჯერ მხოლოდ დაიწყო, უკრაინაში მან თავის მწვერვალს მიაღწია და მეტამორფოზა საბოლოოდ დასრულდა.

სიტყვათა შეთანხმება “მოძმე ხალხის დახმარება” გადაიქცა ავ სიგნალად – ერთგვარ “შავ ნიშნად”: თუ ამ სიტყვებს რუსეთის ოფიციალური პირები წარმოთქვამენ, ესე იგი, რაღაც ავს უნდა ელოდო. და წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ, რომელი ხალხი დასახელდება შემდეგ “მოძმე ერად”...” - ნათქვამია სიუჟეტში.

საიფორმაციო სააგენტო “აქცენტი”