„ჩვენ ვართ ბრენდი, რომელიც ომს უკავშირდება“

2018-08-09 18:28:45
629

2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით რუსული გამოცემა ""Новая газета"-ს ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, საკუთარი თვალით ენახათ, როგორ ცხოვრობს დღეს "დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა", რომელსაც მასზე ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელმა რუსეთმა ამ 10 წლის განმავლობაში "აღდგენა-განვითარებისთვის“ 76 მლრდ რუბლზე მეტი გამოუყო. "აქცენტი" ოკუპირებული რეგიონიდან მათი რეპორტაჟის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:


 

 

10 წლის წინ, 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან რიგით მესამე კონფლიქტი დაიწყო. ოფიციალური თბილისის ვერსიით, გამთენიისას, დაახლოებით 2 სთ-ზე ცეცხლი გაუხსნეს ცხინვალის მახლობლად მდებარე რამდენიმე ქართულ სოფელს, რის საპასუხოდაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცხინვალის დაბომბვა დაიწყეს. ოსური მხარის ვერსიით კი, ცეცხლი პირველმა ქართულმა მხარემ გახსნა, დე ფაქტო ხელისუფლება კი იძულებული იყო, საკუთარი მოსახლეობა დაეცვა. ომი 5 დღეს გაგრძელდა. მასში ფაქტობრივად, იმთავითვე ჩაერთო რუსული არმია. 12 აგვისტოსთვის ცეცხლი შეწყდა. რუსულმა და ოსურმა შენაერთებმა ქართველი სამხედროების გაძევება მოახერხეს და ახალგორის რაიონიც დაიკავეს. სხვადასხვა მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად 1000-დან 4000–მდე ადამიანი დაიღუპა. საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან მალევე რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და მათი რჩენა დაიწყო: ცხინვალში რუსი მრჩევლები ჩავიდნენ, რესპუბლიკის ეკონომიკაში კი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დოტაციებმა დაიწყეს შედინება. იმ ომიდან გაული 10 წლის განმავლობაში რუსეთმა ცხინვალს რესპუბლიკის აღდგენა-განვითარებისთვის 76 მლრდ რუბლზე მეტი გამოუყო. ადგილობრრივი ბიუჯეტი დღემდე 90%–ით რუსული ხაზინის ფულით ფორმირდება. თავის მხრივ, ცხინვალი მოსკოვს ამ ყველაფრის სანაცვლოდ სრული პოლიტიკური ლოიალურობით პასუხობს. აქ უკვე 2-ჯერ ჩატარდა რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების თაობაზე, თუმცა მოსკოვი ამას ჯერ–ჯერობით არ ჩქარობს. როგორ ცხოვრობს ომიდან 10 წლის თავზე საქართველოს, რუსეთსა და დამოუკიდებლობას შორის გამოკიდებული რესპუბლიკა? – ამის გარკვევა თავად გადავწყვიტეთ.
  
წყენა

–შეგვრჩა თუ არა წყენა საქართველოზე? – ტაქსის მძღოლი ალანი რამდენიმე წამით დაფიქრდება. – იცით, ყველას ინდივიდუალურად. პირადად მე ქართველების მიმართ ნორმალური დამოკიდებულება მაქვს. სხვა თუ არაფერი, ჩვენ ხომ უამრავი შერეული ოჯახი გვყავს. თუმცა ხანდახან, როცა ქართული საუბარი მესმის, უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება. შიგნით ყველაფერი მიდუღს. ვიცნობ ერთ ახალგაზრდა გოგოს, 2 შვილი ჰყავს, ქმარი ომში დაეღუპა. არ გინდათ, მას ჰკითხოთ, ნაწყენია თუ არა საქართველოძე?

ომში თავისი მონაწილეობის შესახებ ალანს საუბარი არ სურს. პროფესიონალი მძღოლი არ არის. ამ საქმიანობით მხოლოდ შვებულების დროს კავდება – დამატებითი შემოსავლისათვის.

– საერთოდ ჩინოსანი ვარ, – გვიმხელს მამაკაცი. – ვმუშაობ ერთ–ერთ უწყებაში. თუმცა ხელფასი დაბალია: რიგით  თანამშრომლებს 10-12000 რუბლი, საშუალო რგოლის წარმომადგენლებს – 20 ათასზე ცოტა მეტი. ამით ბავშვს სასკოლოდაც კი ვერ მოამზადებ, ამიტომაც ვკავდები თავისუფალ დროს ამ დამატებითი საქმით.

ტაქსის მძღოლობა ცხინვალის რეგიონში სარფიანი საქმეა. ვლადიკავკაზის აეროპორტიდან ცხინვალამდე ტარიფი 3000 რუბლს შეადგენს და ერთ დღეში ზოგიერთი მძღოლი საშუალოდ 4 რეისის შესრულებას ასწრებს, რეგიონისთვის, სადაც საშუალო ხელფასი 10000–15 000 რუბლს შეადგენს, ეს საკმაოდ კარგი შემოსავალია.

–ერთადერთი, რაშიც შევცდი, ის არის, რომ სამხრეთ ოსეთის სანომრე ნიშნები ავიღე.–აგრძლებს ალანი. – ოსურნომრიან მანქანას ვერ გაყიდი: განბაჟებასთან დაკავშირებულ მოვლენებში არავის მოუნდება ჩაბმა. რუსეთშიც კი არავინ იყიდის! ერთადერთი, აქ თუ გაყიდი, მაგრამ ეს ნაკლებ არის შესაძლებელი: მოსახლეობა მცირეა და ფული არავის აქვს.

აეროპორტიდან გასვლიდან 1,5 სთ–ში თვალწინ იშლება რუსული სასაზღვრო საგუშაგო. მისი გავლა რთული აღმოჩნდა: ჯერ 10 წუთი ველოდით რიგს, სანამ შემოწმების ზონამდე მივაღწევდით; შემდეგ მესაზღვრე დაბურულშუშიანი ჯიხურიდან დიდხანს ათვალიერებდა ჩემს პასპორტს, რაღაცას უთანხმებდა კოლეგებს და შემდეგ მკითხა: „სხვა საბუთი თუ გაქვთ რამეო?“. საბედნიეროდ, ზურგჩანთაში საზღვარგარეთის პასპორტი აღმომაჩნდა. ადამიანმა ჯიხურიდან ორივე პასპორტი ჩამომართვა და დათვალიერების ზონიდან გასვლა მთხოვა. რამდენიმე წუთში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი მომიახლოვდა და ცალკე მდგომ შენობაში გადამიყვანა, სადაც გამომკითხა, რა მიზნით ჩავედი რესპუბლიკაში, მყავდა თუ არა იქ ნაცნობები და როდის ვაპირებდი დაბრუნებას.

უკვე 5 წუთში სამხრეთ ოსეთის საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე ადგილობრივმა მესაზღვრემ ზერელედ ჩაიხედა ჩემს პასპორტში და შლაგბაუმი გახსნა.

„აყვავდი, ჩემო ოსეთო" – ვკითხულობ წარწერას საკონტროლ-გამშვები პუნქტის კედელზე, რომელსაც, რომ არ ჩამოინგრეს, ხის ბოძი აქვს შეყუდებული.

უკვე ცხინვალთან მიახლოებისას  ალანი ხელით მიმანიშნებს ცარიელ მინდორზე, რომლის იქითა ბოლოში ეკლესია მოჩანს.


– აქ 4 ქართული სოფელი იყო, როცა ომი დაიწყო, მათი მაცხოვრებლები საქართველოში გაიქცნენ. ფიქრობდნენ, რომ დღე–დღეზე დაბრუნდებოდნენ, როგორც კი მათი ჯარი გაგვსრესდა. არაფერი გამოუვიდათ. მათი სახლები გადაწვეს, შემდეგ კი მიწასთან გაასწორეს. ახლა ნახეთ, ვერც კი იფიქრებ, რომ აქ ოდესღაც ხალხი ცხოვრობდა.

–ეკლესია დარჩა ერთადერთ მოწმედ...

–ეკლესიას აქ არავინ შეეხება, ამ მინდორში ერთი კი არა, სულ სამია.

ჩავდივართ ცხინვალში. დანგრეული და გადამწვარი შენობები ახალაშენებულს ენაცვლება.

–ეს ომის შედეგია, აღდგენა ვერ მოვასწარით. ზოგიერთ სახლს აღმდგენი აღარც დარჩა.

გაქცევა და ძებნა

ოქტიაბრსკაიას და მოსკოვსკაიას ქუჩების კვეთაზე ვამჩნევ ბლოკ–საგუშაგოს ავტომატით შეიარაღებული პირითა და შსს–ს თანამშრომლებით: ირკვევა, რომ 3 დღის წინ იზოლატორიდან ხალხის გატაცებისთვის მსჯავრდებული ანდრეი კაბისოვი გაექცათ.

–კაბისოვი ჩვენთან კრიმინალურ ავტორიტეტად არ ითვლება. ნამდვილი კრიმინალური სამყარო აქ საერთოდ არ არსებობს. თუმცა თავად კრიმინოგენული ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ბოლო 3 წლის განმავლობაში ძალიან მომრავლდა დანაშაულები საყოფაცხოვრებო ნიადაგზე.


–რით ხსნით ამას?

–ზუსტად არავინ იცის. ხელისუფლება 1 წლის წინ შეიცვალა. პრობლემები კი  მანამდე იყო დაწყებული. რომ ვთქვა, ცხოვრების დონეო, ალბათ, სწორი არ იქნება. ის ხომ ჩვენთან ყოველთვის დაბალი იყო.

ოპოზიციონერი

პოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ ოსეთში ისეთივეა, როგორც კრიმინოგენული. სერიოზული პოლიტიკა აქ თითქოს არ არსებობს – ყველაფერი პრეზიდენტმა ბიბილოვმა მიიტაცა, რომელიც 2008 წელს ცხინვალში ქართული ჯარების „წმენდას“ ხელმძღვანელობდა. თუმცა ბოლო პერიოდში ოპოზიცია, თითქოს ნელ–ნელა თავს სწევს.

ადგილობრივთა ნაამბობიდან ვარკვევ, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა დაურეგისტრირებელი პარტია „ალანური კავშირია“. 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისმა ლიდერმა უშიშროების თანამშრომელმა ალან გაგლოევმა ხმათა 10,17%–ით მესამე ადგილი დაიკავა.

გაგლოევს პარტიიის ოფისში შევხვდი.


- ახლა აღარ ვმსახურობ. როგორც კი განვაცხადე არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, პრობლემები დამეწყო: ხან მკაცრ საყვედურს ვიღებდი რესპუბლიკის პრეზიდენტთან და პარლამენტის სპიკერთან შეხვედრის გამო, ხან ლენინგორის [ახალგორის] რაიონში გადავყავდი... მოკლედ დავტოვე სამსახური.

„ალანური კავშირი“ თანამედროვე აღმოსავლეთევროპული გაგებით ოპოზიციური პარტია არ არის. სამხრეთ ოსეთში საერთოდ არ არსებობს პროევროპული მიმართულების პარტიები. ყველა პოლიტიკური ძალა სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ მაინც ფსონს რუსეთთან თანამშრომლობაზე დებს.

– ამჟამინდელი ხელისუფლება საარჩევნოდ რუსეთთან მიერთებას გვპირდებოდა, – ამბობს გაგლოევი. - თანაც ეს რამდენჯერმე გააკეთა: პირველად – 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ხალხმა დაიჯერა. შედეგებს თავად ხედავთ. მაშინ მმართველი „ერთიანი ოსეთი“ თავს იმართლებდა, "ვერ ვუერთდებით, რადგან ამას აღმასრულებელი ხელისუფლება უშლის ხელსო". 2017 წლის აპრილში საპრეზიდენტო არჩვენები ჩატარდა. მმართელი პარტიის კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი ასევე გვპირდებოდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში შევიდოდა. მაშინ ამ დაპირებაში იყო გარკვეული ლოგიკა: თუ ადრე „ერთიან ოსეთს“ აღმასრულებელი ხელისუფლება უშლიდა ხელს, ახლა – აღარ. თუმცა ამჯერადაც არაფერი გამოვიდა.

თავად ბიბილოვი ამ დრომდე რუსეთთან მიუერთებლობას ასე ხსნის: „სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს რუსეთის შემადგენლობაში, რომელიც ჩვენთვის ისტორიული სამშობლოა. [...] თუმცა ახლა, როდესაც დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები გვყავს, რომლებიც ფაქტობრივად, ისეთივე ვითარებაში არიან, როგორშიც ოდესღაც ჩვენ ვიყავით, და როდესაც ჩვენ ვართ ერთადერთი რესპუბლიკა, რომელმაც ისინი აღიარა და ეხმარება, ჩვენი მხრიდან ამ ეტაპზე რუსეთთან მიერთება მათი ღალატი იქნებოდა“.

"არ ვიცი, რა ისეთ დახმარებას უწევს სამხრეთ ოსეთი დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს ახლა, როგორსაც ვერ აღმოუჩენდა რუსეთის შემადგენლობაში ყოფნის პირობებში, – ამბობს გაგლოევი. – ბიბილოვს ეს სიტყვები უბრალოდ წინასაარჩევნო შეუსრულებელი დაპირების გასამართლებლად სჭირდება. ან პოპილიზმთან გვაქვს საქმე: არსებობს მეორე მხარე – თავად რუსეთი თუ არის მზად მიგვიერთოს?".


გაგლოევის ოპოზიციონერობა, მისივე თქმით, იმაში მდგომარეობს, რომ ის არა მარტო ჰპირდება ხალხს რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას, არამედ მზადაა, საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

–რა სტატუსით აპირებთ სამხრეთ ოსეთის შეყვანას – როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის, თუ ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთების გზით?

–ეს უკვე დეტალებია. ორი რესპუბლიკა იქნება თუ ერთი, სად გადავა დედაქალაქი და ა.შ., – ეს მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია, რუსეთში შევიდეთ.

თუმცა გაგლოევს პარტიას არ ურეგისტრირებენ.

მისი აზრით, ეს პარლამენტის სპიკერ პეტრე გასიევის პოზიციითაა გამოწვეული, რომელმაც 2017 წლის სექტემბერში განაცხადა: „ვისურვებდი, პარტიების მინიმალური რაოდენობა გვყოლოდა. უკვე დარეგისტრირებული პარტიების რაოდენობა ყველა გონივრულ ზღვარს აჭარბებს. 53 000-იან მოსახლეობაზე 15 პარტია –  ეს უკვე უმსგავსობააო“.

მთავარი, რაც ოსურ ოპოზიციას ხელისუფლებისგან განასხვავებს, ეკონომიკური პროგრომაა.

"ჩვენი აზრით, ფული, რომელსაც რესპუბლიკა რუსეთისგან იღებს, სოფლის მეურნეობის განვითარებაში უნდა ჩაიდოს. ამის ხარჯზე შევძლებდით, მართლაც გამოვსულიყავით სიღატაკიდან. ჩვენთან მშვენიერი პირობებია მესაქონლეობისთვის, ხილისა და ბოსტნეულის მოსაყვანად და ექსპორტზე გასატანად. მაგრამ ამჟამინდელი ხელისუფლება ამ ფულს ქუჩების რემონტში დებს; 70 მლნ რუბლი გამოიყო წყლის მრიცხველების შესაძენად. ვფიქრობ, საკუთარი წარმოება რომ გვქონოდა განვითარებული, ამ ყველაფერს უკვე საკუთარი ფულით მოვახერხებდით.

„წითელ ჯვარზე“ მდგომი ეკონომიკა

სამხრეთ ოსეთის ეკონომიკა სადღეისოდ მართლაც თითქმის სრულადაა მიბმული რუსეთს. ყველაზე ოპტიმისტური განცხადებების თანახმადაც კი, რესპუბლიკა საკუთარი ბიუჯეტის 40%–ს თუ გამოიმუშავებს.


ზალინა გაბაევა ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის განვითარების საინვესტიციო პროგრამის შემუშავებაში ეხმარებოდა:

–ჩვენთან მეტ–ნაკლებად განვითარებულია სააფთიაქო ბიზნესი, კვების პროდუქტებით ვაჭრობა, ბოლო პერიოდში გაჩნდა სილამაზის სალონები. თუმცა კრიტიკულად გვაკლია წარმოება. არსებობს ხორცკომბინატი, თუმცა ხორცი მას როსტოვიდან მიეწოდება. მოქმედებს მინერალური წყლის ჩამომსხმელი სამი საწარმო და მათი პროდუქცია საექსპორტოდ რუსეთში გადის.


გაბაევას თქმით, სამხრეთ ოსეთის ეკონომიკაში საკმაოდ ბევრია პერსპექტიული, თუმცა აუთვისებელი ნიშა.

–მაგალითად, ტურიზმი. ამჟამად რესპუბლიკაში არსებული ყველა სასტუმრო მაღალი მოთხოვნით სარგებლობს, მათ შორის - ახალგასხნილებიც. აქ ჩამოსვლის სურვილი ბევრს აქვს, თუმცა მათთვის საკმარისი ინფრასტრუქტურა არ გაგვაჩნია, საცხოვრისიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ სათხილამურო ტრასებზე, მაგალითად. სამხრეთ ოსეთი, რა თქმა უნდა, ბრენდია, მაგრამ ჩვენ ვართ ომთან დაკავშირებული ბრენდი, რაც პოტენციურ ტურისტებში შესაძლოა, ერთგვარ შიშს იწვევდეს.

https://www.novayagazeta.ru/articles/2018/08/07/77413-my-brend-svyazannyy-s-voynoy?utm_source=novaya&utm_medium=fb&utm_campaign=regular

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება