კითხვის კითხვები სალომე ზურაბიშვილს მისივე ფორმულირებით: უგუნურობა, გიჟის ახირება, თუ გარიგება საუკუნოვან მტერთან?

2018-08-09 12:28:56
687

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წელი გავიდა, თუმცა კითხვა, „ვინ დაიწყო ომი?“ ქვეყნაში კვლავ დავის საგნად რჩება,  თემს აქტუალურობნარჩუნებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ, შესაძლო მომავალი მთავარსარდალ სალომე ზურაბიშვილც. მის მიერ ომის მე-10 წლისთავზე ამ საკითხზე გაკეთებულმა მორიგმა განცხადებამ - "საკუთარი ტერიტორიის, საკუთარი მოსახლეობის მასობრივი დაბომბვის“ შესახებ, წინა შემთხვევების მსგავსად, ზურაბიშვილი ამჯერადაც მწვავე კრიტიკის ობიექტად აქცია. 

„[…] მე სხვანაირად დავსვამ ამ კითხვას: როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა დაიწყო საომარი მოქმედებები იმ დროს, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა? როცა საქართველო იყო გაფრთხილებული თავისი ყველა მოკავშირეებისგან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა და არანაირი დახმარება არ იქნებოდა? როცა შენ დახმარების იმედი არ გაქვს, როცა შენ უპირატესობა არ გაქვს, როცა მოულოდნელობის ფაქტორი შენს მხარეს არ არის, რომ შენ სიურპრიზად იმოქმედო? როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციას აყოლება და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება... ამას რა ჰქვია? უგუნურობა?! გიჟი პრეზიდენტის ახირება?! თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?! ეს არის ის კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა სვამდეთ, რომელზედაც ანალისტები და ჟურნალისტები უნდა ფიქრობდნენ და ეს სიძულვილი, რაც არის ქვეყანაში, რაზედაც ჩემზეც წამოვიდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, გარწმუნებთ, რომ მზად ვარ ყველაფრისთვის. მაგრამ ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს სიტუაცია, სწორედ ერთად დგომით“ [სტილი დაცულია], - განუცხადა 8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მყოფმა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

ორი დღით ადრე,  საკუთარი კანდიდატურის წარდგენისას კი ამჟამინდელმა დეპუტატმა ზურაბიშვილმა ბრძანა:

ჩვენ იმ დროს [2008 წელს] ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია“. 

კითხვებს, რომელთა დასმისკენ ჟურნალისტებს პრეზიდენტობის კანდიდატმა მოუწოდა, შესაძლოა, ჰქონდეს არსებობის უფლება, მაგრამ წესითა და კანონით, ქ-ნ ზურაბიშვილს მშვენივრად უნდა ესმოდეს, რომ ამ ომთან დაკავშირებით მათი ამგვარად – საერთო ისტორიული კონტექსტიდან ამოვარდნილად დასმა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია - როგორც ქვეყნის ინტერესების, ისე საქმის ფაქტობრივი გარემოებების თვალსაზრისით. საზოგადოების მკვეთრად უარყოფით რეაქციას, რომელიც ყოველ ჯერზე მოჰყვებოდა ზურაბიშვილის ამ განცხადებებს, წესით, უნდა ებიძგა მისთვის, ამას მიმხვდარიყო და შემდეგში შეცდომა გამოესწორებინა. მაგრამ არა, იგი ყოველ ჯერზე ჯიუტად იმეორებს ამ ნარატივს და ყოველ ჯერზე, ნებსით თუ უნებლიედ, ავიწყდება იმის აღნიშნვა, რასაც უკვე სოხუმსა და ცხინვალშიც მიხვდნენ და აღარც თავად მოსკოვში მალავენ – იმის, თუ რა მიზნები ამოძრავებდა რეალურად რუსეთს 2008 წლის ომამდე ბევრად ადრეც, ომის დროსაც და შემდგომ მის მიერვე ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისას.

ვინ და როდის ისროლა პირველმა

ვერ დავეთანხმები ჩემი ზოგიერთი კოლეგისა და საზოგადოების ნაწილის შეფასებას, “სალომემ თქვა, ომი საქართველომ დაიწყოო”: თუ ფაქტებით და არასავარაუდო განწყობებით ვიმსჯელებთ, მას ეს არ უთქვამს. ფაქტია, რომ მან რუსეთის მხრიდან პროვოკაციის ფაქტი აღიარა და საქართველოს იმჟამინდელი ხელმძღვანელობა “საომარი ვითარების ამ ნაწილის დაწყებაში” [სტილი დაცულია – რედ.] დაადანაშაულა. ეს, ფაქტობრივად, ის არის, რაც ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნაში ჩაიწერა (დასკვნის სრული ვერსია: http://smr.gov.ge/FileList.aspx?ID=8  ).

განცხადების ამ ნაწილში ზურაბიშვილთან მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: ქ-ნო სალომე, მართლაც არ იცით, თუ, რაღაც უცნაურად, მუდმივად გავიწყდებათ ის ფაქტი, რომ 2008 წლის 8 აგვისტომდე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამ ტერიტორიიდან სისტემატიურად იხსნებოდა ცეცხლი ქვეყნის სხვა – მიმდებარე ტერიტორიების მიმართულებით და რომ ბოლო კვირებში უკვე მსხვერპლიც სახეზე იყო?

[…] შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება...”

პირადად ჩემს ყურადღებას სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადებაში უფრო სხვა ფრაზა იქცევს, რომელიც კრიტიკოსთაგან რატომღაც არავის აღუნიშნავს - “[…] შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება...”.

1. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რომ ასლან აბაშიძის ხელისუფლების დასამხობად აჭარა დაებომბა, სალომე ზურაბიშვილის შეფასებას “[…] შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება...” კიდევ ექნებოდა ახსნა. მაგრამ აქ ალბათ, მაინც ცოტა განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და მინდა, ვკითხო ქ-ნ პრეზიდენტობის კანდიდატს: როცა ბრძანებთ, “შენს ტერიტორიაზეო”, არ იცით, რომ ცხინვალის რეგიონი 2008 წელსაც, მანამდეც და ახლაც დე იურე ჩვენი, მაგრამ დე ფაქტო ჩვენი საუკუნოვანი მტრის ეფექტურ კონტროლსაა დაქვემდებარებული და მთავარ პრობლემასაც ეს ქმნის?!

2. მინდა, ვკითხო ქ-ნ სალომეს ისიც, თუ რას ეყრდნობა, როცა ბრძანებ, “[…] შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება...”? დავიჯერო, 10 წლის განმავლობაში, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ მოიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხინვალიდან ხალხის უდიდესი ნაწილი რამდენიმე დღით ადრე იყო ევაკუირებული, რომ აღარაფერი ვთქვათ იმჟამინდელ დე ფაქტო პრეზიდენტ კოკოითსა და მის ე.წ. მთავრობაზე?!

ხვდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი იმას, რასაც ოსები მიხვდნენ?

მაშინ, ქ-ნო პრეზიდენტობის კანდიდატო, მე დაგეხმარებით. ეს ფაქტი უკვე არაერთ ოსურ წყაროშიც კია დადასტურებული. დღეს მხოლოდ ერთ მათგანს შემოგთავაზებთ გასაცნობად - ცნობილი ოსი ისტორიკოსისა და პოლიტიკოსის, ალან ჩოჩიევი სტატიას, რომლის თანახმად,  2008 წლის ომი იყო “ოსების გენოციდის გრანდიოზული რუსული პროექტი, რომელიც ქართველებისთვის უნდა დაებრალებინათ” (http://accent.com.ge/ge/news/details/47842):

ჯერ კიდევ 2009 წლის მარტში დავწერე, რომ 2008 წლის აგვისტო – ეს ოსების გენოციდის რუსული პროექტი იყო - ტერიტორიის მათგან ქართველების ხელით “გასაწმენდად” და რუსეთისთვის მისაერთებლად. პირველი, რაც შევიტყვე, ის იყო, რომ 8 აგვისტოს დილით, როდესაც ქართული ”გრადები” ცხინვალს ამუშავებდნენ, რუსეთის 58-ე არმია ჯავაში იდგა, მისი მოწინავე სატანკო დანაყოფი - გუფთაში, ცხინვალიდან 18 კმ-ში. და ის იქ ორი დღე-ღამის განმავლობაში რჩებოდა. შოკირებული ვიყავი: ამ დროს ხომ ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობდა! ცხინვალი ქართველებისგან რუსებს არ გაუთავისუფლებიათ, 58-ე არმია 10 აგვისტოს უკვე გათავისუფლებულ ქალაქში შევიდა. როდესაც შემდეგ იმ ადამიანების გამოკითხვა დავიწყე, რომელთა ნდობაც შემეძლო, მივხვდი, რომ რუსული არმია ორი დღე უბრალოდ ელოდა, როდის ამოწყვეტდნენ ცხინვალში რაც შეიძლება, მეტ მშვიდობიან მოსახლეს, რათა შემდგომ ქართველები ოსების გენოციდში დაედანაშაულებინათ. თანაც, ნახეთ, როგორი ფაქტია: უკვე 2009 წლის აპრილში სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ცხინვალის შტურმის შესახებ ამ შეტევამდე 4 საათით ადრე შეიტყო, ხოლო დაწყებიდან საათნახევრით ადრე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა სამხედროები შეკრიბა და სახლებში გაუშვა – არანაირი ომი არ იქნებაო, თავად კი ჯავაში გაემგზავრა, სადაც 58-ე არმია იდგა. ანუ, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ქალაქში თავდაცვისთვის არავინ ყოფილიყო მზად. […] ორ დღეში ქართველები ქალაქიდან განდევნეს. და რა ხდება შემდეგ? ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ცხინვალში რუსი გამომძიებლები და ექსპერტები ჩავიდოდნენ, პუტინმაც და მედვედევმაც ორ-ორჯერ გააკეთეს განცხადებები, რომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოხდა, - როგორც ჩანს, ძალიან ეჩქარებოდათ, ეს ფორმულირება “ორბიტაზე გაეშვათ». მათი წაქეზებით 10 და 12 აგვისტოს შორის მთელი უცხოური მედია გენოციდზე საუბრობდა. 12 აგვისტოს რუსული სატანკო შენაერთები თბილისისკენ დაიძრნენ. და ამავდროულად ცხინვალში რუსი გამომძიებლები იწყებენ მუშაობას, ეძებენ გვამებს. დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, როგორი იყო პროექტი: თბილისი ტანკებით ალყაში მოექციათ, დასავლეთისთვის განეცხადებინათ, რომ ცხინვალში გენოციდი მოხდა, სააკაშვილის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემა მოეთხოვათ და პარალელურ რეჟიმში იმ დევნილებს, რომლებმაც სამხრეთ ოსეთიდან გასვლა მოასწრეს, ასევე ცოცხლად გადარჩენილებს მთელი მსოფლიოს გასაგონად დაეწყოთ მოსკოვისთვის მუდარა, სამხრეთ ოსეთი რუსეთს შეუერთეო. ვინ რას ეტყოდა ასეთ ვითარებაში რუსეთს, თუ იგი “გენოციდის მსხვერპლთა ნების აღსასრულებლად” სამხრეთ ოსეთს მიიერთებდა?! რესპუბლიკის არანაირ დამოუკიდებლობაზე საუბარიც კი აღარ იქნებოდა. მაგრამ რუსული ტანკები ბრძანებით შეაჩერეს თბილისიდან სულ რაღაც 30 კმ-ში, რადგან წამოვიდა გამომძიებლების მოხსენებები: 160-ზე ოდნავ მეტი გვამია, რაც გენოციდს ნამდვილად არ ჰგავსო [...]».

იმას, რომ ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობა, შეიძლება, ითქვას, არ დაზარალებულა იმ ვითარებაში, როცა ქალაქს “გრადებიდან” ბომბავდნენ და მიმდინარეობდა ქუჩის ბრძოლები, ჩოჩიევი ასე ხსნის:

«გრადებს» შეუძლიათ, დაანგრიონ სახლები, მაგრამ არა სარდაფები, სადაც მოსახლეობა იმალებოდა. თანაც ისროდნენ ძირითადად ქალაქის ცენტრის მიმართულებით, სადაც ადმინისტრაციული და არა საცხოვრებელი შენობები იყო განთავსებული. მაგრამ მთავარი აქ სხვა რამაა: დაღუპულთა ასეთი რაოდენობა მხოლოდ იმაზე შეიძლება, მეტყველებდეს, რომ ქართველ მოტომსროლელ ქვეითებს, რომლებიც შემდგომ ამაში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ, რეალურად არანაირი ყუმბარები სარდაფებში არ შეუგდიათ. არც ერთი მსგავსი ფაქტი არ არის დაფიქსირებული. ანუ, რეალურად, სააკაშვილს არანაირი გენოციდი დაგეგმილი არ ჰქონდა. […] ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ სააკაშვილი იდიოტივით გაება ისტორიაში. ჩემი ვარაუდით, ქართულ სპეცსამსახურებს რუსულები დაუკავშირდნენ”;

[…] როდესაც 9 აგვისტოს ცხინვალზე მეორე შეტევა იქნა მოგერიებული, ყველა დარწმუნებული იყო: ან იქნებოდა მესამე, მასირებული, გადამწყვეტი, ან ყველაფერი დასრულდებოდა. მაგრამ პუტინმა 9 აგვისტოს პეკინის ოლიმპიური თამაშებიდან მოწყვეტა, ვლადიკავკაზში ჩასვლა მოასწრო და გენოციდის შესახებ საკრამენტული ფრაზა თქვა. სააკაშვილი, როგორც ჩანს, გაოგნდა: თუ მე შეთანხმების საფუძველზე ყველაფერი მომცეს და მოლაპარაკებულ ხაზს იქით არ მივძვრები, მაშინ პუტინი რას ჩამოვიდაო? როგორც ჩანს, მალევე მიხვდა, რომ უბრალოდ გამოიყენეს. ამის შემდეგ აღარც “გრადებიდან” უსვრიათ, არადა, შეეძლოთ. სააკაშვილი ყველაფერს მიხვდა და შეჩერდა. 58-ე არმია კი იძულებული გახდა, ქალაქში შესულიყო. შემდეგ რუსი გამომძიებლები იქ კიდევ დიდხანს ეძებდნენ გენოციდის მტკიცებულებებს, თუმცა მაინც ვერ იპოვეს. არადა, რესპუბლიკაში რაღაც საბაბით ხომ უნდა დარჩენილიყვნენ?! ამგვარად, მიერთების გეგმა ჩავარდა და დამოუკიდებლობის აღიარება მოუწიათ”.

მგონი, საკმაოდ საინტერესო ვერსიაა, ქ-ნო სალომე!

იცის თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ის, რაც უკვე მოსკოვშიც კი აღიარეს

აგერ, კიდევ ერთი “ცხელ-ცხელი” განცხადება – ამჯერად რუსეთის მხრიდან: ამ დღეებში, 2008 წლის ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით გამართული ვიდეოხიდის მოსკოვი-ცხინვალი-სოხუმიმსვლელობისას პოლიტოლოგმა სერგეი მარკედონოვმა გაიხსენა, რომ „2008-ში, ჯერ კიდევ მარტში რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარების პირობები გამოაქვეყნა და მთავარი პირობა იყო საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით, განსაზღვრული პროცედურების გვერდის ავლით გაწევრიანება“.

ატომ ვერ/არ ამბობს სალომე ზურაბიშვილი იმას, რასაც აფხაზებიც მიხვდნენ

ბევრ რამეს მიხვდნენ, ქ-ნო სალომე, უკვე აფხაზეთშიც, რომელსაც კრემლთან ურთიერთობები საგრძნობლად დაეძაბა. შეგიძლიათ, თუ ინებებთ, აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლების კომენტარებს გადახედოთ. აგერ, ბატონო, რამდენიმე მათგანი (http://accent.com.ge/ge/news/details/56653):


 

კვე სხვა დროა, ქ-ნო სალომე, სხვა დრო!

სხვა წყაროებიც მრავლადაა, ქ-ნო პრეზიდენტობის კანდიდატო და იქნებ, როგორც შესაძლო მომავალ მთავარსარდალს, გიღირდეთ, თავად მოიძიოთ და გაეცნოთ – ისე, საკუთარი რეიტინგისთვის მაინც, თორემ თუ თვლით, რომ ჯერ კიდევ ის დროა, როცა კრემლის მხარდაჭერა ყველაფერს უწყვეტდა პოლიტიკოსს საქართველოში და (ნებსით თუ უნებლიედ) მისი მაამებლური განცხადებები კეთება არჩევნებში გამარჯვების 100%-იანი გარანტია იყო, მაშინ ცდებით: დამიჯერეთ, უკვე სხვა დროა!

სხვა დროა იმ თვალსაზრისითაც, რომ პოლიტიკური ოპონენტებისთვის დაუდასტურებელი მძიმე ბრალდებების ზეპირსიტყვიერად წაყენება არათუ აღარ “ჭრის”, არამედ საპირისპირო შედეგიც კი შეიძლება, მოგიტანოთ. ის მაინც ხომ იცით, რით დასრულდა ჯერ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის და შემდეგ უკვე “ქართული ოცნებისთვის” მსგავსი მოქმედება?! თუ რაიმე მტკიცებულება გაქვთ იმისა, რომ ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წელს საუკუნოვან მტერთან შეთანხმებით/ დავალებით იმოქმედა, ადრეც უნდა წარმოგედგინათ – ვალდებულიც კი ბრძანდებოდით! თუ ადრე არ გააკეთეთ ეს - “ქართული ოცნებისა” და “ციხის კადრების” ისტორიის არ იყოს, ახლა მაინც გააკეთეთ!

ხოლო თუ ეს უბრალოდ მოსაზრებაა თქვენი და “ხმამაღლა ფიქრი”, მაშინ ნუ გიკვირთ, რომ დღეს ასეთივე უსაფუძვლო საფუძველზე თავად ხდებით “რუსეთის აგენტის” წოდების მატარებელი და უკვე თქვენ გისვამთ იმის ანალოგიური კითხვა, რომლის დასმისკენაც ჟურნალისტებს თავად მოუწოდეთ სააკაშვილის მოქმედებებთან დაკავშირებით: რატომ აკეთებთ ამას ყოველ ჯერზე, რა მიზანი გამოძრავებთ? ამას რა ჰქვია – უგუნურობა, პრეზიდენტობის გიჟი კანდიდატის ახირება, თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?

საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"