ოფიციალური სოფია ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსში ოსური ანსამბლის მონაწილეობას განმარტავს

2018-07-31 18:10:01
733

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში ოსური საბავშვო ანსამბლის მონაწილეობას ეხმიანება და აცხადებს, რომ ბულგარეთის ხელისუფლება ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული არ ყოფილა.

საუბარია ცხინვალში მოქმედი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის - „კაფტის“ მონაწილეობაზე ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო კონკურს–ფესტივალში.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს კონკურს–ფესტივალის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, მასში ანსამბლ „კაფტი“ რუსული დროშით მონაწილეობა ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა. ვიყენებთ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბულგარეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სახრეთ ოსეთში არსებული სეპარატისტული წარმონაქმნების არაღიარების თაობაზე. ბულგარეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში“, – განუცხადეს „აქცენტს“ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რაც შეეხება ოსური ფოლკლორული ჯგუფის საბუთებსა და ბულგარეთში ჩაღწევის გზებს, კერძოდ, სავიზო თემებს, ბულგარეთის საგარეო უწყების ცნობით, ქვეყანაში შედიან მხოლოდ და მხოლოდ ის უცხოელები, რომლებიც მოგზაურობისთვის საჭირო ყველა დოკუმენტს ფლობენ, “მაგალითად, ბულგარეთში სამოგზაუროდ რუსეთის ფედერაციის მოქალქეებმა მოქმედი პასპორტი და ვიზა უნდა იქონიონ თან, საქართველოს მოქალაქეებმა კი – მოქმედი პასპორტი“.

დეტალების გასარკვევად “აქცენტი” ბულგარეთში საქართველოს საელჩოსაც დაუკავშირდა. როგორც დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განგვიცხადეს, ოსური ანსამბლი საერთაშორისო კონკურს–ფესტივალში რუსეთის, კერძოდ ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელით მონაწილეობდა:

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ინფორმაციის მიღებისთანავე განახორციელა შესაბამისი ქმედებები, მათ შორის, აწარმოა აქტიური კომუნიკაცია როგორც ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე ბულგარეთის შესაბამის უწყებებთან. როგორც ორგანიზატორმა განაცხადა, აღნიშნული ანსამბლი ღონისძიებაში დარეგისტრირდა და მონაწილეობდა ჩრდილოეთ ოსეთის სახელით. აქვე გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი გახლავთ, რაც დასტურდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში“, – განუცხადეს „აქცენტს“ ბულგარეთში საქართვლოს საელჩოში.

თუმცა როგორც “აქცენტი” უკვე წერდა, საკონკურსო ვებ-გვერდზე, რომელიც რჩეული ფოლკლორული ჯგუფებისთვის ხმის მისაცემად შეიქმნა, “კაფტი” წარმოდგენილია “სამხრეთ ოსეთი, რუსეთი”-ს სახელით: (http://accent.com.ge/ge/news/details/56880).