„ქართული პოლიტიკური სისტემა ავადმყოფი სისტემაა, რომელმაც დიდი ხანია, შემოქმედებითი უნარი დაკარგა“

2015-10-23 12:39:40
3016

ინტერვიუ ჯეიმსთაუნის ფონდის პოლიტიკურ ანალიტიკოსთან, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორ ვასილ რუხაძესთან.

– თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მინდა, გკითხოთ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე. თქვენი აზრით, საქმე გვაქვს კერძო დავასთან თუ ხელისუფლების მიერ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების ხელში ჩაგდების მცდელობასთან, როგორც ტელეკომპანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა აცხადებს?  

– ჩემი აზრით, საქმე გვაქვს ორივე მოვლენასთან: კერძო დავასთან და მედიასაშუალების ხელში ჩაგდების მცდელობასთან. უფრო კონკრეტულად, ხელისუფლება კერძო დავას კერძო მფლობელობაში არსებულ ტელევიზიაზე კონტროლის დამყარების მიზნით იყენებს. საუბედუროდ, პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში ეს ახალი მოვლენა არ გახლავთ. ეს ერთგვარ მახინჯ პოლიტიკურ ტრადიციადაც კი იქცა. მეხსიერების დიდად დაძაბვა არ გვჭირდება იმის გასახსენებლად, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს ყოველი ხელისუფლება მედიასაშუალებებს, კერძოდ ტელევიზიებს სწორედ ასე „ანეიტრალებდა“ და იგდებდა ხელთ.  ამ მხრივ არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ქართულ პოლიტიკურ წრეებში მედიის დამოუკიდებლობა სრულიად აბსტრაქტული მცნებაა, რომელიც არავის აინტერესებს და არავის ესმის. ამ მცნებით მხოლოდ მაშინ სპეკულირებენ, როდესაც უკვე თავად მათ ეხებიან.  სამწუხაროდ, აგერ უკვე 25 წელია, ქართული მმართველი წრეები პოსტსაბჭოური აზროვნების ჭაობიდან ვერაფრით ამოდიან, მიუხედავად იმისა, რომ მაღალფარდოვანი დემოკრატიული ლექსიკა საკმაოდ დაახელოვნეს.

– როგორც უცხოეთში მოღვაწე ანალიტიკოსს, მინდა, გკითხოთ, თქვენი ინფორმაციით, აღიქმება თუ არა ეს პროცესები საერთაშორისო საზოგადოებაში მედიაზე ზეწოლად და შესაბამისად, აზიანებს თუ არა ქვეყნის იმიჯს?

– რაც შეეხება „რუსთავის 2“-ის თემაზე საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას და მის კავშირს ქვეყნის იმიჯთან, პოსტსაბჭოთა საქართველოს მსოფლიოში უკვე ათწლეულებია, აღიქვამენ, როგორც „ფასადურ დემოკრატიას“, სადაც დემოკრატიულ ინსტიტუტებს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვთ და სინამდვილეში ბევრს არაფერს ნიშნავენ. ამიტომ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს დასავლეთში დიდად არავინ განუცვიფრებია. გარდა ამისა, საქართველო ძალიან პატარა, შორეული და სუსტია იმისათვის, რომ ქვეყანაში ტელევიზიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებმა დასავლეთის სამყაროს ინტენსიური ყურადღება მიიპყროს.

– გასული კვირის კიდევ ერთი რეზონანსული მოვლენა პატარა საქართველოში აშშ–ის ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) მორიგი კვლევის შედეგები გახდა, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“  რეიტინგი თითქმის გათანაბრდა. მათ მოსდევენ „თავისუფალი დემოკრატები“ და ა.შ. როგორ ფიქრობთ, არჩევნებამდე მოსალოდნელია თუ არა მოსახლეობის განწყობის რადიკალური ცვლილება და რას უნდა ველოდოთ 2016 წელს?

– „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ რეიტინგი იმიტომ კი არ გათანაბრდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობამ იმატა, არამედ იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ პოპულარობა კიდევ უფრო დაეცა.

რაც შეეხება კითხვის დანარჩენ ნაწილს, დღეისათვის ქვეყანაში სუფევს სრული პოლიტიკური ნიჰილიზმი და იმედგაცრუება ყველა იმ პოლიტიკური ძალისადმი, რომელიც კი ხელისუფლებაში იყო ან არის. მოსახლეობის უმრავლესობა უნდობლობას უცხადებს ყველა ძირითად პოლიტიკურ ძალას. ყოველივე ეს საქართველოში და უშუალოდ ქართულ საზოგადოებაში ღრმა კრიზისის მაჩვენებელია, რაშიც ბრალი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს იდეოლოგიურად და პოლიტიკურად გაკოტრებულ ფსევდო-ელიტებს მიუძღვით, რომლებმაც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხეს. მე ძალიან ვეჭვობ, რომ დღეს ამგვარი მასობრივი პოლიტიკური უნდობლობის მდგომარეობიდან 2016 წლამდე რაიმე რადიკალური ცვლილება მოხდეს. თუმცა ქვეყნის ცხოვრებაში და პოლიტიკაში ყოველთვის არსებობს მოულოდნელობები, რომლისაგანაც დაზღვეული არც ჩვენ ვართ.

მთლიანობაში მე ვფიქრობ, რომ 2016 წელს ამომრჩეველთა საკმაოდ დაბალი აქტივობა იქნება.  ვეჭვობ, რომ ამ არჩევნებში რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ მნიშვნელოვანი უმრავლესობით გაიმარჯვოს, როგორც ეს წინა წლებში იყო. სავარაუდოდ, 2016 წლის არჩევნების შედეგად საკმაოდ ჭრელ და, ამავე დროს, სუსტ, ფრაგმენტირებულ კოალიციას მივიღებთ.

მაგრამ ხელისუფლება NDI-ს კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს. რას იტყვით მის ამ პოზიციასთან დაკავშირებით?

– როგორც პოლიტოლოგს, ნებისმიერი სახის და ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვასთან დაკავშირებით ჩემი პირადი მოსაზრება და სტატისტიკური კრიტიკა მაქვს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ფაქტების უგულებელყოფის და წაყრუების ძალიან მავნე, თვით-დამანგრეველი ჩვევა ახასიათებს, რაც მმართველი ძალისთვის საკმაოდ ცუდი თვისებაა.

 NDI-ს კვლევის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ნოყიერი ნიადაგია მომზადებული მესამე ძალისთვის, ვინაიდან გამოკითხულთა ნახევარზე მეტს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას მომავალ არჩევნებში. შეიძლება თუ არა, ამის გათვალისწინებით,   ველოდოთ ასეთი ძალის გამოჩენას? თუ კი, ვინ შეიძლება, დაიკავოს ეს ნიშა - პროდასავლური თუ პრორუსული ორიენტაციის ძალებმა?

– დღეს საქართველოში არსებული ეგრეთწოდებული „პოლიტიკური პარტიების“ აბსოლუტური უმრავლესობა იდეოლოგიურად და პოლიტიკურად გაკოტრებული კლანური დაჯგუფებებია, რომლებიც ინტელექტუალური რესურსების მწვავე დეფიციტთან ერთად, საზოგადოების მხარდაჭერის მკვეთრ ნაკლებობასაც განიცდიან. არ ვფიქრობ, რომ ამ ჯგუფებიდან რომელიმეს სერიოზულ, ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება შეუძლია. მათი მდგომარეობა ნამდვილად უიმედოა. თუმცა არჩევნებამდე ჯერ კიდევ ერთი წელია დარჩენილი. ერთი წელი კი საქართველოს მსგავს, პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანაში საკმაოდ ხანგრძლივი დროა იმისათვის, რომ მდგომარეობა ნებისმიერი მიმართულებით შეიცვალოს, მით უმეტეს, თუ ეკონომიკური ან პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა. მე პირადად არ ველი, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა შეიძლება, დასაბამი მისცეს „მესამე ძალას“. შესაძლებელია, რამდენიმე, დღეისათვის მარგინალურმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ საპარლამენტო ადგილები მოიპოვოს და ქვეყანაში თავისი პოლიტიკური გავლენა გარკვეულწილად გაზარდოს, მაგრამ არ ვთვლი, რომ 2016 წლისთვის ქვეყანას ალტერნატიული „მესამე ძალა“ ეყოლება. ეს ცოტა უფრო შორეული მომავლის პერსპექტივაა.

კვლევამ  გამოკვეთა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ქვეყანაში ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობამ იკლო და ევრაზიული კავშირის მომხრეების რაოდენობამ იმატა. რას შეიძლება, უკავშირდებოდეს აღნიშნული და ფიქრობთ თუ არა, რომ მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებას დაუჭერს მხარს? უკავშირდება თუ არა აღნიშნული მაჩვენებელი რიგი პოლიტიკური ძალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურებას და როგორი უნდა იყოს ხელისუფლების შემხვედრი ნაბიჯი?  

– ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობამ იმიტომ იკლო, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანების პერსპექტივას ვეღარ ხედავს. საქართველოში პრო-რუსული დაჯგუფებების გააქტიურება ამ პროცესის შედეგია და არა მიზეზი. მოსახლეობის მხარდაჭერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისადმი შეიძლება, ისევე შეიცვალოს, როგორც ნებისმიერი სხვა პოლიტიკური საკითხისადმი. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას თვლის საზოგადოება მისთვის სასურველად და შესაძლებლად.

საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესისადმი მზარდ სკეპტიციზმში მნიშვნელოვანწილად ბრალი მიუძღვით საქართველოს მმართველ პოლიტიკურ წრეებს 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე. საქართველოს პოსტსაბჭოთა მთავრობები საკუთარი სუსტი შიდა ლეგიტიმურობის განსამტკიცებლად ქართულ საზოგადოებას მიზანმიმართულად უქმნიდნენ ილუზიას, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაცია ძალიან ახლოს იყო. სინამდვილეში, დასავლეთი, ნატო–ს 2007 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ დეკლარაციას თუ არ ჩავთლით, საქართველოს არსად გაწევრიანებას არ დაჰპირებია. საქართველოს მმართველმა წრეებმა ცრუ იმედები შექმნეს, რასაც ლოგიკურად იმედგაცრუება მოჰყვა. მათი ყალბი, მოჩვენებითი პრო-დასავლურობის შედეგებს დღეს ვიმკით.

5. რამდენიმე დღის წინ უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა წამების ამსახველი ფარული ჩანაწერები. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება „ძველ ხერხებს“ იყენებს და რეიტინგის შესანარჩუნებლად მოსახლეობას კვლავ ციხის მოვლენებს „ახსენებს“. რას ფიქრობთ კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით?

– ქართული პოლიტიკა ისეთივე მდარე და ვულგარულ, თუმცა დაუნდობელ არენად რჩება, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო. სამწუხაროდ, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. მთლიანობაში, პოსტსაბჭოთა ქართული პოლიტიკური სისტემა ავადმყოფი პოლიტიკური სისტემაა, რომელმაც შემოქმედებითი უნარი დაკარგა.  უკვე თითქმის მეოთხედი საუკუნეა, რაც ქართული პოლიტიკური წრეები კონვულსიებში არიან და მათთან ერთად ისინი ამ აგონიაში ქართულ საზოგადოებასაც ითრევენ.

მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი ხდება კოლოსალური პრობლემების ფონზე: ქვეყნის მეხუთედის მიმდინარე ოკუპაცია, მასობრივი უმუშევრობა და სიღატაკე, მოსახლეობის რაოდენობის კატასტროფული კლება უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, ზოგადი განათლების დონის  მკვეთრი გაურესება, უზარმაზარი ეკოლოგიური პრობლემები, სურსათ–პროდუქტების საგანგაშო მდგომარეობა,  ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემები და სხვა მრავალი.

“თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, ასევე ექსპერტთა ნაწილი საქართველოში აცხადებენ, რომ ივანიშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირებას ქვეყნის იმიჯი ეწირება. თქვენ, როგორც საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ანალიტიკოსი, როგორ ფიქრობთ, რამდენად მოქმედებს ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯზე და ნაწილობრივ შეიძლება თუ არა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ბატალიებს დავაბრალოთ პრეზიდენტის შენიშვნა, რომ საქართველო მსოფლიო პოლიტიკური რადარებიდან გაქრა? რეალურად, რამდენად მოქმედია ჩვენი ქვეყნის დიპლომატია და ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ, მაგალითად, უკრაინის საკითხმა  „გადაფარა“ საქართველო, ამ უკანასკნელმა კი ვერ შეძლო, დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში რუსეთზე ზეწოლის მიმართულებით უკარაინასთან ერთად მოხვედრილიყო?

– პოლიტიკური დაპირისპირება ცალკეულ ინდივიდებს შორის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს და ამით ქვეყნის იმიჯის შელახვა ძნელი წარმოსადგენია. ასე რომ, ამ აზრს არ ვეთანხმები.

რაც შეეხება საქართველოს მსოფლიოს პოლიტიკური რადარებიდან გაქრობას, როგორც ამას უწოდებთ, საქართველო რომ მსოფლიოს „რადარებიდან“ გამქრალიყო, ჯერ მას იქ ადგილი უნდა ჰქონოდა. საქართველო არასდროს ყოფილა დასავლეთის არცერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ამგვარი ილუზია, როგორც ეს ზემოთაც ნაწილობრივ აღვნიშნე, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე საქართველოს მმართველმა უსუსურმა ფსევდო-ელიტებმა შექმნეს, რათა ქართული საზოგადოებისთვის ჩამოეყალიბებინათ აზრი, რა თქმა უნდა, ცრუ, რომ დასავლეთი მათ (ანუ ხელისუფლებას) მხარს უჭერდა. მინდ,ა ისევ გავიმეორო, რომ მსგავსი ილუზიებით საქართველოს მმართველი წრეები თავიანთი ქრონიკულად სუსტი საშინაო ლეგიტიმურობის გამყარებას ცდილობდნენ, თუმცა ამ პროცესში შედეგად ძალიან ბევრი რამ კატასტროფამდე მიიყვანეს. ეს ძალიან ფართო თემაა, რისთვისაც ინტერვიუს ფორმატი საკმარისი არ არის, ამიტომ ამჯერად აქ შევჩერდები.

იმ ფონზე, როდესაც ევროპული პოლიტიკის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა ის, თუ როგორ დააღწიონ თავი რუსეთისგან ენერგოდამოკიდებულებას, საქართველოს მთავრობაში აქტიურად დაიწყო საუბარი "გაზპრომისგან" მისაღები წილების გაზრდაზე. რა რისკებს ხედავთ ამაში და რა შეიძლება, მოუტანოს ქართულ მხარეს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ?

– ის, რომ საქართველოს მთავრობა „გაზპრომის“ ბუნებრივი აირის ერთ-ერთ მთავარ მომწოდებლად დაბრუნებას ცდილობს, უგუნურების სფეროს სცდება. ეს არის დანაშაული, პოლიტიკური მავნებლობა, რომლის მწარე ფასი ისევ ქართველმა ხალხმა უნდა გადაიხადოს. „გაზპრომის“ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში რუსეთი აუცილებლად ეცდება, გახდეს საქართველოსთვის გაზის ერთადერთი და არა ერთ-ერთი მომწოდებელი, ეს კი რუსეთის ხელში საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური დესტაბილიზაციის და საბოტაჟის დამატებითი იარაღი იქნება. ამის მაგალითები საკუთარ ტყავზე უკვე გამოვცადეთ, რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინის და ევროკავშირის არაერთ მაგალითზე.  

ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთთან  ურთიერთობა, ასე თუ ისე, დათბა და ამაზე სავაჭრო ურთიერთობები მეტყველებს, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საუბარი არ არის. რამდენად მართებულია ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში და მიგაჩნიათ თუ არა, რომ მთავრობა რუსეთთან ურთიერთობაში „დათმობებით“ შეცდომებს უშვებს?

– ნებისმიერ ქვეყანასთან მოლაპარაკებები მისი შედეგებით უნდა შეფასდეს, ამ მხრივ კი საქართველოს მთავრობას საჩვენებელი ბევრი არაფერი აქვს, ყბადაღებულ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას თუ არ ჩავთვლით, რომელიც, თავის მხრივ, არაერთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკს შეიცავს.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები აბსოლუტურად ჩიხშია შესული და მიმდინარე მოლაპარაკებები ამ მდგომარეობას ვერ შეცვლის. ამის უპირველესი მიზეზი ის გახლავთ, რომ დღეს საქართველო რუსეთთან არათანაბარ ურთიერთობაშია. კერძოდ, საქართველო დღეს ომში დამარცხებული მხარეა, რუსეთი კი –გამარჯვეული (თუნდაც დროებით). არადა, საწყის პოზიციას  დიპლომატიაში უდიდესი მნშივნელობა აქვს. შეუძლებელია, არსებულ სიტუაციაში რუსეთმა რაიმე მნიშვნელოვანი დათმოს.

იმის თქმა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები დათბა, მხოლოდ თავის მოტყუებაა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ მოლაპარაკებებმა რუსეთს საქართველოში რაიმეში ხელი შეუშალოს. პირიქით, ეს მოლაპარაკებები რუსეთისთვის საქართველოს ხელისუფლებაზე და საქართველოზე ზემოქმედების დამატებითი მექანიზმია, რომელიც რუსეთმა კარგად იცის, როგორ გამოიყენოს.

დასკვნის სახით მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მდგომარეობა, საგარეოც და საშინაოც, უაღრესად რთულია. მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ. ნებისმიერი რთული მდგომარეობიდან, მათ შორის ჩვენი მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს. მაგრამ ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საბოლოოდ უარი თქვას იმ პოსტსაბჭოთა ფსევდო–ელიტებზე, რომლებმაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია, საქართველო ნამდვილ ჯოჯოხეთში გამოატარეს. თუ ამას შევძლებთ, მე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს საუკეთესო დღეები ჯერ კიდე წინ არის.

 

ინგა მურუსიძე