ვიქტორ შენდეროვიჩი: “წინ ძალზე საინტერესო ორი წელი გველის – დრო, როდესაც რუსეთში საკვები ამოიწურება”

2018-07-12 13:46:11
939

ცნობილი პუბლიცისტი, კომიკოსი და ანალიტიკოსი ვიქტორ შენდეროვიჩი რუსეთს შიმშილს უწინასწარმეტყველებს. ქვეყნის უახლოეს მომავალზე მან საჯარო ლექციის მსვლელობისას ისაუბრა.

აქცენტი” შენდეროვიჩის გამოსვლიდან ამონარიდის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

[რუსეთის ხელისუფლების სათავეში] პუტინის გამოჩენა უბრალოდ დროში დაემთხვა ცხოვრების საერთო დონის ზრდის პერიოდს, რომელსაც იმხანად თითოეული მოქალაქე გრძნობდა. გაიდარის [ეგორ გაიდარი – რუსეთის 1990-იანი წლების ეკონომიკური რეფორმების იდეოლოგი, 1991-94 წლებში მაღალი თანამდებობები ეკავა ქვეყნის ხელისუფლებაში] დროს როგორც ღვთიურ მადლზე, ისე ოცნებობდნენ 1 ბარელ ნავთობში 25$-იან ფასზე. ასეთი ფასი რომ იმ დროს გაჩენილიყო, როცა რუსეთის ხელისუფლებაში რეფორმატორები იყვნენ, შესაძლებელი იქნებოდა, ნავთობით ნაშოვნი ტრილიონები რეფორმების ამორტიზებაზე, ეკონომიკის რეფორმირებაზე წასულიყო და არა რეიტინგის ზრდაზე. სამწუხაროდ, ასეთ ფასს რეფორმატორების კი არა, პუტინის გამოჩენა დაემთხვა დროში და ამ მხრივ ძალიან არ გაგვიმართლა. წარმოუდგენელი მილიარდები ტრივიალური “მხერხავების” ხელში აღმოჩნდა და მათ ყველაფერი “დახერხეს”, ყველაფერი! მაგრამ აქამდე მაინც რჩებოდათ მცირე ნაწილი, რათა ხალხისთვისაც მიეგდოთ ხელისუფლების რეიტინგის შესანარჩუნებლად. ხალხიც კმაყოფილი იყო: “მთავარია, ცოტა მაინც გაგვიყავით და სხვა არც არაფერი გვინდაო” (კი, ასებობს ხალხის ის ნაწილიც, რომლისთვისაც თავისუფლება რაღაცას ნიშნავს, თუმცა ასეთები მხოლოდ ერთეულები არიან). ძირითადი მასა სიხარულით ჩაერთო ხელისუფლებასთან ამ ერთგვარ საკონტრაქტო ურთიერთობაში. ასე გძელდებოდა საკმაოდ დიდხანს, მაგრამ ახლა ხელისუფლებამ ამ კონტრაქტის დარღვევა დაიწყო. და მოსახლეობაც ნელ-ნელა (უფრო ნელა, ვიდრე ვისურვებდით) ფხიზლდება: “მაცივრის პარტია” ძალიან ნელა, მაგრამ ამარცხებს “ტელევიზორის პარტიას”. ასე, რომ წინ ძალზე საინტერესო (ძალიან რბილად რომ ვთქვათ) ორი წელი გველის – დრო, როდესაც საკვები ამოიწურება”.