თავდასხმა ოფიციალურ უწყებაზე: როგორ ვებრძოლოთ "ტროლებს"

2018-07-11 20:28:51
1543

"სოროსის ევროკავშირი სულს ღაფავს, თქვენ რას ატყუებთ ამ ხალხს", "არ გვინდა სადამსჯელო ნატო და სოროსის ევროკავშირი", "ნატოს სადამსჯელო ალიანსმა დაბომბა იუგოსლავია და თან დასცინა", -2018 წლის 4 ივლისიდან ბევრი მსგავსი კომენტარებით მიზანმიმართული შეტევის ობიექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ სამსახურეობრივი “facebook–გვერდი გახდა.  ტროლების შეტევა საინფორმაციო ცენტრის გვერდზე 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სოციალური ქსელის "დატროლვა" ​შეურაცხმყოფელი, ანტიდასავლური და ცრუ ინფორმაციის შემცველი გზავნილებით გამოიხატა. და აღნიშნული მიზნისთვის ცრუ მომხმარებლები და გვერდები გამოიყენეს. ​ 

როგორც ნატოსა და ევროკავშირის ცენტრში აცხადებენ, “გამოიკვეთა 50-მდე ყალბი მომხმარებელი და გვერდი – "ლიზი ლაზი", "ნატაშა", "ჭუპა", "პიპა", "პრეზიდენტ რასიი" "საფრთხობელები ნატახტარში“, "პრეზერვატივი აი ისას ადვოკატი", "ძირს ნაცებთან შეკრული ოპოზიცია", "ზონდერ კუპრავა" და ა.შ. 

აღსანიშნავია, რომ გზავნილებში ენა და ხელწერა ერთი იყო, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ რამდენიმე გვერდს 1 ან 2 ადამიანი მართავდა. თავდასხმა ხორციელდებოდა დღის ერთ მონაკვეთში, 30 წუთიდან 1 საათის განმავლობაში,ორგანიზებულად და ერთი და იმავე ცრუ მომხმარებლების ანგარიშების გამოყენებით.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის facebook–გვერდი ერთ–ერთ ვიდეოზე მოინიშნა როგორც დეზინფორმაციის გამავრცელებელი წყარო. „აინიუსი“ პოლიტიკა–ს მიერ გავრცელებული ვიდეო ეხებოდა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ნატოს მიერ ეთნიკური წმენდის შეჩერების მიზნით დაწყებულ საჰარეო ოპერაციას, რომელიც საზოგადოებისთვის მიწოდებული იყო როგორც ნატოს თავდასხმა სერბეთზე. უნდა აღინიშნოს, რომ თავდასხმის პროცესში კონკრეტულად ამ თემით მანიპულირება თვალშისაცემი იყო.

როგორც ირკვევა, მომხდარის შესახებ შს სამინისტრო ინფორმირებულია, თუმცა თავდასხმის პროცესში ცენტრს დახმარება გულშემატკივრებმა და საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა აღმოუჩინა.   

"მსგავსი ქმედებები სოციალურ ქსელებში კანონმდებლობით დასჯადი არ არის, თუმცა, მაინც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, საქმის კურსში ჩაგვყენებინა კიბერუსაფრთხოების ბიურო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რადგან აღნიშნული საქციელი (ტროლების თავდასხმა და სიცრუის ტირაჟირება) ჩვენი ქვეყნის გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს აზიანებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ასევე, ჩავთვალეთ საჭიროდ, „ფეისბუქის“ მიერ დადგენილი ნორმების ფარგლებში გვებრძოლა ამ თავდასხმის წინააღმდეგ. ჩვენი გულშემატკივრებისა და ერთგული გამომწერების, ასევე, საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონერების დახმარებით „დავარეპორტეთ“ ყველა ყალბი მომხმარებელი და გვერდი. განსაკუთრებული მადლობა გვსურს, გადავუხადოთ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონს ძალების მობილიზებისა და ვიდეოინსტრუქციის შემუშავებისთვის, თუ როგორ უნდა „დაგვერეპორტებინა“ ცრუ მომხმარებლები და გვერდები ეფექტიანად, რამაც საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო. ამ ეტაპისთვის არცერთი მათგანი აღარ არის მოქმედი. გვსურს ასევე, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ყველა მხარდამჭერს „ – აცხადებენ ცენრში.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის ნინო ბოლქვაძის განცხადებით, „ტროლების გამოყენება არის აპრობირებული მეთოდი სოციალურ ქსელებში“.

„ეს გუშინ და დღეს არ დაწყებულა. უბრალოდ, ბოლო პერიოდში ეს არის გააქტიურებული და შესაძლოა, უკავშირდებოდეს ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას, როგორიცაა ნატოს სამიტი. ამ პერიოდში მათ, ვინც იყენებს ამ მეთოდებს, განსაკუთრებით უნდათ, რომ წამოწიონ ანტინატოური განწყობები. სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. გვინახავს ისიც, რომ სამწუხაროდ, სამიტის წინ მატულობს ხოლმე პროვოკაციები, მსგავსი შეტევები. შესაძლოა, საინფორმაციო ცენტრზე ტროლების თავდასხმაც ამას უკავშირდებოდეს. ფაქტი ერთია – ტროლების შემოტევის დროს ღიად პრორუსული ნარატივი არ ყოფილა, თუმცა ის ნარატივი, რაც იყო, არის მკაფიო, დადასტურებული და მრავალი წლის განმავლობაში გამოყენებული რუსული ნარატივი ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ . იმ მითებს, რასაც გვიწერდნენ - თითქოს ნატომ მართლმადიდებელი იუგოსლავია დაბომბა აღდგომის დღეს, ხოლო ჭურვებს ეწერათ „გილოცავთ აღდგომას“ - ამ დეზინფორმაციას რუსეთი წლებია ავრცელებს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ კვალი მიდის რუსეთთან. ამგვარი ნარატივი წყალს ასხამს კრემლის წისქვილზე და დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - აცხადებს ნინო ბოლქვაძე.

განხორციელებულ შეტევას საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონში სახელმწიფო უწყებაზე თავდასხმად აფასებენ:

„საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქეების პროექტი და გაერთიანება, სადაც თითოეულს შეუძლია თავისი წვლილი შეიატანოს საინფორმაციო სივრცის დაცვის საქმეში. მოწინააღმდეგე ცდილობს საქართველოს მოსახლეობაში დათესოს საერთო წარუმატებლობის, იმედგაცრუების, უპერსპექტივობის განცდა. მოწინააღმდეგის პროპაგანდას სურს, დაარწმუნოს ჩვენი მოსახლეობა იმაში, რომ შრომას, ბრძოლას აზრი არ აქვს. მიზანი? ჩვენი გულისა და გონების ოკუპაცია ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე.

მოწინააღმდეგის პროპაგანდისტულ მანქანას უნდა დავამატოთ „სასარგებლო იდიოტები“, რომლებიც მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს ისე, რომ წარმოდგენაც არ აქვთ შედეგებზე. ამისთვის კი საჭიროა საინფორმაციო სივრცეში არსებული სიცარიელეები, კონკრეტულ თემებსა და საკითხებზე დროულად ამოვავსოთ.

შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ეს იყო თავდასხმა სახელმწიფო უწყებაზე, კონკრეტულად საინფორმაციო ცენტრზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. მიზანი უწყების დაშინება და მათი საქმიანობის დისკრედიტაცია და საქმიაობის ხელშეშლა. ჩვენ მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ ამ თავდასხმის მოგერიებაში. აუცილებელია, უფრო მეტი თვითორგანიზების უნარი, სოლიდარობის სურვილი და ძალების გაერთიანება. ამ მიმართულებაზე, პროპაგადასთან ბრძოლის გზაზე გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი და ეს ხარვეზი ძალებისა და შესაძლებლობების არამიზნობრივი ფლანგვაა. ჩემი აზრით, ეს არ არის თემა, სადაც წარმატების გაფორმებით ერთი, რომელიმე კონკრეტული ორგანიზაცია ან/და ინდივი უნდა ტკბებოდეს. ამდენად, ჩვენ ვეცდებით ვიყოთ მაგალითები ამ გზაზე“.

როგორც ირკვევა, ლეგიონერების მიერ შემოთავასებული სერვისით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა გახდეს ლეგიონერი და თავად ჩაერთოს მიზანმიმართული პროპაგანსის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

ლეგიონერად მონათვლა მარტივია –  „უნდა იზიარებდე მოსაზრებას, რომ მოწინააღმდეგე ჩვენი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებს მტრულ პროპაგანდას. ძირს უთხრის ჩვენი, როგორც საზოგადოების ფსიქოლოგიურ მზაობას კრტიკულ მომენტში კონსოლიდაციისა და მობილიზაციისთვის;  გვართმევს წინააღმდეგობის გაწევის სურვილს, ძალასა და ნებას. ამ გზით, ის იაფად, უსისხლოდ და ეფექურად აგრძელებს საქართველოს სახელმწიფოს და შლის და დააქუცმაცების პროცესს“.

 

რა მოეთხოვებათ ლეგიონერებს?

ლეგიონერების ამოცანებია - გაიარონ რეგისტრაცია Infoarmy.ge-ზე, მიიღონ ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული შეტყობინებები შემდგომი გავრცელების მიზნით. შეტყობინებები შეეხება საინფორმაციო სივრცეში მიმდინარე პროპაგანდისტულ კონფრონტაციებს, რომლებსაც მოწინააღმდეგე აწარმოებს. ლეგიონერები ამ ინფორმაციას ავრცელებენ პირად გვერდზე „ფეისბუქში“, „ფეისბუქის“ ჯგუფებში, აგზავნიან ელექტრონულ ფოსტაზე, უყვებიან სიმართლეს მეგობრებს.

„ამით ისინი აძლიერებენ თავიანთი და თავიანთი გარემოს ცოდნას ისეთ საკითხებზე, რომლებიც მოწინააღმდეგეს მონიშნული აქვს როგორც ჩვენი სუსტი მხარე, როგორც სიცარიელე და აპირებს მის „ამოვსებას“. მაგალითისთვის, არასდროს გეტყვით მოწინააღმდეგე, რომ ანანურში დასაფლავებული ქუთაისელი მიტროპოლიტი დოსითეოსი, რუსი სამხედროების ბრძანებით არის ნაწამები და მოკლული, არასდროს გვეტყვიან, რომ ქართულ გალობას მაშინდელმა რუსულმა ელიტამ „თხის კიკინი“ უწოდა, არავინ გვეტყვის, რომ სწორედ „ერთმორმრწმუნეებმა“ შეათეთრეს სვეტიცხოველის, ალავერდის, სამთავისის ქართული ფრესკები და, რომ ქვეყნიდან გააძევეს მიტროპლიტი ექვთიმე გაენათელი. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ლეგიონერები იმარჯვებენ მოწინააღმდეგეზე. ისინი, მოქალაქეებს მოწინააღმდეგის რეალური მიზნების შესახებ აცნობებენ. შესაბამისად, როცა ვიცით სიმართლე, უფრო და უფრო რთულია ჩვენი მოტყუება. ლეგიონერებს შეუძლიათ თავად შეჰქმნან არგუმენტები და მესიჯები სხვადასხვა თემების გარშემო, რომელზეც მოწინააღმდეგე ტყუილს ავრცელებს ან შესაძლებელია, რომ გაავრცელოს. შეუძლიათ, მოგვწერონ და ერთად ვიმუშაოთ ნებისმიერ თემაზე. ეს არ არის ცალმხრივი პროცესი, პირიქით, ეს ყველას ეხება. პირველ რიგში, დაგვიმეგობრდით „ფეისბუქზე“ - მოძებნეთ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი და ჰაშთაგი#ძალაჩვენშია“,– ამბობენ ლეგიონში.