მოზარდების მკვლელობა: "გვითხრეს, ყველა ჩვენება დაზუსტებული არაა და ექსპერტიზას ნუ იჩქარებთო"

2018-07-11 18:17:59
328

 

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს ის ექსპერტები გამოკითხა, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ნივთმტკიცებულებები შეისწავლეს. 

ექსპერტ გიორგი ცინცაძის განცხადებით, ექსპერტიზას ამ დრომდე არ აქვს დადგენილი რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მსხვერპლი (დავით სარალიძე) და ჭრილობების მიმყენებელი ერთმანეთთნ მიმართებაში. მისი თქმით, გამოძიებას დანიშნული აქვს ექსპერტიზა, სადაც ზემოაღნიშნული კითხვაა დასმული. როგორც ექსპერტი ამბობს, ეს კვლევა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში იყო დანიშნული, თუმცა მაშინ საქმეში არსებული ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გამო ექსპერიმენტი პროკურატურის მოთხოვნით არ ჩატარდა. ცინცაძე ამბობს, რომ საქმის პროკურორებმა ექსპერტებს უთხრეს, "ამ ექსპერტიზის დასკვნის გაცემა საჩქარო არ იყო".

„ეს ექსპერტიზა თავის დროზე იყო დანიშნული, მაგრამ ჯერ დამთავრებული არ არის გამოძიება...იყო პროკურატურასთან ლაპარაკი, რომ ჯერ პასუხს ნუ გაგვცემთ, იმიტომ რომ ძიებაშია საქმე. ეს ზეპირი მინიშნებაა, როცა გამოძიება მიმდინარეობს ჩვენებების გადანაწილება მიდის. რამოდენიმე პიროვნებას სხვადასხვა ჩვენება აქვს მიცემული“-ამბობს ცინცაძე.

მისი თქმით, სასამართლოს წინ არსებული პრაქტიკის მიხედვით, საქმის ექსპერტებმა ქალაქის პროკურატურის წარმომადგენლებთან კონსულტაცია გაიარეს.

„27 აპრილს როდესაც ჩვენ სასამართლოს წინ კონსულტაცია გვაქვს, მაშინ იყო კითხვა დასმული მესამე საქმე(ექსპერტიზის დასკვნა დაჭრილისა და დანის დამრტყმელის მდგომარეობის შესახებ) როდისთვის გჭირდებათ, ჯერ არ არის დაზუსტებული სულ ყველა ჩვენება და ამიტომ ექსპერტიზას ნუ იჩქარებთო“-ამბობს ცინცაძე.

მისი თქმით, საქმის პროკურორებმა მათ უთხრეს, რომ ეს ექსპერტიზა მას შემდეგ ჩაეტარებინათ, როცა დამატებით მასალას წარმოადგენდნენ და ჩვენებებიც უფრო კონკრეტული იქნებოდა.

დღევანდელ სხდომაზე სარალიძისთვის მიყენებული ჭრილობების სიღრმესთან დაკავშირებით  განმარტებები გააკეთა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა გიორგი მაღრაძემ. მისი თქმით, დანის დარტყმის შედეგად ორგანოები იკუმშება, რის გამოც შესაძლებელია იმაზე ღრმა ჭრილობა დარჩეს, ვიდრე არის დანის პირი. როგორც ცნობილია, სარალიძისთვის მიყენებული ჭრილობების ნაწილი დანაშაულის იარაღზე დიდია. 

“გააჩნია, როგორ ზედაპირზე და რა მიდამოში ხდება დაზიანების მიყენება. მაგალითად მუცლის მიდამოში მიყენებული ჭრილობის შესაბამისად, ორგანოებისა და რბილი ქსოვილების შეკუმშვის შედეგად, შეიძლება დანის პირი იყოს მოკლე, მაგრამ შეკუმშული ორგანოების გაფართოების შემდეგ, უფრო დიდი ჭრილობის არხი მოგვცეს, ვიდრე არის მიმყენებელი საგანი“, - განაცხადა მაღრაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.