არეულობა აზერბაიჯანში: მოკლულია ორი პოლიციელი, დაკავებულია 40–მდე პირი

2018-07-11 01:08:12
1063

 

განჯაში მომხდარი არეულობის დროს პოლიციის ორი პოლკოვნიკი მოკლეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციელებმა სასიკვდილო დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად მიიღეს. არეულობის დროს 40-მდე ადამიანი დააკავეს.სამართალდამცველების ცნობით, არეულობა რადიკალური რელიგიური ორგანიზაციის წევრებმა მოაწყვეს.

განჯაში არეულობა რამდენიმე დღეა გრძელდება. 3 ივლისს განჯის მერს თავს დაესხნენ,რის შედეგადაც ელმარ ვალიევის პირადი დაცვის ერთი წევრი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავა. ერთ-ერთი მათგანი იუნის საფაროვია, რომელიც 8 თვის განმავლობაში ირანის ქალაქ კუმში ცხოვრობდა, საბრძოლო მომზადება კი სირიაში გაიარა. განჯაში ის 2017 წელს ჩავიდა. ამავე წლის ივლისში საფაროვი თავს KapitalBank-ის დაცვის წევრს დაესხა და იარაღი წაართვა. ამის შემდეგ ის განჯის მერს უთვალთვალებდა.

2018 წლის იანვარში საფაროვის საეჭვო ქმედებამ სამართალდამცველთა ყურადღება მიიქცია, რის შემდეგაც მან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და გაიქცა.

განჯის მერზე თავდასხმა დაგეგმილ ტერორისტულ აქტად შეფასდა. საფაროვთან ერთად პოლიციას კიდევ 3 ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული.