“აფხაზეთმა ჩათვალა, რომ რუსეთს აღარ სჭირდება და გვეცლება”

2018-07-05 19:45:03
21915

ამ დღეებში აფხაზეთიდან დაბრუნებულმა მეგობარმა ვეული თბილი შთაბეჭდილებებისა და საზღვაო სუვენირების ნაცვლა, შემაშფოთებელი პროგნოზი ჩამომიტანა: აფხაზეთს ვკარგავთო. ერთი შეხედვით, დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა ეს, სამწუხაროდ, ასეა. მიზეზები და გარემოებები, პირადი და ეროვნული, ასევე გარე ზემოქმედების ფაქტორები შავი პლანეტების აღლუმივით დაემთხვა ერთმანეთს და მხოლოდ გაამძაფრა ისედაც მძლავრი კრიზისი, რომელშიც რესპუბლიკა ბოლო პერიოდში აღმოჩნდა.

მთავარი მიზეზი, ცხადია, ეკონომიკურია: დღეს აფხაზეთს სასოწარკვეთამდე არ ჰყოფნის ფული - არც საცხოვრებლად, არც განვითარებისთვის. საყოფაცხოვრებო დონეზე ეს პრაქტიკულად ცარიელი კაფეების, ფაცხების, სანაპირო ზოლის რესტორნების სახითაც შეიმჩნევა. სადაც ადრე ხმაურიანი სუფრები წკრიალებდა, დღეს ქარი იშვიათი კლიენტების დაცარიელებულ ჯიბეებს ბერავს.

რაა დასამალი – აფხაზეთი სისხლხორციელად არის დამოკიდებული რუსეთის ფინანსურ დახმარებაზე. უპირველესად, ომმა რესპუბლიკა ძალიან “ათრია”: განადგურებულია პრაქტიკულად ყველა სამრეწველო საწარმო, სანატორიუმები, ჯანდაცვისა და დასასვენებელი ობიექტები, საცხოვრებელი ფონდი, გზები და ა.შ. […] მეორეც, სანამ აფხაზეთი მსოფლიო თანამეგობრობის მიერ არ არის აღიარებული, მასში ინვესტირებას არავინ გარისკავს.

რაულ ხაჯიმბას ორ წინამორბედს – სერგეი ბაღაფშსა და ალექსანდრე ანქვაბს ასე არ უჭირდათ: გარდა იმისა, რომ იმ პერიოდში სოხუმს სოციალური სფეროსთვის ყოველწლიურად 5 მლრდ-მდე რუბლი ერიცხებოდა, რესპუბლიკა არცთუ მცირე თანხებს გამოიმუშავებდა ტურისტული ნაკადის, ასევე ოლიმპიური ობიექტებისა და სამხედრო ბაზების მოსაწყობად საჭირო სამშენებლო მასალების მიწოდების ხარჯზე. თუმცა 2014 წლის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა. სამშენებლო ბუმიც დასრულდა, ტურისტებისთვის ყირიმის გახსნასთან ერთად კი აფხაზეთის კურორტების პოპულარობა მკვეთრად შემცირდა. და მიუხედავად იმისა, რომ სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება, რომელსაც ვლადიმირ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ მოაწერეს ხელი, თითქოს აძლევდა აფხაზეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური სტანდარტების ამაღლების გარანტიებს, ბევრი რამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. აგერ, მაგალითად: 2016 წლისთვის აფხაზეთისთვის თითქმის 8 მლრდ რუბლის გამოყოფა იყო დაგეგმილი, შემდეგ ეს ციფრი ორჯერ – 4 მლრდ-მდე შემცირდა და, როგორც რესპუბლიკაში ირწმუნებიან, ამ შემცირებული თანხის დიდ ნაწილსაც აფხაზეთში ამ დრომდე არ ჩაუღწევია. იმავე 2016 წელს დამტკიცებული საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული 3,7 მლიარდიანი დახმარებიდან კი აფხაზეთს მხოლოდ 180 მილიონი გადაერიცხა. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ როდესაც აფხაზეთის საბანკო სისტემის რევიზია ჩაატარეს, გაირკვა, რომ თურმე, რესპუბლიკაში ფული არც არის  - წინა პრეზიდენტების დროს იგი ქვეყნიდან გაიტანეს. მოკლედ, როგორც გინდა, ისე იცხოვრე.

 

მართალია, რაულ ხაჯიმბამ აქტიურობა გამოიჩინა და ჯერ მხოლოდ ფინანსებში ელემენტარული წესრიგის დამყარების ხარჯზე 2,5-ჯერ – 5 მლრდ რუბლამდე გაზარდა რესპუბლიკის ბიუჯეტი, ახლა კი ინვესტიციებს ეძებს, თუმცა მხოლოდ ამ პატარა ეკონომიკური სასწაულით ვერას გახდები.



ამას ემატება საგარეო ფაქტორიც – საქართველოს სისტემური მუშაობა აფხაზეთის, ასე ვთქვათ, მოსათვინიერებლად. თან, საქართველოს ხშირად ამისთვის დიდად არც არაფრის კეთება უწევს, იგი უბრალოდ წინააღმდეგობებზე თამაშობს: რუსეთი თავის ტერიტორიაზე აფხაზურ პროდუქციას არ უშვებს? - საქართველო მყისვე აცხადებს, რომ სიამოვნებით სრულად შეისყიდის ყველაფერს თხილსაც, მანდარინებსაც, თაფლსაც და ა.შ., თანაც მშვენიერ ფასად; რუსეთს ფული არ აქვს აფხაზი მეწარმის მხარდასაჭერად? - საქართველო კი ნებისმიერ აფხაზს სწრაფ დაბალპროცენტიან კრედიტს სთავაზობს – საჭიროა მხოლოდ, შეიქმნას საქართველოს ორ მაცხოვრებელთან ერთობლივი საწარმო... ყველაზე გენიალური სვლა კი ჯანდაცვის პროგრამაა, რომელიც აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების სრული სპექტრის სრულიად უფასოდ აღმოცენას გულისხმობს.

ამ ყველაფრის ფონზე აფხაზებს რეალურად აშფოთებთ პრაქტიკულად ყოველწლიური ქართულ-ამერიკული წვრთნები და ნატოს სწავლებები […] დღევანდელი ქართული ჯარი აღარ არის ის, რომელმაც 1992 წელს სოხუმსა და გაგრას შეუტია, ისეთიც კი აღარ არის, როგორიც 2008 წლის ომში ვიხილეთ. დღეს ეს ნატოელი ინსტრუქტორების მიერ კარგად გაწვრთნილი და შეირაღებული 37 000-იანი საბრძოლო მანქანაა, რომელსაც ძალუძს, თავისუფლად შეუტიოს სოხუმს. თანაც ამჯერად რუსეთს მოვლენათა შესაძლო განვითარებაში მონაწილეობის უფლებას აღარავინ მისცემს: ფორმლურად ხომ საქართველო ცამდე მართალი იქნება — საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისთვის ვიბრძვიოდა, რაც მთავარია, ამჯერად საქართველოს ექნება, რით იბრძოლოს: ახალი ქართულ-ამერიკული პროგრამის მიხედვით, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში აიღო სტარტი, მომზდდება 9 ბატალიონი, უახლოესი სამი წლის განმავლობაში კი მთელი ჯარის რეფორმირება დასრულდება. ამასთან, ბოლო დროს ამერიკული დახმარება ყოველწლიურად 50-70 მლნ დოლარს შეადგენდა. ახლა კი საქართველო აშშ-ისგან თანამედროვე საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს ითხოვს, განსაკუთრებით – Javelin-ის ტიპის რაკეტებს და ეს თხოვნა, სულ მცირე, ყურად იღეს... ასე, რომ აფხაზების შეშფოთება მთლად უსაფუძვლოდაც ვერ ჩაითვლება: თავად მათი ჯარი ხომ სულ რაღაც 2000-მდე კაცს ითვლის

რისი გაკეთება შეიძლება ამ ვიტარებაში? თუ მოსკოვი აფხაზეთისთვის სერიოზული ინვესტიციების გამოყოფასვერ შეძლებს, საკუთარი ბაზარი მაინც უნდა გაუხსნას მის პროდუქციას – სამკურნალო წყალს, ეკოლოგიურად სუფთა ხილს, კენკრეულს; ჩამოაყალიბოს მართლაც უნიკალური ჯემებისა და მურაბების წარმოება, რაც საკმაოდ მარტივია... პრეზიდენტი ხაჯიმბა კი საუბრობს საკმაოდ დარწმუნებულად უფრო მსხვილ პროექტებზეც, თუმცა აფხაზების ყველაზე საუკეთესო გეგმებიც კი ინვესტიციების არარსებობას ეჯახება, რასაც რესპუბლიკაში რუსეთის მხრიდან “აფხაზური პროექტისადმი” ინტერესის დაქვეითებას უკავშირებენ.

ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, დღეს აფხაზი ხალხი ნაწყენია და გაბოროტებული - უფულობითა და უიმედობით გადაიღალა. და იცით, რას ამბობენ დღეს სოხუმში? «მაინც მოგვიწევს, ვინმეს მივეყიდოთ, ვარიანტი კი მხოლოდ ორია: ან რუსები, ან ქართველები და ამერიკელები, და არჩევანი თავისთავად ცხადია – რაკი მოსკოვს არ ვჭირდებით, ამერიკელები თუნდაც კრემლის წასაკბენად მოგვხედავენო».

რომ შევაჯამოთ, საქართველო ამერიკელების დახმარებით ძალზე ოსტატურად იყენებს მათრახისა და თაფლაკვერის პრაქტიკას: თან ყველას ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ აფხაზეთის საკითხში არანაირი კომპრომისი არ იქნება, თან ენგურსიქითა დამოურჩილებელი ხალხის დემორალიზებას ახდენს: ნახევარმა აფხაზეთმა ხომ უკვე მიიღო ენგურს გადაღმა მართლაც კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ახლა უფრო უჭირთ, ქართველში მტერი დაინახონ. შედეგად ახლა ისინი ასჯერ დაფიქრდებიან, აიღონ თუ არა ხელში საჭიროების შემთხვევაში იარაღი.

საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს, რომ თუნდაც მცირედით, თუნდაც უმნიშვნელოვნად, მაგრამ აფხაზური “კუნძული” რუსეთიდან საქართველოსკენ დაიძრა. და რა ვქნათ, უბრალოდ დაველოდოთ, როდის აღიმართება ფსოუზე საქართველოს და ნატოს დროშები?”.

ვიქტორ სოკირკო

http://svpressa.ru