თანამედროვე ქართული ზღაპრების წიგნის – „იყო ერთი გოგო“ პრეზენტაცია გაიმართება

2018-06-15 01:43:25
1733

 თანამედროვე ზღაპრები ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი კვალი დატოვეს — ქართველი მწერლების მიერ შექმნილი კრებული „იყო ერთი გოგო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით მომზადდა. 

წიგნის პრეზენტაცია 15 ივნისს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ფოიეში გაიმართება.

„იყო ერთი გოგო“ 12 ავტორის 21 ზღაპარს აერთიანებს. მასში შესულია ალექს ჩიღვინაძის, დათო ტურაშვილის, დიანა ანფიმიადის, ეკატერინე ტოგონიძის, თეა თოფურიას, თეონა დოლენჯაშვილის, მაია სარიშვილის, მაკა ლდოკონენის, ნესტან ნენე კვინიკაძის, ნინია სადღობელაშვილის, ტორესა მოსისა და პაატა შამუგიას ზღაპრები. ნაწარმოებების პერსონაჟები არიან როგორც ყველასთვის ნაცნობი, ისე ნაკლებად ცნობილი ქალები: კოლხი მედეა, მარო მაყაშვილი, ანა ბაჯი, მაია წყნეთელი, თამარ ვაშლოვნელი, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, ქამრიანი სონა და სხვები. ზღაპრები მათ სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე გვიყვება. წიგნი ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ ვებგვერდზე – saba.com.ge უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. დაინტერესებული მკითხველი, ასევე, ავტორების მიერ გახმოვანებული ზღაპრების ხმოვანი ვერსიების მოსმენასაც შეძლებს.

კრებულის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება გამოფენაც. იგი ქართველი ილუსტრატორების მიერ სპეციალურად წიგნისთვის შექმნილ ილუსტრაციებთან ერთად იმ მასალებს გააერთიანებს, რომლებიც ზღაპრების პერსონაჟი ქალების რეალურ ცხოვრებას,  მოღვაწეობასა და შემოქმედებას ასახავს.

ინიციატივა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

პრეზენტაცია დღეს (15.06.2018;) 14:00 სთ-ზე თბილისში თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში (დავით აღმაშენებლის გამზირი N164) გაიმართება.