რაზე მეტყველებს გაეროს გენასამბლეაში გამართული კენჭისყრის შედეგები

2018-06-14 19:02:57
1021

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ დევნილების საკითხთან დაკავშირებით ინიცირებული მორიგი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი სახელწოდებით „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" გაეროს გენასამბლეის 72-ე სესიაზე 12 ივნისს იქნა მიღებული. მას 81 ქვეყნის დელეგაციებმა დაუჭირეს მხარი, მათ შორის - ვანუატუმ და ტუვალუმ, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2011 წელს აღიარეს, თუმცა ორ წელიწადში (შესაბამისად, 2013 და 2014 წლებში) ეს გადაწყვეტილებრბი უკან გაიწვიეს.

რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ ხმა 16-მა სახელმწიფომ მისცა, მათ შორის - რუსეთმა, სომხეთმა, ბელარუსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ლაოსმა, მიანმარმა, ნაურუმ, ფილიპინებმა, სუდანმა, სამხრეთ სუდანმა, ვიეტნამმა, ბურუნდიმ და ზიმბაბვემ. 62-მა დელეგაციამ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა, ხოლო 34-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ამ შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქართული რეზოლუციების მხარდამჭერი სახელმწიფოების რიცხოვნობის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია, თუმცა წინა წლებთან შედარებით, შენელდა. კერძოდ, 2013 წელს საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას 62-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, 2014 წელს – 69-მა, 2015 წელს – 75–მა, 2016 წელს – 76–მა, 2017 წელს კი – 80–მა. ანუ, ყოველწლიურად მხარდამჭერ სახელმწიფოებს კიდევ რამდენიმე ემატებოდა. წელს კი, წინა წელთან შედარებით, მხარდამჭერთა რიცხოვნობა მხოლოდ ერთი სახელმწფოთი გაიზარდა.

ამასთან, იმ სახელმწიფოების რაოდენობა, რომელთა მხარდაჭერის მოპოვება ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა, სტაბილურად შეადგენს დაახლოებით 100-ს. ამ რაოდენობაში შედიან ისინიც, ვინც კენჭისყრისას გადაწყვეტილების დაფიქსირებისგან თავს იკავებს და ისინიც, ვინც კენჭისყრაში არ მონაწილეობს.  როგორც საყოველთაოდ ცნობილია, თავის შეკავება ან არდასწრება ერთ-ერთი პოპულარული გამოსავალია, თუ გსურს, წინააღმდეგ ხმის მიცემას თავი აარუდო. თუმცა ასევე შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ საქართველოსთვის ეს სახელმწიფოები გარკვეულწილად პრობლემურია.

კითხვით, რამდენად რეალურია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხე ამ ქვეყნებისგან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნიკოლოზ ვაშაკიძეს მივმართეთ.

“ზოგადად, არდასწრება თავშეკავების პოპულარული ფორმაა. თუმცა საუბარი კენჭისყრის პროცესზე არდამსწრე ქვეყნებზე, როგორც პოტენციურ ამღიარებლებზე, შეუძლებელია: ეს თითოეულ ქვეყანასთან მიმართებაში განსახილველი, ძალზე ინდივიდუალური საკითხია” - ამბობს ვაშაკიძე.

ერთ-ერთმა სახელმწიფომ, რომელიც კენჭისყრის პროცესს არ დასწრებია – სირიამ სულ ახლახანს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების “დამოუკიდებლობა” აღიარა. წინა წლების კენჭისყრების დროს სირიის დელეგაცია მუდმივად რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას. ბოლო - აღიარებამდელ პერიოდში კი დამასკოს მხრიდან ერთმანეთის მიყოლებით განხორციელდა რამდენიმე აქტივობა, რომელიც აშკარად ქმნიდა აღიარების მოლოდინს: მილოცვები დე ფაქტო პრეზიდენტებისთვის, აფხაზური დელეგაციის მიწვევა დამასკოში და ა.შ.

“ზოგადად, არსებობს პრობლემური ქვეყნები, რომელთაგანაც აღიარების საფრთხე მოსალოდნელია. ასეთ ქვეყნებს შორის იყო სირიაც. ქართული დიპლომატია ვალდებულია, ძალიან დიდი აქტიურობა და ყურადრება ჰქონდეს მიმართული ასეთი ქვეყნების მიმართ. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ვიზიტითაც კი ჩავიდა სირიაში, როცა არსებობდა აღიარების საშიშროება. თუ არ ვცდები, ეს 2010-2011 წლები იყო. მაშინ ეს საფრთხე თავიდან იქნა არიდებული. აქედან გამომდინარე, რახან სირიამ ახლა ეს ნაბიჯი მაინც გადადგა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ძალისხმევა დააკლეს. ვისურვებდი, რომ უფრო აქტიურად იმუშავონ. პირველ რიგში კი ვისურვებდი, რომ მინისტრი იყოს ცოტა სხვა დონის - ისეთი, რომელსაც ესმის, საერთოდ რა არის დიპლომატია და საგარეო პოლიტიკა“ - განაცხადა ამასთან დაკავშირებით ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

რაც შეეხება იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, მათ შორის, წინა წლების მსგავსად, კვლავ ფიგურირებს მეზობელი სომხეთი, რომლის ახალი პრემიერ-მინისტრი საქართველოს სულ ახლახანს სტუმრობდა, ასევე ბელარუსი, რომლის პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ ჩვენს ქვეყანაში ვაჟთან ერთად იყო ჩამოსული და თითქოს ასევე სრულ კეთილგანწყობას იჩენდა საქართველოს მიმართ.

როგორც ამასთან დაკავშირებით ნიკოლოზ ვაშაკიძე აღნიშნავს, სომხები ამ საკითხს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციას უკავშირებენ. რაც შეეხება ბელორუსს, მისი აზრით, ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან სათანადო მუშაობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი პოზიციის შეცვლა.

“საერთო ჯამში, მექმნება შთაბეჭდილება, რომ აკლებენ მუშაობას ამ მიმართულებით. მინდა, გითხრათ, რომ იყო დრო, როცა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებას ბელარუსიც აპირებდა. ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. მაშინდელი მთავრობის აქტიური ჩარევის შედეგად მოხდა არა მხოლოდ ამის თავიდან აცილება, არამედ უაღრესად კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება ბელარუსთან. და მეტიც, მაშინ საქართველო შუამავალიც კი გახდა ბელარუსსა და ევროკავშირს შორის. ანალოგიური ვიზიტი განხორციელდა იმ დროს კუბაშიც. იქაც თავიდან იქნა აცილებული აღიარების საფრთხე. გარდა ამისა, ჩვენ მთელი რიგი საელჩოები გავხსენით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც მანამდე საქართველოს დიპლომატიური ინტერესი არ ვრცელდებოდა. საერთო ჯამში, საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ იმ ეტაპზე ჩვენ რუსეთს ამ აღიარება–არაღიარების ომი მოვუგეთ”” - აღნიშნა მან.

იმ ფაქტს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხოვნობა წლიდან წლამდე იზრდება, ვაშაკიძე გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლობის ეფექტურ მუშაობას უკავშირებს და ძირითად დამსახურებას სწორედ მას მიაწერს. გარდა ამისა, მისი თქმით, ბევრი რამ საერთაშორისო ვითარებაზეც არის დამოკიდებული.

ისევე, როგორც წინა წლებში მიღებული ანალოგიური რეზოლუციების შემთხვევაში, რუსმა დიპლომატებმა ტრადიცია არც ამჟამად დაარღვიეს და განაცხადეს, რომ „ყველასთვის ნათელია ისიც, რომ არანაირ პრაქტიკულ შედეგებს ეს რეზოლუციები არ და ვერც მოიტანს“.

„გაეროს წევრი სახელმწიფოების გადამწყვეტი უმრავლესობა ამ წამოწყებაში აზრს დიდი ხანია, ვეღარ ხედავს. ამასთან, ნათელია, რომ იმ ქვეყნებმაც კი, რომელთაც ავადსახსენებელ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, ეს ავტომატურად, თბილისთან ხელოვნურად პოლიტიზირებული სოლიდარობის ნიშნად გააკეთეს. ყველასთვის ნათელია ისიც, რომ არანაირ პრაქტიკულ შედეგებს ეს რეზოლუციები არ და ვერც მოიტანს, რადგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს კონფლიქტები უკვე ათწლეულებია, სახელმწიფოთაშორის ხასიათს ატარებს და უნდა გადაიჭრას საერთაშოისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების, და არა სააკაშვილის დროინდელი უსაფუძვლო პროპაგანდის გაგრძელების საფუძველზე“, – განაცხადა „რუსეთის ფედერაციის ელჩმა რესპუბლიკა აფხაზეთში“.

დევნილთა შესახებ რეზოლუცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებითი გადაადგილების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. თუმცა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, დოკუმენტს სწორედაც რომ პრაქტიკული დატვირთვა აქვს:

„რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის. აღსანიშნავია ასევე, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, სამინისტროს განმარტებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნული რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში და იპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაერო-სთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებთან ერთად მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან ეს არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – დასძენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"