პროკურატურამ ენმ-ის წევრ აზერ სულეიმანოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მარნეულის მერი კი დააკავა

2018-06-13 14:11:35
774

პროკურატურამ  დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ენმ“-დან აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2  პირის მიმართ" - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშა ნათქვამი. 

"საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქ.მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ - რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე  ე.გ-ს მიმართ.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაცმარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლესმიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რ.ასკეროვისმოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე. ოფისში ასევე იმყოფებოდნენსაქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები. პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელასოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკურიშეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს ქ.მარნეულში, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნისმიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენაფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

თემურ აბაზოვი დაკავებულია საქართველოს სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით;

რამინ ალახვერდიევის და მოქალაქე ე.გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენა - მხილების მიზნით" - ნათქვამია განცხადებაში.