ახალგორის რაიონში საბავშვო ბაღებიდან რუსული და ოსური ენების არმცოდნე ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს

2018-06-11 20:57:36
600

ახალგორის რაიონში საბავშვო ბაღებიდან გაათავისუფლეს ყველა თანამშრომელი, რომელიც რუსულ და ოსურ ენებს არ ფლობს. ქართულმა მოსახლეობამ ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციის მორიგ გამოვლინებად აღიქვა, თუმცა პრობლემა    ადგილობრივ ოსებსაც შეეხოთ და მეტიც, როგორც ირკვევა, უმუშევრად დატოვებულებს შორის  რაოდენობრივად ქართველებს ოსები აჭარბებენ.

7 ივნისს დაბა ახალგორში საზეიმოდ გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი. ორი ძველის ნაცვლად აშენებული ახალი დაწესებულება, რომელიც 100 ბავშვზეა გათვლილი, 4 ჯგუფად დაყოფილ სულ 60 აღსაზრდელს მოემსახურება.

 

გახსნის ცერემონიაში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და „სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმაც მიიღეს მონაწილეობა.

„სოციალურად მნიშვნელოვანი ეს ობიექტი მყარ დასაყრდენად იქცევა რაიონის მაცხოვრებლებისა და რუსი სამხედროების ოჯახებისთვის“, – განაცხადა გახსნის ცერემონიაზე ბიბილოვმა.

ღონისძიებაზე არაფერი უთქვამთ იმაზე, რომ ორი ძველი საბავშო ბაღის თითქმის მთელი პერსონალი – ყველა, ვინც რუსულ და ოსურ ენებს არ ფლობდა, უმუშევრად დატოვეს. თანაც, თუ ადგილობრივი სკოლების პედაგოგებს მხოლოდ რუსული ენის ცოდნა მოეთხოვებათ, რის ხარჯზეც მასწავლებლებად თავისუფლად იწყებენ მუშაობას რუსი სამხედროების ცოლები, საბავშვო ბაღში მოსაწყობად, თუნდაც დამლაგებლის პოზიციაზე, ამიერიდან როგორც რუსულის, ისე ოსურის ცოდნაა სავალდებულო, – ასეთია ხელმძღვანელობის მიერ წაყენებული მკაცრი პირობა.

ძველი თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ უამრავი ვაკანსია გაჩნდა, თუმცა ხელმძღვანელობა ამ საკითხში პრინციპულ პოზიციას იკავებს, – ყვება ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი (https://www.ekhokavkaza.com/a/29280903.html):

მისივე მონაცემებით, უსამსახუროდ დარჩენილთა შორის მეტი ოსია, ვიდრე ქართველი.

“ეს ის ოსები არიან, რომლებიც აქ ჯერ კიდევ ომამდე ცხოვრობდნენ და მშობლიური ენის შესასწავლად პირობები არ ჰქონდათ შექმნილი, ომის შემდეგ კი საერთოდაც არ იყო შესაძლებლობა, მშობლიური ენა თუნდაც საყოფაცხოვრებო დონეზე შეესწავლათ. აქაური ხელისუფლების მხრიდან მცდელობაც კი არ ყოფილა, გაეხსნათ რაღაც კურსები, სექცია თუ კლასი ზრდასრულთათვის ოსური ან რუსული ენების შესასწავლად. ამ მხრივ ერთადერთი შესაძლებლობა სადღეისოდ საშუალო სკოლაში სწავლაა. არსებობს კიდევ ბავშვთა ხელოვნების სახლში მოქმედი ოსური ენის წრე – ის მე გავხსენი ომის დასრულებისთანავე, როდესაც იქ დირექტორად ვმუშაობდი. უკვე 10 წელია, ეს წრე მოქმედებს, თუმცა ისიც, სკოლის მსგავსად, მხოლოდ ბავშვებისთვისაა. სამხრეთ ოსეთში ძალიან ბევრს საუბრობენ ლენინგორელი [ახალგორელი] ოსებისა და ზოგადად რაიონის მთლიან რესპუბლიკაში ინტეგრირების შესახებ, თუმცა ამ კუთხით რეალურად არაფერი კეთდება. ზრდასრულთათვის მშობლიური ენის სწავლების მხრივ არსებული მდგომარეობა ამის დასტურია. თავის დროზე ოსური ენის რეპეტიტორს ვეძებდი ჩემი ქალიშვილისთვის. არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ჩვენს დაბაში ვერ მოიძებნებიან პედაგოგები, რომლებიც ფლობენ სწავლების მეთოდიკას ოსური ენის თუნდაც საყოფაცხოვრებო დონეზე სასწავლებლად“ - ყვება თამარი.

სამოქალაქო აქტივისტი ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით არაერთ უწყებას დაუკავშირდა, თუმცა ყველგან განუცხადეს, რომ უსახსრობის გამო ვერაფრით დაეხმარებოდნენ.

რაც შეეხება სამსახურის გარეშე დატოვებულ ქართველებს, როგორც მეარაყიშვილი ამბობს, “ეს ის ხალხია, რომელიც 10 წლის წინ საქართველოში არ გაიქცა, თავისთვის იქით მიმავალი გზა თითქოს ჩაიკეტა და აქ არჩია ცხოვრება“.

ამასთან, როგორც ახალგორელი აქტივისტი აღნიშნავს, ადგილობრივი საბავშვო ბაღი პირველი აღმზრდელობითი დაწესებულება იყო, რომელსაც 2008 წლის ოქტომბერში საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაფინანსება შეუწყვიტა:

„მათ შესთავაზეს არჩევანი: ან წეროვანში წასულიყვნენ სამუშაოდ, ან ლენინგორში [ახალგორში] დარჩენილიყვნენ უხელფასოდ. მას შემდეგ ამ ადამიანებს, სკოლის პედაგოგებისგან განსხვავებით, ქართული ხელფასი არ მიუღიათ. არადა, რაიონში არსებული რუსული სკოლა, მაგალითად, ოსურთან ერთად დამატებით ქართულ ხელფასსაც იღებს. რაიონში პირველი ხელფასები ცხინვალმა მხოლოდ 2008 წლის დეკემბერში დაარიგა, შესაბამისად, ხალხი აქ მეტი შემოსავლის მისაღებად არ დარჩენილა, უბრალოდ მთელი გულით სურდათ, თავის სამსახურებში, თავის სახლებში დარჩენილიყვნენ და სახელმწიფომ ისინი სარჩოს გარეშე დატოვა“.

ვაკანტური თანამდებობები ამჟამად ოსურენოვანი სოფლებიდან – წინაგარიდან, ორჭოსანიდან და სხვებიდან ჩამოსული კადრებით ივსება. ასეთია ახალი დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დისკრიმინაციულად აფასებს: მათ მიანიშნებენ, რომ იქ ზედმეტები არიან და კარისკენ, უფრო ზუსტად კი „რაზდახანის” გამშვები პუნქტისკენ მიუთითებენ.

საინფორმაციო სააგენტო “აქცენტი”