ლევან იზორია: "ორ დღეში ყველაზე ამბიციურ პროგრამას ვიწყებთ"

2018-05-16 13:23:26
817

ჩვენ ორ დღეში ყველაზე ამბიციურ პროგრამას ვიწყებთ, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ჩვენი ქვეყნის მზადყოფნას იმისთვის, რომ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გავხდეთ,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საერთაშორისო კონფერენციაზე -"სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმი" განაცხადა.


"ბოლო წლიწადნახევრის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ნატო-ს სტანდარტები ყველა მიმართულებით არის განხორციელებული და გრძელდება მისი შესრულება. პირველ რიგში, გამოვყოფდი იმას, რომ ოპტიმიზაციის შედეგად ბიუჯეტი ძირითადად თავდაცვითი ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებისკენ მივმართეთ, რითაც 67%-დან 53%-მდე დავიყვანეთ თავდაცვის ბიუჯეტის პერსონალის ხარჯები, ხოლო ნატო-ს სტანდარტია 55%. ასევე, თქვენ იცით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% უნდა იყოს თავდაცვის ბიუჯეტში მიმართული. ამას წელს ნატო-ს წევრი 8 ქვეყანა აკმაყოფილებს და 15 წევრს აქვს ამბიცია, რომ 2024 წელს მიაღწიოს აღნიშნულ მაჩვენებელს. ჩვენ ამას ვაკმაყოფილებთ და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% ნატო-ს სტანდარტის მიხედვით შეიარაღებისთვის უნდა იყოს გამოყოფილი. ჩვენ სულ რაღაც ერთ წელიწადში 7%-დან ავიყვანეთ 20.9%-მდე ეს მაჩვენებელი. სწორედ ამ ფინანსური შესაძლებლობით შევისყიდეთ ყველაზე ქმედითი ანტისატანკო სისტემა „ჯაველინების“ სახით. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ გავაგრძელოთ ეს პოლიტიკა ეფექტიანი შეკავების პოლიტიკისთვის. ჩვენ ასევე ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნული წვრთნები ჩავატარეთ, რომელიც თავისი მასშტაბებით იყო უპრეცედენტო და ამით ჩვენ შევქმენით რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ ტენდენციას მომავალში გავაგრძელებთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი მეორე მრავალეროვნულ წვრთნებს, რომელიც აგვისტოში დაიწყება და ახალი საზღვაო კომპონენტიც გაჩნდება. ასევე,რაც აბსოლუტურ თანხვედაშია ნატო-ს დინამიკასთან ის არის, რომ ჩვენ წელს გამოვაცხადეთ თავდაცვაში ლოგისტიკის წელი, რითაც გვინდა, სწორედ იმ დინამიკას გავცეთ ადეკვატური პასუხი, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ნატო-ს წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნებისთვის მაქსიმალურ საბრძოლო მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ელემენტების მოქნილობას, მობილურობას, სწრაფ კომუნიკაციას, გადადგილების რაც შეიძლება სწრაფ შესაძლებლობებს. ჩვენ სწორედ ამ ინფრასტრუქტურას ვქმნით. მინდა, ერთი კონკრეტული მაგალითი გითხრათ, ჩვენ ერთ-ერთი საერთაშორისო სწავლების ფარგლებში უზრუნველვყავით ფოთიდან პირდაპირ რკინიგზის საშუალებით სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირება", - განაცხადა იზორიამ.