“ბრალდებები უსაფუძვლოა”: ცხინვალს ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პასუხები არ აქვს

2018-05-16 12:51:01
460

15 მაისს, ორთვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები განახლდა.

 ამჯერად  შეხვედრა განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოდგა: ქართულ მხარეს გასული ორი თვის განმავლობაში 17 საკითხი დაუგროვდა განსახილველად. მათ შორის პირველსა და მთავარს არჩილ ტატუნაშვილის საქმე წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო – 1 მარტის რიგით 85-ე შეხვედრა სწორედ ტატუნაშვილის საქმის გამო ჩაიშალა: ქართულმა დელეგაციამ, რომელიც ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვდა, იგი პროტესტის ნიშნად დატოვა და 15 მარტის, წმინდა ტექნიკური ხასიათის შეხვედრა წინას - დაუსრულებლის გაგრძელებას წარმოადგენდა.

ამასთან, დელეგაციების შემადგენლობის კუთხით როგორც ქართული, ისე ოსური მხრიდან სიახლეებია: სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ ქემოკლიძე (იგი იმავე პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას, თუმცა უკვე შსს-ში) ირაკლი ანთაძემ ჩაანაცვლა. ოსურ დელეგაციას კი ამიერიდან ეგორ კოჩიევი ხელმძღვანელობს – დე ფაქტო პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის მოადგილე. მიუხედავად ამისა, დელეგაციების აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელები – კახაბერ ქემოკლიძე და მურატ ჯიოევი გუშინდელ შეხვედრას მაინც ესწრებოდნენ.

«ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ჩატარდეს ყოვლისმომცველი გამჭვირვალე გამოძიება, გამოვლინდნენ დამნაშავეები. იმის გამო, რომ თავის დროზე დავით ბაშარულის საქმეზე მსგავსი გამოძიება არ ჩატარდა და არსებულ კითხვებს პასუხები არ გაეცა, ჩვენ მივიღეთ ტატუნაშვილის კიდევ უფრო რთული და კომპლექსური საქმე» - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

ქართულმა მხარემ სრულფასოვანი ექსპერტიზისა და შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადაცემა მოითხოვა. თუმცა ოსური მხარე პასუხის გასაცემად მზად არ აღმოჩნდა.

ამასთან, როგორც მურატ ჯიოევმა აღნიშნა, არჩილ ტატუნაშვილი “ოსური სამსახურებისთვის ინტერესს ცოცხალი წარმოადგენდა, ამდენად ქართული მხარის ყველა ბრალდება მისი მკვლელობის თაობაზე უსაფუძვლოა”.

«მის მიმართ კითხვები არსებობდა, თუმცა, სამწუხაროდ, ახლა ამ კითხვებს ვეღარავის დავუსვამთ. ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ ამაში სამხრეთ ოსეთის დადანაშაულება უსაფუძვლოა», – აღნიშნა მან.

ხოლო კითხვაზე, რატომ გადაეცა ქართულ მხარეს ტატუნაშვილის გულამოღებული ცხედარი, თუკი ოსური მხარე მისი გარდაცვალების მიზეზად სწორედ გულის უკმარისობას ასახელებს, პასუხი ასეთი იყო:

«სამედიცინო ექსპერტიზას მუშაობის საკუთარი მეთოდები აქვს. მათ ჩემზე უკეთ იციან, რა როგორ გააკეთონ და როგორ გადასცენ».

შეხვედრაზე ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაისვა მავთულხლართების საკითხი.

შემდეგი შეხვედრა ივნისისთვის დაიგეგმა.