„ქართული პოლიტიკური სივრცე ხალხის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია“

2018-05-14 19:29:47
1220

"რაც ვიხილეთ, სირცხვილის დღესასწაული იყო: როგორ ექცეოდნენ ახალგაზრდა გოგონებს, ათრევდნენ ასფალტზე, იატაკზე…” - ასე აფასებს გასული შაბათ–კვირის მოვლენებს ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი. მისივე აზრით,  განვითარებულმა პროცესებმა ცალსახად აჩვენა ორი რამ: პირველი - ახალგაზრდებში არსებობს საპროტესტო მუხტი, ისინი პოლიტიკოსებს არ ენდობიან და პროცესებს თავად მართავენ; მეორე - „ქართული პოლიტიკური სივრცე ხალხის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია“.

“ნარკომანიის პრობლემა არახალია და უამრავი დრო იყო იმისათვის, რომ არა მხოლოდ გაეგოთ [ხელისუფლებას], ვინ ითბობს ხელს ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლის ფასად, არამედ მათი სახელები და გვარები უკვე მთელს საზოგადოებასაც სცოდნოდა. ასეთ შემთხვევაში თავიდან ავირიდებდით იმ დავიდარაბას, რომელშიც მოვხვდით და რომელშიც, უპირველეს ყოვლისა, ქართულმა პოლიციამ დაკარგა სახე” - განუცხადა “აქცენტს” სოსო ცისკარიშვილმა.

ანალიტიკოსი გასული შაბათის საღამოს მოვლენებს “სირცხვილის ზეიმს” უწოდებს:

“გამსაღებლებს ბევრად უფრო ცივილიზებულად მოუხერხეს დაკავება ჩვენმა სამართალდამცველებმა, ვიდრე ახალგაზრდებს მოექცნენ. თანაც 8 პირი უკვე დაკავებული ჰყავდათ და ამის შემდეგ შევარდნენ კლუბში ავტომატიანები. ახალგაზრდებს რა უნდა ეფიქრათ?! - დარჩენ გაოგნებულები. რაც ამასთან დაკავშირებით ტელესივრცეში ვიხილეთ, სირცხვილის დღესასწაული იყო: როგორ ექცეოდნენ ახალგაზრდა გოგონებს, ათრევდნენ ასფალტზე, იატაკზე…”.

ცისკარიშვილს ეჭვი ეპარება, ეს ამბავი შსს-ს წამოწყება ყოფილიყო და მსგავსი დავალება პოლიციას შს მინისტრისგან მიეღო:

“არსებობს კიდევ ერთი უწყება, რომელიც არ გამიკვირდება, საშინაო საქმეებს მართავდეს: ჩვენი სუს-ი, როგორც ყოველთვის, გასუსულია და რა როლი აქვს მას ამ დავიდარაბაში, ცხადია, არავინ გვეტყვის. მაგრამ საინტერესოა, რაიმე სასიხარულო ქმედებად ხომ არ წარმოუდგენია სუს-ს ის, რასაც ვაკვირდებოდით? 1989 წლის 9 აპრილს ქართული პოლიციის არნახულმა ქმედებამ საზოგადოების დიდი ნაწილი რუსული ტყვიებისგან დაიცვა. ორი დღისწინანდელ შემთხვევაში ნაჩვენები არაპროფესიონალიზმის გამო კი ჩვენ შესაძლოა, პოლიციის მიმართ ნდობა დაგვეკარგა. ამ დღეებში ჩვენს ცნობიერებაში ყველა მტკივნეულმა წერტილმა დაიწყო ზრდა. შეიძლება, მალამოდ ჩავთვალოთ შს მინისტრის ნაბიჯი, რომელმაც თავი შეყო ბუხარში. ამით მან, რა საკვირველია, გარკვეული პატივისცემა დაიბრუნა. თუმცა მიუხედავად იმისა, რასაც კვირა ღამეს შს მინისტრი ბრძანებდა, უკვე ორშაბათს პარლამენტის თავმჯდომარემ ისევ ჯიუტად გაიმეორა, თურმე, როგორი “ზომიერი” იყო კლუბებში პოლიციის ქმედებები...”.

რაც შეეხება კონტრაქციას, მისი აზრით, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა აქციაზე პუტინისა და პუტინის რუსეთის საწინააღმდეგო ლოზუნგები გამოფინეს, ხელისუფლება დაფრთხა და მათ შესაშინებლად “მოხდა მამრების დემონსტრირება”:

“ამას კონტრაქციას ვერ ვუწოდებ. ასეთი რაოდენობის მამრი, ყველა ერთმანეთზე ჩერჩეტი, გაავებული, მზადმყოფი ადამიანის დაგლეჯისა... და ვინმე იტყვის, რომ ეს “არასამთავრობო ორგანიზაციაა”?! ამისთანებს ზრდიან, აცმევენ, აჭმევენ და საჭიროების დროს მეტი სიავისთვის აშიმშილებენ კიდეც. ეს მხოლოდ ქართული თემა არაა. სადაც დემოკრატიის დეფიციტია, მსგავსი რამ ხდება. ამ ორი აქციის შედარებისას მახსენდება დაუვიწყარი ინდოელი მოაზროვნის გამონათქვამი: „თუ გინდათ, რომ ერმა გამოიღვიძოს, ჯერ ქალები უნდა გამოაღვიძოთ“. ქალები ამ აქციაზე არ იდგნენ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე კი ისინი მამაკაცებს სჭარბობდნენ! ერიიღვიძებს“.

ანალიტიკოსი იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ „არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ მიეცა შესაძლებლობა, დრამა, რომელიც ქართული საზოგადოების დაკვეთას წარმოადგენდა, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინა”:

“პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ თუ პოლიტიკა არაა აქციის დამკვეთი, იქ არაფერი ხდება, ყველა უგონო და უმაქნისია. აქ კი სრულიად მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ ქართული საზოგადოება არც ერთ ცალკე აღებულ პოლიტიკურ ძალას არ დაისვამს თავზე, თუ ისინი მხოლოდ პოლიტიკური სივრცის დაპყრობით იქნებიან დაკავებულები და დაავიწყდებათ საკუთარი ვალდებულებები. ახალგაზდებმა ორგანიზებულობა აჩვენეს. ჩვენ ვხედავდით გულწრფელად აღშფოთებულ ახალგაზრდებს. ისინი გვახსენებდნენ, რომ თავად ებრძვიან შხამის გამსაღებლებს - შხამისა, რომელიც თავისუფლად შემოდის ჩვენს უპატრონო სამშობლოში“.

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“