მოკლული ქალის დედა – ბრალდებულის შეწყალებაზე: "ორი სიტყვით დავწერე, „გთხოვთ შეიწყალოთ“

2018-04-16 15:48:04
3062

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის ყოფილი მეუღლე ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის შეწყალების შესახებ შეწყალების კომისიას თხოვნით თავად მიმართ.

ნათია გობაძე ამბობს, რომ ვეფხია ბაქრაძემ მას შეწყალების თხოვნის დაწერა ციხიდან სთხოვა. 

„ციხიდან თვითონ დამირეკა. შეწყალება კეთდებაო და იქნებ მე თუ არა, ჩემს შვილს დაეხმაროსო, რომ სოციალური გაკეთდებაო. მე ვუთხარი, რომ შენთვის არა, შენი შვილისთვის გავაკეთებ–მეთქი. მისმა შვილმა დამირეკა, გამომყვები რომ შეწყალება დაწეროო? თავის შვილიც აღფრთოვანებული არ იყო მაგით... შემაწუხაო... იმ დღეს ვერ დავწერეთ, სამი დღის მერე მივედით და დავწერე ორი სიტყვით, „გთხოვთ შეიწყალოთ“. მერე დამირეკა და მითხრა, რომ სულ ეგ იყოო და მეტი სათქმელი არაფერი გქონდაო? არ დაკანონდა, უარყოფითი პასუხი მომივიდაო“- ამბობს ნათია გობაძე და დასძენს, რომ ბაქრაძე დაემუქრა:

„რომ გამოვალ, მეც არ გაგითვალისწინებო. ამის მერე წელიწადნახვარზე მეტი მირეკავდა ციხიდან და არ ვპასუხობდი. სულ მსაყვედურობდა და მთხოვდა, მივსულიყავი ციხეში...თავის შვილებსაც ძალიან ამწარებდა, რამდენჯერ ხელიდან გამომიგლეჯია, მკვდარი გამიცოცხლებია. მან თავისი გოგო, მარი 6 თვის ფეხმძიმე კიბიდან დააგორა, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი მუცემში დაეღუპა. მხოლოდ ჩემი შვილი კი არა, შვილიშვილიც ჰყავს მოკლული.

შერიგებაზე უარს ვეუბნებოდი, თავად კი მეუბნებოდა, „ან ჩემი იქნები, ან მიწაში“. ჩემი შვილი არ უთმობდა, ეუბნებოდა, „შენ დედაჩემი გჭირდება, იყენებ, არ გიყვარს, გასასახადებს არ იხდი. ჩვენს ლუკმას ჭამ“. ჩემი შვილი ამ ყველაფერს ხედავდა და მეუბნებოდა, „რატომ აკვლევინებ თავს? რა ვალდებული ხარ, რომ შეინახო?“- ამბობს გობაძე.

ცნობისთვის: პრეზიდენტის განცხადებით, შეწყალების კომისიაში შესულ დოკუმენტებს თან ერთვოდა მსჯავრდებულის ოჯახის წევრის თხოვნა და მნიშვნელოვანწილად გადაწყვეტილების მოტივაციაც ეს იყო.  

კომენტარი გააკეთეს მკვლელობაში ბრალდებულის შვილებმაც. მათი განცხადებით, 2015 წელს ბაქრაძემ იძალადა მეუღლეზე, თუმცა ნათია გოგაძეს კომუნიკაცია ყოფილ ქმართან ციხეში ყოფნის პერიოდშიც და იქიდან გამოსვლის შემდეგაც ჰქონდა.
„გახარებულმა მითხრა, "ნათიამ დამიწერა შეწყალების თხოვნა. იქაც მაკითხავდა და ფულსაც მირიცხავდა, მაგრამ თაკომ არ მინდა, გაიგოსო". ბოლოს რომ დაწერა იმ ადამიანმა, ვის გამოც იჯდა, მერე გამოუშვეს,“-ამბობს ლიკა ბაქრაძე.


ბრალდებულის შვილები აცხადებენ, რომ 10 დღის წინ ნათია გობაძემ და ვეფხია ბაქრაძე ოფიციალურად დაქორწინდნენ და ისინი ერთად ცხოვრებას გეგმავდნენ. ბრალდებულის შვილები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია რა მოხდა მკვლელობის დღეს:

„მე რა შუაში ვარ. მე და თაკო ახლოს ვიყავით, იმის გამო რომ მე მკვლელის შვილი მეწოდება იქ ვერ უნდა ჩავიდე? როგორც გავიგე ერთად იყვნენ, ხელიც მოაწერეს იუსტიციის სახლში და ამას რატომ არ ამბობენ. როცა ფაქტი დევს. ერთად ცხოვრობდნენ“-ამბობს მარიამ ბაქრაძე.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის 77 ნომერში მოხდა. საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ. მკვლელობის მთავარი მოწმეები მოკლულის 3 და 6 წლის შვილები არიან. სწორედ მათგან გახდა ცნობილი სავარაუდო მკვლელის ვეფხვია ბაქრაძის ვინაობა. მკველობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელიც მოკლულის დედის ყოფილი ქმარია, სოფელ თელეთში დააკავეს. მას ბრალი დაუმძიმდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.