„25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ოჯახური ძალადობიდან 4,5 თვის შემდეგ დააკავეს „

2018-04-16 15:36:01
364

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას ესმის შს სამინისტროს სურვილის, ბრალდების ტვირთი შეწყალების კომისიაზე გადაიტანოს, თუმცა ეს მართლებული არაა. საუბარია ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ის აფასებს შს სამინისტროს შრომას ოჯახური ძალადობის საქმეებთან მიმართებაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ოჯახური ძალადობისას დაკავებული არ იქნა, მისი დაპატიმრება მხოლოდ 4,5 თვის შემდეგ, ავტოავარიასთან დაკავშირებით განხორციელდა და ორივე დანაშაულიდან გამომდინარე მიესაჯა სასჯელი.

„რეალობა ასეთია. ჩვენ არ ვიხსნით პასუხისმგებლობას და მე ურთიერთბრალდებებით არ ვარ დაკავებული“,– დასძინა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: პრეზიდენტმა დღეს 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის დეტალებზე ისაუბრა:

„ჩვენ მზად ვართ, რომ ამ შემთხვევაში ყველა კითხვას ვუპასუხოთ. თანმიმდევრულად მივყვები –  2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა (მაშინ მსჯავრდებულმა) ძალადობის აქტი ჩაიდინა მეუღლის მიმართ. მაშინ ეს ადამიანი დაპატიმრებული არ იყო, მხოლოდ 4 თვენახევრის შემდეგ ჩადენილი ავარიის გამო დააკავეს და ორივე დანაშაულზე მიესაჯა სასჯელი. ერთხელ უარყოფილ იქნა მისი თხოვნა. მეორე მიმართვის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი შევიდა შეწყალების კომისიაში. აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა – ადმინისტრაციის, სამედიცინო, სოცმუშაკის... მსჯავრდებულის აღიარება და აღწერა, რომ იგი 4 შვილის მამა იყო. დოკუმენტებს თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე (პრეზიდენტი არ აზუსტებს რომელ ოჯახზეა საუბარი). მაშინ კომისიამ მე ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომმართა სრულად გათავისუფლების თაობაზე. მე სასჯელი გავანახევრე. მიუხედავად იმისა, რომ 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ის კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს, თუმცა ეს მორალურ ტვირთს არ გვიმსუბუქებს“