რუსის წერა: "პირველად იყო მათრახი და მერეც სულ იყო მათრახი..."

2018-04-03 22:12:28
1153

ჯიმშერ რეხვიაშვილი

პირველად იყო მათრახი და მერეც სულ იყო მათრახი და ხიშტი, თუმცა შიგადაშიგ თაფლაკვერიც გამოერეოდა ხოლმე. კავკასიაში გამოგზავნილი მეფისნაცვლებიც ასეთივე პრინციპით შეირჩეოდნენ ხოლმე. ერმოლოვებსა და პასკევიჩებში გამოურევდნენ ვორონცოვებსაც, რომლებიც გულში იკრავდნენ ჩვენს თავადაზნაურობას, ინათესავებდნენ, ჩინებს აძლევდნენ, მამულებს უმშვენებდნენ, ოპერის თეატრს უშენებდნენ, წყალსადენი გაჰყავდათ, ქუჩებს უკირწყლავდნენ... და სანაცვლოდ იღებდნენ ყველაფერს, რასაც მოისურვებდნენ. აკი, პირველი ძეგლიც მიხეილ ვორონცოვს დაუდგეს მადლიერმა ქართველებმა, მაღალ კვარცხლბეკზე შეაყენეს, ბრინჯაოსგან ჩამოასხეს. ოქროსგანაც ჩამოასხამდნენ, რომ ჰქონოდათ, უთუოდ გაიმეტებდნენ, მაგრამ სულ ალმასისგანაც რომ გამოეკვეთათ, მაინც ვერ აჯობებდა იმ სხვა ძეგლს, რომელზეც ხუთი დღით ნამეფისნაცვალმა გრიგოლ ორბელიანმა თქვა:

„არის კიდევ სხვა ძეგლი ვარანცოვისა... ეს ძეგლი დიდი ხანია, რაც აღმართულია ჩვენს გულშიო“.

ვორონცოვის ძეგლი
ვორონცოვის ძეგლი

ეს ძეგლი დღესაც დგას ბევრი ქართველის გულში. ამ ძეგლს ვერაფერი დააკლო ვერც 1921 წლის თებერვალმა, ვერც 1924 წლის აგვისტომ, ვერც 1930-იანი წლების წითელმა ტერორმა, ვერც 1989 წლის 9 აპრილმა, ვერც 2008 წლის აგვისტომ... მადლიერი ქართველები არ უკარგავენ „უგანათლებულესსა კნიაზსა მ. ს. ვორონცოვსა“ უშურველად გადმოყრილ ტკბილსა და მსუყე „პრიანიკებს“. არ იყო იმპერიალისტიო, ამბობენ და, თუ ვინმე იმსახურებს თბილისში ძეგლის დადგმასო, პირველ რიგში ვორონცოვიო, ასეთებსაც გაიგონებთ.

რა შეიძლება ამოძრავებდეს დამპყრობელს, როცა არნახულ გულმოწყალებას იჩენს „ტუზემცების“ მიმართ?

დავესესხოთ ჯემალ ქარჩხაძეს, რომელმაც თავისი მოთხრობის ("რაჰათ-ლუხუმი“) პერსონაჟის პირით თქვა: „ოქრო წაიღეთ გურჯისტანში, ბევრი ოქრო წაიღეთ, გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება, ხოლო რაკი მონად გაგიხდება, არც ოქროს დაკარგავ, რადგან შენი მონის ოქრო იგივე შენი ოქროა“.

თუ ვორონცოვი თბილისზე ზრუნავდა, ზრუნავდა როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილზე; თუ ვორონცოვი ქართველი თავად-აზნაურების განათლებაზე ზრუნავდა, ზრუნავდა როგორც რუსეთის იმპერიის მომავალ ჯარისკაცებზე. ნამდვილ პატრიოტებს კი, ისეთებს, როგორიც ალექსანდრე ორბელიანი იყო, ღვარძლიანად ებრძოდა.აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ვეფხისტყაოსნის ერთი ძველი ხელნაწერის ისტორია, რომელზეც გიორგი ლეონიძე წერდა 1935 წელს.

გიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძე

„ხელნაწერი 1853 წელს გაუტანიათ საქართველოდან. მწერალს ალექსანდრე ორბელიანს მაშინდელ მთავარმართებელ მ. ს. ვორონცოვისათვის ძღვნად მიურთმევია. ასე გვიამბობს მის დროისათვის გამოცვლილი ყდის რუსული წარწერა, პლატონ იოსელიანის ხელით შესრულებული. Книга эта „Барсова кожа“ принесена в дар князю М. С. Воронцову князем Александром Орбелиановым. 1 сентября 1853 года. Тифлис. ეტყობა ალექსანდრე ორბელიანს იოსელიანის ხელით და, შეიძლება მისივე რჩევითაც, მიუძღვნია იგი ვორონცოვისათვის (პ. იოსელიანი ვორონცოვის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ ითვლებოდა). ა. ორბელიანი, პატრიოტი, 1832 წლის შეთქმულების ლიდერი, რუსეთის ხელისუფლების სასტიკი მოძულე მწვავე განწყობილებაში იყო ვორონცოვთან, რომელიც ძველ შეთქმულს საიდუმლო მიმოწერას აბრალებდა შამილთან. შეშინებული ორბელიანი ყოველნაირად ცდილობდა ვორონცოვის რისხვის დაწყნარებას და ვფიქრობთ, ჩვენი ხელნაწერი - სწორედ ამ ხანებში გასაჩუქრებული - ა. ორბელიანმა გულისმოსაგებად მიუძღვნა მთავარმართებელს“, - დაასკვნის გიორგი ლეონიძე.

ზოგადადაც ცნობილია, რომ ბევრი წარჩინებული ქართველი ზრუნავდა მეფისნაცვლის გულის მოგებას. ვინ იარაღით ასაჩუქრებდა, ვინ - ძვირფასი ნივთებით და ვინ კიდევ - ძველი ქართული ხელნაწერებით. იმავე პლატონ იოსელიანის ცნობით, ვორონცოვისათვის „უსაჩუქრებიათ [თვით] ერეკლე მეორის შესანიშნავი, მეტად მიმსგავსებული პორტრეტი, პერგამენტზე ნახატი“.

დამპყრობლის გულის მოგებას კიდევ შეიძლება ჰქონდეს რაიმე გამართლება, მაგრამ - მადლიერებას?

შენს ქვეყანაში სხვა ქვეყნის ჯარისკაცი თეატრის სცენაზე გამოტანილი იმ თოფივითაა, რომელიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაისვრის. დამპყრობელი იარაღის გარეშეც სასიკვდილო საფრთხის მატარებელია.

ვასილ ბარნოვი (ქეთევან მაღალაშვილის ნახატი)
ვასილ ბარნოვი (ქეთევან მაღალაშვილის ნახატი)

ვასილ ბარნოვი მოგონებების წიგნში „სამწუხრო ღიმი“ იხსენებს ერთ ამბავს, რომელიც ასე აქვს დასათაურებული: „ბებერიც რუსის წერა ყოფილა!“

ბარნოვის მშობლიურ სოფელ კოდაში უცხოვრია მათუსალას ტოლ ბებერს. „ცხოვრებაში ერთხელ-ორჯერ ჩაეხედა მისთვის სულთამხუთავს ცეცხლიანი თვალებით, მაგრამ გასცდენიყო, არ წაეყვანა, მემრე სულ დაჰვიწყებოდა. ცხოვრობდა უტკივარი, თანდათანა ხმებოდა, ილეოდა. კიდეც დაჰვიწყებოდათ მისი წლოვანებაო“.

ამ ბებერს მიწური ერდო ჰქონია. ფრთებჩამოშვებული, საიდანაც გინდოდა იქიდან ახვიდოდი ბანზეო. წინა მხრიდან მაღალი იყო და ამ კედლის ძირში უყვარდა თურმე ჩამოჯდომა და ძილი.

„ერთხელ რუსის ჯარი იდგა სოფელში“, - იხსენებს მწერალი. - „ერთი რუსი ასცდენოდა ჯარს და დახეტიალობდა სოფელში. ასულიყო ერდოზე, დადიოდა, ხან ერთ ბანში ჩაიხედებდა, ხან მეორეში. მიაღწია დერეფანს, გადადგა ნაბიჯი მოუფიქრებლად და ჩავარდა, ზედ იმ ბებერს დაეცა და გასრისა სიფრიფანა დედაკაცი. რომ დახედეს, თქვეს, ეს ბებერიც რუსის წერა ყოფილაო. რუსი უვნებლად გადარჩა. ადგა და იძახდა: ეშმაკმა ჭამოს ამ ბებრის თავი, აქ რა უნდოდაო!“

გაგონილა? თავის სახლში რა უნდოდაო!

სხვების გამოცდილება იქით იყოს, ჩვენი საკუთარიც გვეუბნება, რომ, რაც უნდა ტკბილი თაფლაკვერი გამოგვიცხოს, რაც უნდა „რბილად“ და თავაზიანად შემოგვთავაზოს და ჩვენც რაც უნდა მადიანად გავილოკოთ თითები, მფარველ ანგელოზად მიღებული მტერი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაგვსრესს და მერე, ჩვენსავე ქვეყანაში, გულუბრყვილოდ იკითხავს, აქ რა უნდოდაო?

https://www.radiotavisupleba.ge/a/jimsher-rekhviashvilis-akhali-blogi-rusis-tsera/29142522.html