თბილისი მზადაა, ძალის არგამოყენების ვალდებულება აიღოს: ჟენევის გარღვევა, თუ კომპრომისის დანაღმული ველი?

2018-03-21 23:12:00
3434

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მოახლოებული 43-ე რაუნდი საქართველოში მწვავე დისკუსიების საგნად რჩება. საქართველოს საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადება, რომლის თანახმად, ამ შეხვედრაზე მონაწილეებმა შესაძლოა, ერთობლივი დეკლარაცია მიიღონ «ძალის არგამოყენების თაობაზე».

ცნობისთვის: მანამდე მმართველი “ქართული ოცნება” ამის შესაძლებლობას ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა.

თბილისში ძნელად თუ გაიხსენებს ვინმე მაგალითს, რომ თითქმის 10-წლიანი არსებობის მანძილზე ჟენევის შეხვედრის წინ მსგავსი პოლიტიკური მღელვარება დაწყებულიყოს. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ჯერ რუსეთის ხელისუფლებისადმი პრემიერ კვირიკაშვილის მიმართვამ განარისხა წინადადებით, ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში “მოჯადოებული წრე გაირღვეს» და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის ჟენევის ფორმატიც კი შეიცვალოს.

 
ეს მღელვარება ჯერ ჩამცხრალი არ იყო და ცეცხლს ნავთი შეასხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა: მან აცნობა რუსულ გამოცემა «Коммерсантъ»-ს, რომ პროცესის მონაწილეებმა შესაძლოა, “ძალის არგამოყენების შესახებ” დეკლარაცია მიიღონ და იქვე დაამატა, რომ ეს არანაირად არ შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსს.


ჟენევის დისკუსიებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ დააზუსტა, რომ ეს მზაობა არავითარ შემთხვევაში არ ხსნის დღის წესრიგიდან იმ პრინციპულ საკითხებს, რომელსაც ქართული მხარე ყოველ შეხვედრაზე აყენებს: დევნილების უპირობო დაბრუნებისა და რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შესრულების თაობაზე.

თავად დეკლარაციის შესახებ კი მან თქვა შემდეგი: «ეს იქნება ყველა მონაწილის პოლიტიკური განცხადება. მის მთავარ დადებით მხარედ მიგვაჩნია ის, რომ ეს იქნება ერთგვარი პროლოგი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე საგნობრივი და ქმედითი დისკუსიების დასაწყებად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ძალის არგამოყენების შესახებ საქართველოს ცალმხრივი ვალდებულებების საპასუხოდ საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების ვალდებულება არ უნდა აიღოს რუსეთმა. და კიდევ: ამ პოლიტიკურ განცხადებას არაფერი აქვს საერთო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსებთან».


თუმცა საქართველოს მეორე დიპლომატის მცდელობები, საკითხში სიცხადე შეეტანა, ფუჭი აღმოჩნდა.

«საქართველო რუსეთთან ძალზე სახიფათო თამაშში ებმება», – თვლიან ყოფილ მმართველ პარტია “ნაციონალურ მოძრაობაში”. მისი ერთ-ერთი ლიდერი – საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკური უწყების კომენტარს “ნერვიულად” აფასებს, ხოლო ქართული მხარის მზაობაში, რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებებთან სიმბოლურ შეთანხმებას მიაღწიოს, საფრთხეების დანაღმულ ველს ხედავს:


«დეკლარაციაში ჩადებული კიდევ ერთი ნაღმი  რაღაც სახით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოხსენიებაა. ეს  ნიშნავს, რომ ჩვენ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის ცვლილებას ვუშვებთ. შეიცვლება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების სტატუსი, რომელიც ამჟამად მხოლოდ კერძო პირებითაა განსაზღვრული. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ჩვენ ვთანხმდებით იმას, რომ მათ საერთაშორისო სამართლის სუბიექტების ნიშნები გაუჩნდეთ».


დღევანდელ საპარლამენტო სესიაზე ეს საკითხი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დეპუტატებმა წამოსწიეს და მოითხოვეს, ჟენევის მორიგ შეხვედრამდე  პარლამენტში განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოცხადდეს. მთავრობის გეგმებით საკუთარი უკმაყოფილება გამოხატა “ევროპულმა საქართველომაც”.

თუმცა მმართველ “ქართულ ოცნებაში” ოპონენტების კრიტიკას უპასუხისმგებლო და საფუძვლო უწოდეს. ის, თუ რაზეა საუბარი, კიდევ ერთხელ განმარტა საპარლამენტო ტრიბუნიდან უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ:


«ჩვენ ამას [ერთობლივი დეკლარაციის მიღებას] განვიხილავთ შესაძლებლობად, ოკუპირებულ  რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები იქნას გამოყენებული, რათა რუსეთმა თავისი ჯარი გაიყვანოს და ძალის არგამოყენების ვალდებულება აიღოს. ამის გარდა, სხვა არაფერი განიხილება და მსჯელობაც სხვა არაფერზე მიდის».

ბევრი დამკვირვებელი საქართველოს ხელისუფლების მცდელობას გაგებით მოეკიდა, თუმცა ხსენებული დეკლარაცია მაინც აშფოთებთ, - ამბობს “საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” ხელმძღვანელი გიორგი მუჩაიძე. არგუმენტად მას ის გარემოება მოჰყავს, რომ რუსეთი მუდმივად არღვევს შეთანხმებებს – როგორც ზეპირს, ისე ოფიციალურს:


«სამწუხაროდ, ქართულ მხარეს არ გააჩნია მტკიცე  და გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკური სტრატეგია. “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”  რუსეთზე ზეწოლასა და საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევის პრევენციას ისახავს მიზნად.  ამავდროულად, საქარველო დგამს ნაბიჯს, რომელიც, რეალურად, ვერანაირად აუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთს კი ანიჭებს შესაძლებლობას, საერთაშორისო არენაზე საკუთარი თავის პოზიტიურად პოზიციონირება მოახდინოს» (https://www.ekhokavkaza.com/a/29113742.html).

ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რიგით 43-ე რაუნდი 27-28 მარტისთვისაა დაგეგმილი.