"საქართველოს სახელმწიფოებრიობის დეგრადირება-გაქრობის ბოლო სტადიის მოწმენი ვხდებით "

2018-03-13 21:28:20
604

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ამერიკულ-ქართული სამედიცინო ასოციაციის (GAMPHA) პრეზიდენტი ზურაბ გურული ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"ფაქტია რომ "სითი პარკის " თავხედურ-ყეყეჩური კომპანიის დაჩაგვრით მიღებული სიამოვნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია დღეს ბევრი თბილისელისთვის, ვიდრე ის ფაქტი, რომ მოწმენი ვხდებით საქართველოს სახელმწიფოებრიობის დეგრადირება-გაქრობის ბოლო სტადიის.

მთავარი მავნებლის მიერ პრემიერად წოდებულმა გიორგი კვირიკაშვილმა პრაქტიკულად დააანონსა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პროცესის დაწყება, რისთვისაც გადადგა ყველაზე მთავარი, ფუნდამენტური ნაბიჯი, საერთაშორისო დიპლომატიური ლეგიტიმაცია მიანიჭა სეპარატისტული რეგიონების ე.წ. მთავრობებს, რომელთა არსებობას იურიდიულად არ სცნობს პროგრესული დასავლეთის არცერთი ქვეყანა. რუსეთის პრეზიდენტისათვის მისი გაგზავნილი ოფიციალური წერილი, რასაც წინ უძღოდა სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ამ მიმართულებით, მათ შორის ჟენევის ფორმატის ჩამოკარასინება და საქართველოს პარლამენტში ოფიციალური განცხადების გაკეთება , რომ უშუალოდ დაიწყებს სეპარატისტულ, უკანონო მთავრობებთან პოლიტიკურ ურთიერთობას, გვაძლევს საფუძველს, რომ გადაუჭარბებლად, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე მივცეთ კვირიკაშვილის ქმედებას სახელმწიფო ღალატის იურიდიული სტატუსი. დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკური ვითარება დიამეტრულად არის შეცვლილი ამერიკის ახალი მთავრობის მკვეთრი და გადამწყვეტი მოქმედებების გამო. პლანეტის ყველაზე სასტიკ, დაუნდობელ და რეგრესულ რეჟიმებს უკვე მიეცა პირუთვნელი შეფასება და დასავლური სამხედრო ბლოკი უკვე მუშაობს ახალ დოქტრინაზე, რის ერთერთ პრაქტიკულ დადასტურებას წარმოადგენს სირიაში უყოყმანოდ განადგურებული რუსული დაქირავებული ტერორისტების ბანდაც. ამერიკას სათავეში უდგას პრეზიდენტი, რომელმაც ყოველგვარი დიპლომატიური პირფერობის გარეშე უთხრა სათქმელი მსოფლიოს ყველა ლიდერს. ამერიკის შეერთებული შტატები სრულად და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეუმჩნეველი არ დარჩენია და არ დარჩება მისი პარტნიორისა და მოკავშირის წინააღმდეგ გადადგმული არცერთი ნაბიჯი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნუ ექნებათ ყალბი იმედი ნურც საქართველოს მთავარმავნებელს და ნურც მის მარიონეტებს, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის მეორე უდიდესი ღალატი პასუხგაუცემელი და დაუსჯელი დარჩება. ისინი პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით და ამაზე პასუხისმგებელი იქნება ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო. საქართველოს ე.წ. მთავრობას აქვს შანსი დააღწიოს თავი ამ პასუხისმგებლობის უმაღლეს მუხლებს პრემიერისა და მისი გუნდის დაუყოვნებლივ გადადგომით!"