გუდიაშვილის მოედანი და 50-მლნ-იანი უტენდერო შესყიდვა: "ევროპული საქართველო" განმარტებებს მერის მოადგილისგან ისმენს

2018-02-20 11:08:48
707

თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრები დედაქალაქის მერის მოადგილესა და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს ხვდებიან. მერიის მაღალჩინოსნები ოპოზიციურმა  პარტიამ გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაციის საკითხზე განმარტებებისთვის დაიბარა.

მერის მოადგილეებმა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს უნდა განუმარტონ, როგორ აპირებს მერია ქალაქის ძველი უბნის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 50 მილიონი ლარის დახარჯვას.

დეპუტატები გუდიაშვილის სკვერის სარეაბილიტაციო პროცესში კორუფციის ნიშნებს ხედავენ და განმარტავენ, რომ ხელშეკრულების გაფორმება ტენდერის გარეშე, ხელისუფლებისთვის სასურველ კომპანიასთან იგეგმება.

,,შეკითხვები არის ბევრი: როგორია პროექტი, როგორ არის დაგეგმილი სამუშაოები, რატომ არის მოთხოვნილი გამარტივებული შესყიდვა, ანუ ერთ პირთან მოლაპარაკება? რა პროცესთან გვაქვს საქმე, რა ეტაპებით განხორციელდება სამუშაოები? - საზოგადოებამ ამ კითხვებზე პასუხი უნდა იცოდეს“- აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი.

მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმება იმით არის განპირობებული, რომ საქმე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებს ეხება.

მისივე თქმით, "უფრო მნიშვნელოვანია, სამუშაოები შეასრულოს გამოცდილმა კომპანიამ, ვიდრე პროექტის განხორციელებისას მოხდეს მცირე ეკონომია". 

,,რატომ არა ტენდერი? - აქ უამრავი ნიუანსი არის, მაგრამ ერთ-ერთი არგუმენტია, რომ ვინაიდან კულტურული სტატუსის მქონე შენობებზე გვაქვს საუბარი, აქ არ შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ ღირებულება იყოს განმსაზღვრელი და ტენდერში მიღებულმა თუნდაც მცირედმა ეკონომიამ მეტი ზიანი მოგვაყენოს. ჩვენთვის მთავარია, მოხდეს ისეთი კომპანიის შერჩევა, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით“- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.