"ნატო ითხოვს, რომ შეიარაღებისთვის ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ"

2018-02-13 10:32:40
353

"ნატო ითხოვს, რომ შეიარაღებისთვის ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ", –ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში უკვე მოხდა ოპტიმიზაცია, რის შემდეგაც ადმინისტრაციული და სახელფასო ხარჯი 65%-დან 53%-მდე შემცირდა.

იზორიას თქმით, ამ ცვლილებით 2018 წლის სახელფასო ბიუჯეტი ნატოს სტანდარტს მიუახლოვდა - პარალელურად, გაიზარდა შეიარაღების შესყიდვის ხარჯები.

"გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რითაც მკაფიოდ და კონკრეტულად შემიძლია ვთქვა, რომ ვაკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს. კერძოდ ჩვენ ოპტიმიზაცია დავიწყეთ იმ მიზნით, რომ თანხები მიგვემართა უმეტესწილად, თავდაცვისუნარიანობის შეიარაღების გასაძლიერებლად ამ თვალსაზრისით სახელფასო ხარჯების 53% მიემართება მხოლოდ ხელფასებსა და სოციალურ დახმარებებზე, რაც არის ნატოს სტანდარტი",-განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ჯაველინების შეძენის საკითხზეც ისაუბრა. 

"მივმართეთ დიდწილად თანხები შეიარაღებაზე კერძოდ, იცით,რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, რასაც ვაკმაყოფილებთ, შეიარაღებისთვის ნატო ითხოვს, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ და ეს არის ისტორიული მოვლენა, ისტორიული მოვლენაა, რომ წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ჯაველინების სისტემაზეა საუბარი, ვასრულებთ, საფრანგეთთან ანტისაჰაერო სისტემის შეძენას, რომელიც პირველი ფაზით იყო გათვალისწინებული და გადავდივართ მეორე ფაზაზე",-განაცხადა იზორიამ.