დონალდ ტუსკი: “პოლონეთის მთავრობამ შესაძლოა, ქვეყანა ევროკავშირიდან გაიყვანოს”

2018-01-12 14:39:57
395

პოლონეთის მთავრობა შესაძლოა, ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანას შეეცადოს, თუ მისი მხრიდან ინვესტიციები შეწყდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონეთის მმართველი პარტია “კანონისა და სამართლიანობისათვის” ევროკავშირის მთავარ უპირატესობას დაფინანსებაში ხედავს, ხოლო ისეთი ასპექტების მიმართ, როგორიცაა საერთო ბაზარი და უსაფრთხოება, ზერელე დამოკიდებულება აქვს.

ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ბრიუსელს სურს, პოლონეთი ევროკავშირის ქვეყნების რიგებში რჩებოდეს”.


ცნობისთვის: გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების პროცედურა აამოქმედა. ეს ნაბიჯი ქვეყანაში კანონის უზენაესობის ნორმების დარღვევის საპასუხოდ გადაიდგა. პოლონეთში მიმდინარე სასამართლო რეფორმა შესაძლებლობას იძლევა, ზოგიერთი მოსამართლე პარლამენტში კენჭისყრის საფუძველზე დაინიშნოს. ევროკომისია თვლის, რომ ეს “მესამე ხელისუფლების” დამოუკიდებლობის დარღვევისა და სასამართლოს პოლიტიკოსებს დაქვემდებარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

პოლონეთის მიმართ ევროპული კავშირის შესახებ შეთანხმების მე-7 პუნქტის ამოქმედება გადაწყდა, რაც ითვალისწინებს სანქცირებას, ევროკავშირში პოლონეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის ჩათვლით.

პოლონეთის ხელისუფლებამ ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა და რეფორმების გაგრძელების განზრახვის შესახებ განაცხადა. ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს კორუფციასთან ბრძოლას შეუწყობს ხელს.