ფოთის თიზ–ს 75%-იანი წილი გასხვისდა: რამდენს გადაიხდის ჩინური კომპანია?

2017-09-19 15:44:44
511

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის შეძენაში ჩინური კომპანია CEFC $10 მლნ-ს გადაიხდის. 


როგორც "საქმის კურსს" ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, შეთანხმების თანახმად, კომპანია CEFC-მ ფოთის თიზ-ში $150 მლნ-ის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობასა და უმსხვილეს ჩინურ კომპანია CEFC-ის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გუშინ, ჩინეთში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე გაფორმდა, სადაც ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარიაც იმყოფება. 

"შეთანხმება ითვალისწინებს კომპანია CEFC-ის მიერ ფოთის ინდუსტრიული ზონის მართვას, ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 %-ის გასხვისებას, რომელიც დღეს სახელმწიფოს ეკუთვნის. ფოთის ინდუსტრიული ზონა არის ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი და მისი გაცოცხლება, მისი აქტიური ამუშავება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით, ასეთი მსხვილი ჩინური კომპანიის გამოჩენა ჩვენს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმატების მომტანი იქნება. ვფიქრობთ, რომ ამ კომპანიას შესწევს უნარი, ძალა და ცოდნა იმისთვის, რომ მსგავსი რთული და მსხვილი პროექტები მართოს. უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ამ პროექტის განხორციელებაზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.