დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

2017-06-08 09:46:05
952

დიდ ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე გაიხსნება.

650-მანდატიან თემთა პალატაში ადგილების მოსაპოვებლად კონსერვატიული, ლეიბორისტული, ლიბერალ- დემოკრატიული, მწვანეთა და დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიები, ასევე შოტლანდიის ეროვნული პარტია და უელსის „ფლეიდ ქამრი” იბრძვიან. 

650 ოლქიდან 59 - შოტლანდიის, 40 კი უელსის მანდატია. თითოეული საპარლამენტო ოლქიდან თემთა პალატის ერთ წევრს ირჩევენ. ოლქში გამარჯვებულად სახელდება ის კანდიდატი, რომელიც  კონკურენტებთან შედარებით, მეტი ხმის მიღებას შეძლებს. 

თემთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად 326 მანდატია აუცილებელი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული რაოდენობის მანდატის მოპოვებას ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს, მათ  კოალიციის ჩამოყალიბების საშუალება ეძლევათ.

ალტერნატივას წარმოადგენს უმცირესობით წარმოდგენილი მთავრობა, თუმცა ეს მმართველობის ნაკლებად პოპულარული ფორმაა. 

არჩევნებში მონაწილეობის უფლება დიდი ბრიტანეთის 18 წელს მიღწეულ რეგისტრირებულ მოქალაქეებს აქვთ.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 22:00 საათზე დაიხურება. ხმების დათვლის პროცესი კი ამის შემდეგ უახლოეს საათებში დაიწყება - არაუგვიანეს 9 ივნისის 02:00 საათისა. 

თემთა პალატის ახალი შემადგენლობის ფორმირება 13 ივნისს მოხდება. 19 ივნისს კი ახლადარჩეული თემთა პალატის პირველი სესია გაიმართება.