«საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია შეიძლება, მიმზიდველიც კი აღმოჩნდეს ირანისთვის»

2017-03-13 21:45:51
1815

"აქცენტის" ინტერვიუ აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის მკვლევარ ჰამიდ კაზემზადესთან.


- საერთაშორისო კონფერენციაზე „რელიგია და რბილი ძალა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეთ, რომ ირანს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ „პრაგმატული პოლიტიკა“ აქვს. ექსპერტების შეფასებით, ირანი ამ ეტაპზე აღნიშნული რეგიონის მიმართ თავის აქტიურ ინტერესებს არ გამოხატავს, რადგან თეირანს მოსკოვის ინტერესების სფეროში შეჭრა და მასთან დაპირისპირება არ სურს. თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა, ეს მიდგომა სამომავლოდ შეიცვალოს?

– არ ვფიქრობ, რომ ირანის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში შეიცვლება. ირანი პრაგმატულ პოლიტიკას არა მხოლოდ რუსეთის ფაქტორის გამო, არამედ მისი ძალაუფლებიდან გამომდინარეც ახორციელებს, რადგან ზოგჯერ მას არ შეუძლია ზეგავლენის მოხდენა და ამასთანავე, აქვს კარგი ეკონომიკური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან.

– მიუხედავად საგარეო პოლიტიკური ფაქტორებისა, ირანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სტაბილური მხარდამჭერია. თქვენი აზრით, რამდენად მისაღებია ირანისთვის საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია და სურვილი, გახდეს ნატოს წევრი?

– ირანი რეგიონში ნატო–ს შემოსვლის წინააღმდეგია. მაგრამ ირანს საზღვარი აქვს ნატო–სთან, - ვგულისხმობ თურქეთს. ნატო–ს აქვს რამდენიმე ბაზა ირანის საზღვრებთან (ვგულისხმობ თურქეთს და ბაჰრეინს). თუ საქართველო შეძლებს და გახდება ნატოს წევრი, ირანს ეს საკითხი არ აღელვებს, მაგრამ ის შეიძლება, უფრო სენსიტიური იყოს აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ.


რაც შეეხება ზოგადად საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას, ირანმა შეიძლება, მხარიც დაუჭიროს ამ მისწრაფებას. ეს შეიძლება, მიმზიდველიც იყოს ირანისთვის, რადგან თუ საქართველო შეძლებს, გახდეს ევროკავშირის ნაწილი, ეს ირანისთვის ევროპაში ექსპორტს გააადვილებს.


–როგორ დაახასიათებდით საქართველოსა და ირანს შორის სადღეისოდ არსებულ ურთიერთობას? და რას იტყოდით აშშ–ის ფაქტორზე საქართველო–ირანის ურთიერთობებში (2015 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სთხოვა თბილისს, „ჯერ-ჯერობით თავი შევიკავოთ ირანთან სრულმასშტაბიანი თანამშრომლობისგან“, სანამ თეირანი ივლისში ვენაში გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს სრულად არ შეასრულებს)?

– ჯერ კიდევ ბირთვულ ხელშეკრულებამდე საქართველოს ახალმა მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში საააკაშვილის რეჟიმის შემდეგ მოვიდა, გააუქმა უვიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისათვის. აღნიშნულის ერთ–ერთი განმაპირობებელი იყო აშშ–დასავლეთის და უფრო აშშ–ის ფაქტორი. ამერიკას ქართულ–ირანულ ურთიერთობებზე ზეგავლენა შეუძლია. ვფიქრობ, ეს კარგი არარის, იმიტომ, რომ საქართველო, რომელიც კავკასიაში მდებარეობს, უნდა ხედავდეს რეგიონს მისი ზოგადი გეოპოლიტიკური და არა მხოლოდ ამერიკული გეოპოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე.

 
სააკაშვილს შეეძლო, გაჰმკლავებოდა ურთიერთობას ირანთანაც და აშშ–სთანაც. მისი მმართველობის პერიოდში საქართველოსა და ირანს შორის მაღალი დონის ურთიერთობა იყო, აშშ–ის პრეზიდენტი საქართველოს სწორედ მისი [სააკაშვილის] პრეზიდენტობის დროს ეწვია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სრულიად შესაძლებელია ურთიერთობები ირანთანაც და აშშ–თანაც, საერთო ინტერესების გათვალისწინებით.

 
– რა შესაძლებლობები გაეხსნა საქართველოს ირანისთვის სანქციების მოხსნის შემდეგ?

 
– ვფიქრობ, ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ვაჭრობის გაუმჯობესებაა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ბირთვული ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ 50 %–ზე მეტი ზრდა გვაქვს ირან– საქართველოს სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთბებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 
რაც შეეხება ენერგოსექტორს, ვხედავთ, რომ ამ კუთხით საქართველოში აზერბაიჯანი დომინირებს, მაგრამ ირანს შეუძლია, სულ მცირე, იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა ამ კუთხით სამომავლოდ.


– საქართველოში მოქმედებს ირანელი სასულიერო ლიდერის - აიათოლა სეიდ ჯავად შაჰრისტანის ფონდი. აქვს თუ არა ამ ფონდს რაიმე კავშირი ირანის მთავრობასთან?

 
– ვერ ნახავთ ვერც ერთ რელიგიურ ფონდს საქართველოში (ვგულისხმობ შიიტურ რელიგიას), რომელსაც რაიმე კავშირი აქვს ირანის მთავრობასთან. რა თქმა უნდა, მათ კავშირი აქვთ ირანში, ერაყში და ა.შ. მოქმედ შიიტურ ინსტიტუტებთან, მაგრამ ეს არ არის სამთავრობო და სახელმწიფო დონის კავშირები.

 
–თქვენი აზრით, რა შეიცვლება ირანისადმი შეერთებული შტატების მიდგომაში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში?


–თუ ორივე ქვეყნის მთავრობები შეძლებენ ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას, ეს ძალიან კარგი იქნება აშშ–ირანის ურთიერთობებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამას უარყოფითი ზეგავლენა ექნება არა მარტო იმ ქვეყნებზე, რომელთაც შეთანხმებას მიაღწიეს, არამედ მთელს რეგიონზე. მე არ ვგულისხმობ ომს ან მსგავს რაიმეს, ვგულისხმობ ეკონომიკურ ვითარებას. ჩვენ შეგვიძლია, ვიხილოთ ახალი სანქციები ირანის წინაარმდეგ და ამას შეიძლება, აურყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს ეკონომიკის კუთხით სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებზე.

 ახალი ამბების სააგენტო "აქცენტი"
მარიკა ჩუბინიძე