გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის დღესთან დაკავშირებით, სპეციალური ბროშურა გამოიცა

2015-11-20 12:04:04
2260

დღეს “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის დღესთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებებზე გამოცემული პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართება.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ბროშურა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ რესურსს წარმოადგენს, სადაც მარტივი ენით არის აღწერილი ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ.

პუბლიკაცია სატრენინგო კურსის, „უფლებების კომპასის“ ფარგლებში გამოიცა. პროექტი ცენტრის მიერ მთელი წლის მანძილზე ხორციელდებოდა და საქართველოს 4 ქალაქის (თბილისი, ბორჯომი, ხაშური, ახალციხე) 11 საჯარო სკოლის 120 ბენეფიციარს მოიცავდა.

აქტივობაში 10–13 წლის ასაკობრივი ჯგუფი იყო ჩართული. მოზარდები ტრენინგების საშუალებით მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეცნობოდნენ. კერძოდ, – დემოკრატია, მოქალაქეობა, დისკრიმინაცია, ბავშვის უფლებები და ა.შ. ერთობლივი მუშაობის შედეგად მონაწილეებმა ზემოთაღნიშნულ საკითხებზე ილუსტრაციები შექმნეს, რომელიც ბროშურაშია გამოყენებული, როგორც მოზარდების ხედვა. პრეზენტაციას, ბავშვის უფლებების საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან.

ღონისძიების სტუმრები იქნებიან – პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი და საქართველოს ეროვნული რაგბის წევრი ბექა წიკლაური. სპორტსმენები მოზარდებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ბულინგის (ბულინგი – ძალადობა და აგრესიული ქცევა, როდესაც ძლიერი ჩაგრავს სუსტს) თემასთან დაკავშირებით, რომელიც სტატისტიკის მიხედვით ყველაზე პრობლემური საკითხია მოზარდებს შორის. ღონისძიების ბოლოს, ტრენინგ კურსის “უფლებების კომპასის“ ფარგლებში მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.