საქართველოს საპატრიარქო ახალგორში «ალანიის ეპარქიის» ახალი ტაძრის მშენებლობის შესახებ ინფორმირებული არ იყო

2016-06-22 21:21:14
2361

ახალგორში, ტერიტორიაზე, რომელიც ძველ სასაფლაოს ესაზღვრება, «ალანიის ეპარქიის» ძველი, ბერძნული სტილის ტაძარი შენდება. ეს პირველი ეკლესია იქნება რაიონში, რომელიც არ დაექვემდებარება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ტაძრის კედლები სანახევროდ უკვე ამოყვანილია. ოსი სასულიერო პირების განცხადებით, მშენებლობა «ალანიის ეპარქიისა და პირადად მამა იაკობის» მეთვალყურეობით, ახალგორის რაიონის მკვიდრი ძმების, წარმატებული მოსკოველი ბიზნესმენების ჯამბულ და დავით ქარქუსოვების დაფინანსებით მიმდინარეობს.

იმის გარკვევა, იყო თუ არა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული ქართული მხარე და რამდენადაა შესაძლებელი, სამომავლოდ ოსურმა ეკლესიამაც წამოაყენოს ავტოკეფალიის მოთხოვნ, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად აყენებს «აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია», „აქცენტი“ გორისა და ატენის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე ანდრიასთან (გვაზავა) შეეცადა.

როგორც მეუფე ანდრიამ განმარტა, ზემოთხსენებული ტაძრის მშენებლობა ქართულ ეკლესიასთან არათუ შეთანხმებული არ იყო, აღნიშნულის შესახებ საპატრიარქო ინფორმაციასაც კი არ ფლობდა.

აღნიშნულის შესახებ პირველად თქვენგან შევიტყვე. მოგეხსენებათ, ცხინვალი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ტერიტორია და, რა თქმა უნდა, ეკლესიის მშენებლობა უნდა წარიმართოს სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, წინააღმდეგ შემთხვევაში საღმრთო ლიტურგია მადლმოსილი ვერ იქნება. რაც შეეხება იმას, რომ მშენებარე ეკლესია ე.წ. ალანიის ეპარქიის დაქვემდებარებაში იქნება, ეს ჩემთვის სათუო საკითხია, რადგან ეს ის ეპარქიაა, რომელიც წარმოადგენს საბერძნეთში განხეთქილებაში მყოფი სინოდის სტრუქტურას, ეს უკანასკნელი კი თავადაც არაკანონიერი წარმონაქმნია და თუკი «ალანიის ეპარქია» თავის თავს აღიქვამს რუსეთის ეპარქიის შემადგენელ ერთეულად, ამის შესახებ ჩვენ არანაირი სახის დოუნენტი ან მტკიცებულება არ გვაქს,“–განუცხადა „აქცენტს“ მეუფემ.

ამასობაში ახალგორელები ტაძრის მშენებლობას სიხარულით შეხვდნენ: მათი განცხადებით, ქარქუსოვების ოჯახს კარგი რეპუტაცია აქვს და რაიონში ძმების შესახებ მხოლოდ კარგი სმენიათ.

რაც შეეხება ახალგორის რაიონში «ალანიის ეპარქიის» მოსვლას, ადგილობრივები თვლიან, რომ გათვლა კეთდება ოსურ მრევლზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებიდან გავა. თუმცა ახალგორელები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ – ვინც მოისურვებს, გადავაო:

«ის ოსებიც კი, ვისაც ქართული არაფერი მოსწონთ, დადიან ქართულ ეკლესიაში და მათ შორის ყველაზე ღრმად მორწმუნეებიც არიან – არ აცდენენ არც ერთ ღვთისმსახურებას, იცავენ მარხვას. არა მარტო ისინი, რუსი სამხედროებიც კი თავის ოჯახებთან ერთად დადიან ქართულ ეკლესიაში. ცხინვალიდან ქალთა მონასტერში ჩამოდიან ოსი ქალები, რათა ერთი-ორი კვირა სამონასტრო ცხოვრებით იცხოვრონ. მონასტერს დიდი მეურნეობა აქვს – ძროხები, ცხვრები, ქათმები, ბოსტნები...ქალები მონაზვნებს ამ ყველაფრის მოვლაში ეხმარებიან».

იმ ცხინვალელებს შორის კი, ვინც საქმის კურსშია მშენებლობის შესახებ, დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. არიან ისეთებიც, ვინც მშენებლობას ეწინააღმდეგება. ისინი ამბობენ, რომ ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ «რაიონში არსებული ყველა ეკლესია უნდა ჩამოერთვას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და გადაეცეს ალანიის ეპარქიასო». 

მათივე აზრით, ეპარქიას «ამის მორალური უფლება აქვს, რადგან თავის დროზე ქართველმა პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა თანამემამულეები ოსების მკვლელობისთვისო». სხვები პირიქით, ამას დაუშვებლად მიიჩნევენ და პოლიტიკური მოსაზრებებით ნაკარნახევ ნებისმიერ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ამასთან, ისინი იხსენებენ მამა იაკობის სიტყვებს იმის შესახებ, რომ «ალანიის ეპარქია და ლენინგორის [ახალგორის] რაიონის ქართველი სამღვდელოება მშვიდობიანად თანაარსებობენ, მიუხედავად ყველაფრისა». http://www.ekhokavkaza.com/a/27797775.html

თავის მხრივ, ოსი საზოგადო მოღვაწე თემურ ცხურბატი თვლის, რომ «თუ ოსებს ახალი ტაძარი სურთ, დაე, ააშენონ, მაგრამ ოსებისა და ქართველების ყველაფერ დანარჩენთან ერთად, ქრისტიანული მოტივებით დაყოფაც არასწორია»:

«დიახ, ილია მეორეს გაუკეთებია გაუმართლებელი განცხადებები, მაგრამ მათი გაღრმავება-გაზვიადება საჭირო არ არის. ოსები ქართულ ტაძრებშიც დადიოდნენ, მიეჩვივნენ და დაე, იარონ. ცხინვალში სომხური ეკლესიაც იყო, მოგვიანებით იგი ქართულად იქცა, ახლა - ოსურად. და რა? მორწმუნე ადამიანისთვის პრინციპული არ არის, ალანურ ტაძარში ილოცებს თუ არაალანურში».