<<კრუნკმა>> <<აფხაზეთში სომხური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის>> შექმნის შესახებ გამოაცხადა

2016-05-17 15:40:38
2241

სომხურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია <<კრუნკმა>> <<აფხაზეთში სომხური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის>> შექნის შესახებ გამოაცხადა.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, <<აფხაზეთი მსოფლიოს ერთ–ერთი მცირე სახელმწიფოა, თუმცა მრავალეროვნული და სომხები, როგორც მისი ძირძველი მოსახლეობა, უხსოვარი დროიდან აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზური სახელმწიფოს განვითარებაში>>.

<<აფხაზეთის სომხობა მოძმე აფხაზ ხალხთან მხარდამხარ იბრძოდა ბიზანტიიის იმპერიის, არაბული და თურქული ბატონობის წინააღმდეგ, აფხაზებთან ერთად აფართოებდა აფხაზური სახელმწიფოს საზღვრებს სურამის ქედამდე. რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ჩვენი უფლებები იზღუდებოდა, სომხურ მოსახლეობას არ ეძლეოდა კულტურული და სულიერი განვითარების შესაძლებლობა, ამის გამო ვერ ხერხდებოდა სომხური ეკლესიის მშენებლობა, იკრძალებოდა სომხური სკოლები.

სომხური მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა ქართული ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ათასობით სომეხი აფხაზეთის გმირად იქცა, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ახალ – აფხაზურ ფაშიზმს შეეჯახა. მრავალტანჯული და შრომისმოყვარე სომხური მოსახლეობა კვლავაც ითმენს აფხაზეთის ხელისუფლების თავდასხმებს. ეს უკანასკნელი გამიზნულად ამცირებს სომხური მოსახლეობის რიცხოვნობას, კვლავაც არ გვაძლევს სომხური ეკლესიების მშენებლობის ნებართვას, არ მიესალმება სომხური სკოლების, თეატრების, კულტურული ცენტრების გახსნას. აფხაზეთის სომხურ მოსახლეობას დამოუკიდებლობისთვის იმ მიზნით არ უბრძოლია, რომ მისი უფლებები ილახებოდეს>>, – ნათქვამია <<კრუნკის>> განცხადებაში.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ახლადორგანიზებული საზოგადოებრივი მოძრაობა <<კრუნკი>> და აფხაზეთის სომხური ინტელიგენცია აცხადებენ, რომ <<აფხაზეთის ძირძველ სომხურ მოსახლეობას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლები გააჩნია ეროვნულ–კულტურული ავტონომიის შესაქმნელად>>.

<<ამ ავტონომიის შექმნა აფხაზეთში აუცილებელია სომეხი ხალხის ეთნოკულტურული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ეს ასევე ხელს შეუწყობს ეროვნებათაშორისი სტაბილურობის მიღწევას და ეთნიკურ საფუძვლებზე შესაძლო კონფლიქტების პრევენციას. ეროვნულ–კულტურული ავტონომიის შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება საგარეო და საშინაო ვაჭრობის საკითხებში, საგარეო პოლიტიკური შეთანხმებების დამოუკიდებლად გაფორმება, თვითმყოფადობის შენარჩუნება, ენის, განათლებისა და ეროვნულ–კულტური განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის სომხური მოსახლეობა არ წარმოადგენს ეროვნულ უმცირესობას, ამ ეტაპზე იგი კმაყოფილდება ეროვნულ–კულტურული ავტონომიის შექმნის მოთხოვნით. რაც შეეხება ავტონომიის ტერიტორიას, გულრიფშის, ოჩამჩირეს და ტყვარჩელის რაიონებში ქართული მოსახლეობის განდევნის შემდეგ სომხური გადამწყვეტ უმრავლესობას წარმოადგენს>>– ნათქვამია განცხადებაში.

<<კრუნკის>> ინფორმაციით, სომხური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის შექმნის შესახებ კანონპროექტი გადაეცემა დე–ფაქტო დეპუტატებს გალუსტიანსა და იაილიანს აფხაზური პარლამენტის მიერ განსახილველად.

<<ჩვენ – <<კრუნკის>> წევრებს იმედი გვაქვს, რომ მოძმე აფხაზი ხალხი გაგებით მოეკიდება მრავალტანჯული სომეხი მოსახლეობის მოთხოვნებს და გამოგვიყოფს ზემოაღნიშნულ რაიონებში ეროვნულ–კულტურულ ავტონომიას. ეს საწინადარი გახდება აფხაზური სახელმწიფოებრიობის პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისა და ხელს შეუწყობს ორი უძველესი მოძმე ხალხის მეგობრობის განმტკიცებას>>–დასძენენ განცხადების ავტორები.